ახალი ცხოვრების დასაწყისი
გაეროს მხარდაჭერით, უკრაინელი ქალები საქართველოში ახალ ცხოვრებას იწყებენ
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მილიონობით უკრაინელს საკუთარი სამშობლოს დატოვება მოუხდა უსაფრთხოების გამო. დაახლოებით 245,000-მა ადამიანმა თავშესაფარი საქართველოში იპოვა, რომელთაგან დაახლოებით 26,600 ახლაც აქ ცხოვრობს. უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლამრავალ გამოწვევას წარმოქმნის, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებში, რომელთა უფროსებიც ქალები არიან და რომლებიც ლტოლვილი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ - იძულებით გადაადგილებულ პირთა 62 პროცენტი ქალია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რამდენიმე პარტნიორთან ერთად მუშაობს ყოვლისმომცველი მიდგომის შემუშავებისთვის ლტოლვილთა მხარდასაჭერად, უკრაინელი მოქალაქეების ჩათვლით, ვისი ცხოვრებაც კონფლიქტის შედეგად დაირღვა. ეს ხარდაჭერა მათ უსაფრთხოებას და მასპინძელ საზოგადოებაში ინტეგრაციას უზრუნველყოფს.
საქართველოში გაეროს საქმიანობის ხელმძღვანელობის ფარგლებში, მე დასავლეთ საქართველოს ორ ქალაქს, ბათუმსა და ქუთაისს ვეწვიე, სადაც დიდი უკრაინული თემი ცხოვრობს. ამ ვიზიტის დროს, ჩემთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა სნიჟანა ჩებანენკოს, უკრაინელი ქალის ისტორია, ვინც საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტს გამოექცა და ამ რეგიონში დასახლდა. სნიჟანას გამოცდილებამ პირდაპირ მაჩვენა, თუ როგორ გახდა გაეროს მიერ შეთავაზებული დასაქმების შესაძლებლობები მისთვის შემოსავლის მიღების უმნიშვნელოვანესი წყარო და იმედის მომცემი ნაპერწკალი ამ ურთულეს პერიოდში.
სნიჟანა აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე მშობლიური ქალაქიდან 2022 წლის დასაწყისში გამოიქცა და იქ არა მხოლოდ სახლი, არამედ ოცნებებიც დატოვა. ის ქუთაისში შვილთან ერთად ჩამოვიდა, სადაც ახალი ცხოვრების დაწყების შიშისმომგვრელი გამოწვევა ელოდა იმ ფონზე, როცა ომის ტრავმასთან ბრძოლა ჯერ კიდევ უწევდა. სნიჟანა გაჭირვებით ცდილობდა ფეხის მოკიდებას იმ გარემოში, სადაც ბევრი გაურკვევლობა და მცირე რესურსები იყო.
სნიჟანას გზამ დადებითი მიმართულებით გადაუხვია, როცა მან გაეროსგან დახმარება მიიღო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ქეა კავკასიის (CARE Caucasus) გრანტის მეშვეობით. ამ მხარდაჭერის შედეგად, მან ქუთაისში სილამაზის სალონი „ჰეა ლაბ სტუდიო“ (Hair Lab Studio) გახსნა.
მიკროდაფინანსების და ბიზნესის საკითხებში მენტორობის გაწევის მიზნით სხვადასხვა პროგრამა შემუშავდა, რომლებიც უკრაინელ მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის დაწყებაში დაეხმარებოდა. მცირე საწარმოების მხარდასაჭერად 5000-დან 8000 დოლარამდე გრანტები გაიცა, რომელთა მიზანი იყო ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის სტიმულირება, ღირსეულ სამუშაოზე წვდომის გაზრდა და უფრო მეტი შემოსავლის გენერირება საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, ლტოლვილები ტრენინგებს გადიან ბიზნეს უნარების გასაუმჯობესებლად, რაც მათ თავიანთ თემში დასაქმების შესაძლებლობების შექმნაში ეხმარება.
ზემოაღნიშნული საგრანტო დახმარება იმ უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც 1.62 მილიონი დოლარით არის დაფინანსებული გერმანიის მთავრობის მიერ და რასაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) თანამშრომლობით. აღნიშნული ინიციატივის მიზანია კანონის უზენაესობის ინსტიტუტების გაძლიერება, მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესება და საზოგადოების დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, უკრაინელი ლტოლვილების სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფა საქართველოში.
აღნიშნული მხარდაჭერის შედეგად 39-ზემეტი ბიზნესი შეიქმნა უკრაინელი მეწარმეების, ძირითადად ქალების მიერ. ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გარდა, ამ საწარმოებს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივ ეკონომიკაში, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობების შექმნის გზით. საუბრის დროს სნიჟანამ გაგვიზიარა, თუ როგორ განაპირობა ამ მცირე ბიზნესმა მისი ფინანსური დამოუკიდებლობა და როგორ დაეხმარა წარსული ტრავმების დაძლევაში, როცა საქართველოში ახალი ცხოვრების დაწყება მოუხდა. „ეს სალონი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბიზნესი; ეს მე ტრავმების დაძლევაში დამეხმარა. ეს უკვე ჩემი ახალი ცხოვრების სიმბოლოა“, - აღნიშნა მან.
