გენერალური მდივნის მიმართვა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
18 ივნისი 2025
2025 წლის 18 ივნისი
სიძულვილის ენა — ეს არის შხამი საზოგადოებისთვის. მან ბიძგი მისცა ძალადობასა და სისასტიკეს კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ბნელ პერიოდებში. სიძულვილის ენა ხშირად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ არის მიმართული, შედეგად ისინი აწყდებიან დისკრიმინაციას, იზოლაციასა და პრობლემებს.
წლევანდელი თემა შეგვახსენებს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ განსაკუთრებულად შეუწყო ხელი სიძულვილის ენის სწრაფ და ფართოდ გავრცელებას. ალგორითმები და ციფრული პლატფორმები, რომლებიც დაფუძნებულია მიკერძოებულ იდეებზე, ავრცელებენ ტოქსიკურ კონტენტს და ქმნიან ახალ სივრცეებს შევიწროებისა და ძალადობისთვის.
გლობალური ციფრული შეთანხმება, რომელიც მომავლის სამიტზე იქნა მიღებული, გვთავაზობს გამოსავალს: ის მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას სიძულვილის წინააღმდეგ ონლაინ სივრცეში, რაც ეფუძნება ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალს.
სიძულვილის ხმების ჩასახშობად, ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, კერძო კომპანიებთან, რელიგიურ და სათემო ლიდერებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ტოქსიკურ ნარატივებს პოზიტიური იდეები და მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, ამოიცნონ სიძულვილის ენა, უარყონ და წინააღმდეგობა გაუწიონ მას. ამ მხრივ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს სიძულვილის ენის წინააღმდეგ.
,,ინფორმაციის მთლიანობის გლობალური პრინციპები“, რომელიც შარშან მომზადდა, ასევე მხარს უჭერს ამ ძალისხმევას და ხელს უწყობს უსაფრთხო და ტოლერანტული საინფორმაციო გარემოს შექმნას.
ახლა, როცა ამ დღეს აღვნიშნავთ, მოდით, კიდევ ერთხელ დავდოთ პირობა, რომ ხელოვნური ინტელექტს გამოვიყენებთ არა სიძულვილის იარაღად, არამედ სიკეთის ძალად. მოდით, გავერთიანდეთ მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების სადარაჯოზე.