გაეროს განვითარების კოორდინაციის რეგიონული ოფისის დირექტორმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა
12 მაისი 2025
საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით გვი იოპ სონი ესტუმრა.
გაეროს განვითარების კოორდინაციის რეგიონული ოფისის დირექტორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, გვი იოპ სონმა, საქართველოში სამდღიანი ვიზიტი დაასრულა.
ვიზიტის ფარგლებში, გაეროს განვითარების კოორდინაციის რეგიონული ოფისის დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, გვი იოპ სონი შეხვდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ლევან ჟორჟოლიანს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილს და სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს. შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ხელშეკრულების“ შემუშავების საკითხზე.
ვიზიტის ფარგლებში, გვი იოპ სონი შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლებსაც თემები აწყდებიან. ასევე განიხილეს, თუ როგორ შეუძლია გაეროს უკეთესად შეუწყოს ხელი ადგილობრივ ინიციატივებს და უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივ და საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავების პროცესებში. საუბარი შეეხო არსებულ პოლიტიკურ გარემოს და იმ ბარიერებს, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აწყდებიან ადვოკატირებისა და სერვისების მიწოდების კუთხით.
საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზე ქალბატონმა სონმა ხაზი გაუსვა მიმდინარე ნაყოფიერ თანამშრომლობას და მადლობა გადაუხადა ელჩებს გაეროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა გაეროსსააგენტოებისხელმძღვანელებთან და მუდმივი კოორდინატორის ოფისის თანამშრომლებთან. დიალოგი შეეხო საქართველოში მიმდინარე ძალისხმევებს და სტრატეგიულ პრიორიტეტებს.
საქართველოში ყოფნისას, ქალბატონი სონი შიდა ქართლის რეგიონს ესტუმრა, სადაც გაეცნო გაეროს მხარდაჭერით განხორციელებულ ინიციატივებს. მან მოინახულა ნიკოზის ამბულატორიული კლინიკა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ემსახურება კონფლიქტითდაზარალებულიმოსახლეობას. ტყვიავში ესტუმრა კლინიკას, რომელიც სარგებლობს გაეროს სააგენტოების მიერ მოწოდებული ციფრული ტელემედიცინის სერვისებით, რაც საშუალებას აძლევს პაციენტებს დისტანციურად დაუკავშირდნენ ექიმებს თბილისში. ის ასევე შეხვდა ქალ მეწარმეებს, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის მხარდაჭერით მიაღწიეს წარმატებას ბიზნეს სივრცეში და ხელს უწყობენ რეგიონებში თემების გაძლიერებასა და მეტი დოვლათის შექმნას. მან ასევე მოინახულა შატო მუხრანის ღვინის ქარხანა, რომელიც იღებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის (FAO)ტექნიკურ დახმარებას.