კონსულტაციები „თანამშრომლობის ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებით
20 ივნისი 2025
„გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების“ (UNSDCF) შემუშავებისთვის, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან შეხვედრას მართავს, განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრის და ჩამოყალიბების მიზნით.
2 მაისიდან 19 ივნისამდე პერიოდში, კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან ეროვნულ დონეზე საქართველოში, რომელსაც მთავრობის, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, ანალიტიკური ცენტრების, განვითარების პარტნიორების და ახალგაზრდული ორგანიზაციების 300-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. კონსულტაციების მიზანი იყო სხვადასხვა მოსაზრებების მიღება ქართული საზოგადოების ყველა სექტორიდან და მათი ასახვა „2026–2030 წწ გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებაში“ (UNSDCF).
მთელი რიგი მიზნობრივი შეხვედრების და დიალოგების გზით, მონაწილეებმა ერთმანეთს თავიანთი შეხედულებები გაუზიარეს განვითარების სფეროში არსებულ აქტუალურ გამოწვევებთან დაკავშირებით და სტრატეგიული რეკომენდაციები წარმოადგინეს მათ გადასაჭრელად.
დისკუსიების დროს ყურადღება ისეთ კრიტიკულ თემებზე გამახვილდა, როგორიცაა ინკლუზიური და სამართლიანი განვითარება, სამოქალაქო სივრცის დაცვა, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია, უთანასწორობის დაძლევა და მარგინალიზებული მოსახლეობის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ქალების, ბავშვების და ახალგაზრდების გაძლიერება.
აღნიშნული კონსულტაციები ერთ-ერთი სეგმენტია იმ უფრო ფართო პროცესში, რომელიც შემდგომი 2026-2030 წწ პერიოდისთვის „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების“ (UNSDCF) შემუშავებისთვის მიმდინარეობს. ეს ხელშეკრულება მთავარი სტრატეგიული დოკუმენტია, რომლის დანიშნულებაცაა გაეროს განვითარების სისტემის მხრიდან მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოსთვის, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული განვითარების პრიორიტეტების და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის გზაზე.
საკონსულტაციო შეხვედრების დროს, გაერომ ასევე წარმოადგინა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის საერთო განახლებული ანალიზის (CCA) შედეგად გაკეთებული ძირითადი დასკვნები, რამაც სიღრმისეული დისკუსია გამოიწვია შემოთავაზებული სტრატეგიული მიმართულებების თაობაზე.
„გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების“ ბოლო, 2026–2030 წწ პერიოდის ამსახველ დოკუმენტში ქართველი ხალხის და პარტნიორების კოლექტიური ხედვა იქნება ასახული, რომელიც მშვიდობიანი, ინკლუზიური, უფრო მწვანე და უფრო მდგრადი საზოგადოების შექმნის მიზანს ემსახურება.