პრეს-რელიზი

ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის ვიდეოს მიმართვა

10 დეკემბერი 2022

ნიუ-იორკი, 10 დეკემერი

"მსოფლიო ადამიანის უფლებების უპრეცედენტო და ურთიერთდაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგას.

შიმშილი და სიღარიბე იზრდება, რაც ასობით მილიონი ადამიანის ეკონომიკური და სოციალური უფლებების შელახვას იწვევს.

სამოქალაქო სივრცე ვიწროვდება.

მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში.

ინსტიტუციებისადმი ნდობა ორთქლდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

COVID-19-ის პანდემიას შედეგად მოჰყვა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დონის ზრდა.

რასიზმი, შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია მძვინვარებს.კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და დაბინძურების სამმაგი პლანეტარული კრიზისიდან გამომდინარე ადამიანის უფლებების დაცვის ახალი გამოწვევები ჩნდება.

ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ იმის გააზრებას, თუ რა საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს ზოგიერთი ახალი ტექნოლოგიები.

განსაცდელის დრო მოგვიწოდებს განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება ადამიანის ყველა უფლების მიმართ, მათ შორის სამოქალაქო, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებების ჩათვლით.

მოქმედებისკენ მოწოდების ინიციატივა, რომელიც 2020 წელს წამოვიწყე, ადამიანის უფლებებს ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების გადაწყვეტის ცენტრში აყენებს.

წარმოდგენილი ხედვა აისახება ჩემს მოხსენებაში 'ჩვენი საერთო დღის წესრიგი', რომელიც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური კონტრაქტის განახლებას მოითხოვს.

მომავალ წელს ადამიანის უფლებათა ისტორიული საყოველთაო დეკლარაციის 75 წლისთავი მოქმედების შესაძლებლობად უნდა იქცეს.

მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს და სხვებს, დააყენონ ადამიანის უფლებები დღევანდელი დამაზიანებელი ტენდენციების უკუქცევისთვის მიმართული ძალისხმევის ცენტრში.

ადამიანის უფლებები ადამიანის ღირსების საფუძველია და მშვიდობიანი, ინკლუზიური, სამართლიანი, თანასწორი და აყვავებული საზოგადოებების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ისინი წარმოადგენს გამაერთიანებელ ძალას და გაერთიანებისადმი მოწოდებას. ისინი ასახავს ყველაზე ფუნდამენტურს, რაც გვაერთიანებს - ჩვენს საერთო ადამიანურობას.

ადამიანის უფლებათა ამ დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ყველა უფლების უნივერსალურობასა და განუყოფლობას, რადგან მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებებს ყველასთვის."

ვიდეო ბმული: https://youtu.be/6KKCS2Rlu-8

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით