თბილისში გაეროს დღეს 2025 აღინიშნა
24 ოქტომბერი 2025
2025 წლის 24 ოქტომბერი
საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ გაეროს დღისა და გაეროს ქარტიის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო და ეროვნულმა პარტნიორებმა, ასევე გაეროს თანამშრომლებმა.
ღონისძიება ოფიციალურად გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დიდიე ტღებიუკმა, და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ გახსნეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ახალგაზრდების დიალოგი თემაზე „საერთო მომავალი 2030 წლისთვის“. პანელურ ფორმატში გამართულ საუბარს მარეხი გვარამაძე, კანტის აკადემიის თანადამფუძნებელი, უძღვებოდა.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ლიდერები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის ტექნოლოგიები, განათლება, და გარემოსდაცვითი ადვოკატირება: ეთუნა ასანაშვილი, კლიმატის ახალგაზრდა აქტივისტი; ნოდარ ივანიძე, Steppe & Stone Capital-ის პარტნიორი, Global Tech Weekend-ის თანადამფუძნებელი; ლიზი ლომიძე, ორგანიზაცია Helping Hand-ის წარმომადგენელი, 2024 წლის მოხალისის ეროვნული ჯილდოს მფლობელი; და გიორგი მოისწრაფიშვილი, FLEX Alumni-ის კოორდინატორი. ახალგაზრდებმა გაგვიზიარეს საკუთარი ხედვა მდგრადი და ინკლუზიური მომავლის შესახებ, ასევე ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდულ ინიციატივებს თემებში რეალური ცვლილებების შეტანა. საუბრისას ხაზი გაესვა სექტორთაშორისი პარტნიორობის, მენტორობის და ციფრული ტრანსფორმაციის როლს ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავდა გაეროსა და საქართველოს 30 წელზე მეტი ხნის პარტნიორობას — პარტნიორობას, რომელიც ქვეყნის განვითარებასა და ხალხის კეთილდღეობას ემსახურება.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის ტელეანძა გაეროს ლურჯ ფერში განათდა. ეს სიმბოლური ჟესტი გაეროს ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიების ვიდეომასალის სანახავად, ესტუმრეთ: https://www.facebook.com/share/v/17aBpjYgFM/
გაეროს დღის შესახებ
გაეროს დღე ყოველწლიურად აღინიშნება 24 ოქტომბერს, 1945 წელს გაეროს ქარტიის ხელმოწერის აღსანიშნავად. უკანასკნელი 80 წლის განმავლობაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ემსახურება მშვიდობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და კეთილდღეობას — ყველასთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.