სნიჟანას სილამაზის სალონი სწრაფად გახდა პოპულარული უკრაინელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ბიზნეს ტრენინგებში მონაწილეობის შედეგად, სნიჟანამ თავდაჯერებულობა აღიდგინა და მთელი ყურადღება ბიზნესის განვითარებაზე გადაიტანა. ის ახლა უფრო დიდი ფართის დაქირავებას გეგმავს, რათა თავისი საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოოს და დამატებითი სამუშაო შესაძლებლობები შექმნას თავის თემში. „აქ ჩამოსვლისას იმედის გარდა არაფერი გამაჩნდა“, - გაიხსენამან. „საქართველო ჩვენთვის მეორე სახლია. აქ მაქვს ბიზნესი, აქ მყავს ბევრი ნაცნობი და ვგრძნობ, რომ ჩემიანებთან ვარ.“ მან დიდი მადლიერება გამოხატა დახმარების სისტემების მიმართ, რომლებმაც მის რეინტეგრაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.
ფოტო: © გაერო / მინდია ჩარქსელიანი
გამოწვევები დაშესაძლებლობები
იმ ფონზე, როცა უკრაინელი ლტოლვილების სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოადგენს, ეს ასევე უფრო მეტი ზრდის შესაძლებლობებს ქმნის ადგილობრივ დონეზე. აღნიშნული პოტენციალის გამოყენება კოლექტიურ ძალისხმევას მოითხოვს, რომლის მიზანიცაა საცხოვრებელი პირობების, განათლების და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება, უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და უთანასწორობის დაძლევა. სნიჟანას მსგავსი ადამიანების მიერ ნაჩვენები გამძლეობა იმაზე მეტყველებს, თუ როგორ ხდება შესაძლებელი ლტოლვილების გაძლიერება ეფექტური დახმარების წყალობით, რათა მათ თავიანთი ცხოვრება თავიდან დაიწყონ და ამავდროულად, დადებითი წვლილი შეიტანონ მასპინძელი საზოგადოების წარმატებაში.
მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით, გაეროს გუნდი საქართველოში რეგულარულად თანამშრომლობს ეროვნულ ხელისუფლებასთან, რათა ჩვენი ერთობლივი ადვოკატირების სამუშაოები გაფართოვდეს და თანამშრომლობის სივრცეები შეიქმნას ლტოლვილთა კეთილდღეობისთვის, მათი დაცვისა და მასპინძელ თემში ინტეგრაციისთვის.
გაეროს მრავალმხრივი მიდგომა უკრაინელი ლტოლვილების გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას, გრძელვადიანი მდგრადობის და ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად განვითარებაზე მიმართული სხვადასხვა ინტერვენციების მეშვეობით, სტარტაპ ბიზნეს იდეების მხარდაჭერით დაწყებული, ტრენინგებით დამთავრებული. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერა ფინანსურ დახმარებას, ჯანდაცვაზე წვდომას, ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს, უფასო იურიდიულ კონსულტაციებს და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ითვალისწინებდა.
აღნიშნული მხარდაჭერის კარგი მაგალითია „უკრაინული სახლი“, რომელიც გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიხსნა 2023 წლის სექტემბერში. გახსნის დღიდან მოყოლებული, მან 4000 სტუმარი მიიღო, 150-ზე მეტ კულტურულ და სოციალურ ღონისძიებას უმასპინძლა და მრავალფეროვანი მომსახურება შესთავაზა, როგორიცაა: ენის კურსები, ფსიქოლოგიური კონსულტაციები და თერაპია, ხელოვნებისა და დრამის გაკვეთილები, ასევე თემატური სემინარები.
უკრაინელი ლტოლვილებისთვის ასევე რეფერალური სისტემაც მოქმედებს, რათა მათ სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მოწოდებული სოციალურ-ეკონომიკური მომსახურების მიღება შეძლონ. ამას გარდა, გაეროს რამდენიმე სააგენტო, მათ შორის: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR),გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდი - იუნისეფი (UNICEF), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ, უკრაინელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლტოლვილების მხარდაჭერის მიზნით.
მომავლის ხედვა
უკრაინაში მიმდინარე კრიზისისა და მისი მოქალაქეების ხანგრძლივი დევნილობის გათვალისწინებით, არსებითი მნიშვნელობისაა უწყვეტი მხარდაჭერის გაწევა ლტოლვილებისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისა და ბავშვებისთვის. გაერო და მისი პარტნიორები კვლავ ერთგულად განაგრძობენ გრძელვადიანი გადაწყვეტების შემუშავებას, გადაუდებელ გამოწვევებთან ადაპტაციით, „ლტოლვილთა შესახებ გლობალური შეთანხმების“ შესაბამისად.
სამომავლო ხედვის გათვალისწინებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოს მთავრობასა და პარტნიორებთან თანამშრომლობს, „2026-2030 წლების მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების“ შემუშავების მიზნით. ამით შესაძლებელი ხდება, რომ უკეთესად დავაკმაყოფილოთ დაუცველი თემების მრავალმხრივი საჭიროებები და, ამავდროულად, მხარი დავუჭიროთ ძალისხმევებს დაუცველობის და გარიყულობის შესაჩერებლად - „მდგრადი განვითარების მიზნების“ცენტრალური პრინციპის შესაბამისად, რომ არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა.
----
წინამდებარე ბლოგის ავტორია გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებუკი. ბლოგი თავდაპირველად UN DCO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა: https://shorturl.at/PbpjR