პრეს-რელიზი

პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის ხაზს უსვამს თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობას

28 თებერვალი 2023

პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ ყოველწლიურ დისკუსიაში გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელსაც მხარს უჭერენ გაეროს განვითარების პროგრამა, დანია და  შვედეთი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით



 

თბილისში გაიმართა ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის, რომელიც წელს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებითა და დანიისა და შვედეთის მხარდაჭერით.

ქალებისა და ახალგაზრდების პოლიტიკური გაძლიერებისა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეის გარშემო გაერთიანებულ ფორუმს 350-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

ფორუმს უმასპინძლეს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

ფორუმის მონაწილეებს მიესალმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

სიტყვით გამოვიდნენ შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი.

პანელური დისკუსიების მონაწილეებმა განიხილეს გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური საკითხები. ასევე გაიმართა მსჯელობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.

დისკუსიებს გაუძღვნენ პარლამენტის წევრი ხატია წილოსანი (პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“), პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი (პოლიტიკური პარტია „ლელო“), პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე (პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი, და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

ფორუმი დასრულდა ახალგაზრდული ჯგუფების გამოსვლით, რომლებმაც მმართველობაში თანასწორობის გაზრდის გზებზე ისაუბრეს და საქართველოს სამომავლო პოლიტიკის საკუთარი ხედვა წარმოადგინეს.

„უწყვეტი პროგრესი გენდერული თანასწორობის მიმართულებით აუცილებელია საქართველოს დემოკრატიისთვის, განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ყოველწლიური ფორუმი ქმნის დისკუსიის პლატფორმას, სადაც პოლიტიკოსებს, თანამდებობის პირებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეუძლიათ ერთმანეთს იდეები გაუზიარონ და ერთად იმუშაონ თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის შესაქმნელად. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური პოლარიზების პირობებში, როდესაც გენდერული თანასწორობის მიღწევამ შესაძლოა, თავისი პრიორიტეტული მნიშვნელობა დაკარგოს. შვედეთი განაგრძობს გენდერული თანასწორობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოში, სადაც ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს შორის თანამშრომლობა და სამოქალაქო საზოგადოების სრული და თავისუფალი ჩართულობა გადამწყვეტ მნიშვნელობას ინარჩუნებს“, - განაცხადა ულრიკ თიდესტრომმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში.

„თანასწორობა პოლიტიკაში ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, ქმნის საერთო კეთილდღეობას ყველა მოქალაქისთვის და დადებითად აისახება მთლიანად საზოგადოებაზე. შვედეთთან, დანიასთან და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, UNDP მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის საკითხებში შეთანხმებული პოზიციის მიღწევას როგორც პოლიტიკურ პარტიებში, ისე მმართველობის ყველა დონეზე“, - თქვა ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

###

პოლიტიკურ ფორუმის ხელშეწყობა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორი მიმდინარე ინიციატივის ფარგლებში - შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის“ და დანიის მიერ დაფინანსებული პროგრამის “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში”.

Sophie Tchitchinadze

სოფო ჭიჭინაძე

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის ანალიტიკოსი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით