შესაძლებლობის მომენტი: სუფთა ენერგიის ეპოქის გაძლიერება
23 ივლისი 2025
ანტონიო გუტიერეში, გაეროს გენერალური მდივანი
ენერგიამ კაცობრიობის გზა ჩამოაყალიბა – ცეცხლის დაუფლებიდან დაწყებული, ორთქლის გამოყენებითა და ატომის გახლეჩით დამთავრებული. დღეს ახალი ეპოქის გარიჟრაჟზე ვდგავართ. მზე სუფთა ენერგიის ეპოქაში ამოდის.
გასულ წელს თითქმის ყველა ახალი სიმძლავრე განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით შეიქმნა. სუფთა ენერგიის მიმართულებით ინვესტიციები 2 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც წიაღისეულ საწვავში ჩადებულ ინვესტიციებს 800 მილიარდი დოლარით აღემატება.
ამჟამად მზისა და ქარის ენერგია დედამიწაზე ენერგიის ყველაზე იაფ წყაროებს წარმოადგენს; აგრეთვე სუფთა ენერგიის დარგები ქმნის სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და აჩქარებს პროგრესს მიუხედავად იმისა, რომ წიაღისეული საწვავი დღემდე გაცილებით მეტ სუბსიდიებს იღებს.
ქვეყნები, რომლებიც უარს არ ამბობენ წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე, არ იცავენ თავიანთ ეკონომიკას, ისინი აზიანებენ მას, ძირს უთხრიან კონკურენტუნარიანობას და ხელიდან უშვებენ 21-ე საუკუნის უდიდეს ეკონომიკურ შესაძლებლობას.
გარდა ამისა, სუფთა ენერგია უზრუნველყოფს ენერგეტიკულ სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას. წიაღისეული საწვავის ბაზრებზე გავლენას ახდენს ფასების ზრდა, მიწოდების შეფერხებები და გეოპოლიტიკური არეულობა, როგორც ეს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს ვიხილეთ. თუმცა ფასების მკვეთრი ზრდა არ ეხება მზის სინათლეს, არც ქარზე წესდება არანაირი ემბარგო და თითქმის ყველა ქვეყანას გააჩნია საკმარისი განახლებადი რესურსები, რათა ენერგეტიკულად თვითკმარი იყოს.
და ბოლოს, სუფთა ენერგია განვითარების მამოძრავებელი ძალაა. მას შეუძლია სწრაფად, იაფად და მდგრადი გზით მიაღწიოს ასობით მილიონ ადამიანამდე, რომლებიც ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობენ, განსაკუთრებით ქსელიდან გამორთული და მცირემასშტაბიანი მზის ტექნოლოგიების მეშვეობით.
ეს ყოველივე სუფთა ენერგიის ეპოქას შეუჩერებელს ხდის. მაგრამ გადასვლა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად სწრაფი ან სამართლიანი. განვითარებადი ქვეყნები ამ პროცესს ჩამორჩებიან. წიაღისეული საწვავი კვლავ დომინირებს ენერგეტიკულ სისტემებზე და ემისიები კვლავ იზრდება იმ ფონზე, როცა კლიმატის კრიზისის სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად მათი მკვეთრად შემცირებაა საჭირო. ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ექვს ფრონტზე მოქმედება გვჭირდება.
უპირველეს ყოვლისა, მთავრობებმა სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ სუფთა ენერგიის მომავლის უზრუნველსაყოფად. ყველა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, მომდევნო თვეებში წარმოადგინოს ახალი კლიმატის ცვლილების ეროვნული გეგმები – ცნობილია, როგორც ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი, მომდევნო ათწლეულის სამიზნე მაჩვენებლებთან ერთად. ეს გეგმები უნდა შეესაბამებოდეს გლობალური ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვას, მოიცავდეს ყველა ემისიასა თუ დარგს, და სახავდეს სუფთა ენერგიისკენ მიმავალ მკაფიო გზას. G20-ის ქვეყნებმა, რომლებიც გლობალური ემისიების დაახლოებით 80%-ზე არიან პასუხისმგებელნი, წამყვანი როლი უნდა შეასრულონ.
მეორე, ჩვენ უნდა ავაშენოთ 21-ე საუკუნის ენერგეტიკული სისტემები. თანამედროვე ქსელებისა და ენერგიის შენახვის გარეშე განახლებადი ენერგია ვერ შეძლებს თავისი პოტენციალის რეალიზებას. თუმცა განახლებად ენერგიაში ინვესტირებული ყოველი დოლარიდან მხოლოდ 60 ცენტი სჭირდება ქსელებსა და ენერგიის შენახვას. ეს თანაფარდობა ერთი ერთზე უნდა იყოს.
მესამე, მთავრობებმა მიზნად უნდა დაისახონ, რომ მსოფლიოში მზარდი ენერგომოთხოვნა განახლებადი ენერგიით დააკმაყოფილონ. დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმაც უნდა შეასრულონ თავიანთი როლი. 2030 წლისთვის მონაცემთა ცენტრებმა შეიძლება იმდენი ელექტროენერგია მოიხმარონ, რამდენსაც დღეს იაპონია მოიხმარს. კომპანიებმა უნდა აიღონ ვალდებულება, რომ ეს ცენტრები განახლებადი ენერგიით მოამარაგონ.
მეოთხე, გარდამავალ პროცესში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სამართლიანობა. ეს ნიშნავს იმ თემების მხარდაჭერას, რომლებიც ჯერ კიდევ დამოკიდებულნი არიან წიაღისეულ საწვავზე, რათა სუფთა ენერგიის მომავლისთვის მოემზადონ. და ეს ნიშნავს კრიტიკულად მნიშვნელოვანი წიაღისეული საწვავის მიწოდების ჯაჭვების რეფორმირებას. დღეს ხშირია უფლებების დარღვევისა და გარემოს განადგურების შემთხვევები, ხოლო განვითარებადი ქვეყნები ღირებულებათა ჯაჭვების ქვემოთ არიან მომწყვდეულნი. ამას წერტილი უნდა დაესვას.
მეხუთე, ვაჭრობა ენერგოტრანსფორმაციის ინსტრუმენტად უნდა ვაქციოთ. სუფთა ენერგიის მიწოდების ჯაჭვები მეტისმეტად კონცენტრირებულია, ხოლო გლობალური ვაჭრობა – ფრაგმენტული. ქვეყნებმა, რომლებიც ახალი ენერგეტიკული ეპოქის მნიშვნელოვნებას აღიარებენ, უნდა იმუშაონ მარაგების დივერსიფიკაციის მიმართულებით, რათა გარდამავალი პერიოდის მხარდასაჭერად სუფთა ენერგოპროდუქტებზე ტარიფები შემცირდეს და საინვესტიციო ხელშეკრულებები განახლდეს.
და ბოლოს, მეექვსე, განვითარებად ქვეყნებს უფრო მეტი დაფინანსება უნდა მივაწოდოთ. გასულ წელს აფრიკამ განახლებადი ენერგიის ინვესტიციების მხოლოდ 2% მიიღო მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მზის საუკეთესო რესურსების 60% სწორედ აფრიკას აქვს. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ქმედებები, რათა თავიდან ავიცილოთ ვალების გადახდის შედეგად განვითარებადი ქვეყნების ეროვნული ბიუჯეტის დაცარიელება და უზრუნველვყოთ მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიერ სესხების გაცემის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაფართოება; აგრეთვე საჭიროა გაცილებით მეტი კერძო ფინანსების მოზიდვა. გარდა ამისა, გვჭირდება საკრედიტო რეიტინგის სააგენტოები და ინვესტორები რისკების შეფასების მოდერნიზაციისთვის, რათა გათვალისწინებულ იქნას სუფთა ენერგიის პერსპექტივა, კლიმატის ცვლილების ქაოსით გამოწვეული ხარჯი და გაუფასურებული წიაღისეული საწვავის აქტივებთან დაკავშირებული საფრთხეები.
ახალი ენერგეტიკული ეპოქა ხელის გაწვდენაზეა – ეპოქა, სადაც იაფი, სუფთა და ჭარბი ენერგია აძლიერებს და ამდიდრებს მსოფლიოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს, სადაც ქვეყნებს ენერგოდამოუკიდებლობის გარანტია აქვთ და ელექტროენერგია ყველასთვის საჩუქარს წარმოადგენს.
სწორედ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, მოვახდინოთ ძირეული ცვლილება გლობალურ დონეზე. მოდი ხელიდან არ გავუშვათ ეს შესაძლებლობა!