ერთად მუშაობა შედეგების მისაღწევად საქართველოს საკეთილდღეოდ
28 აპრილი 2026
გაეროს სააგენტოებმა 2025 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიში და მდგრადი განვითარების მიზნით 2026-2027 წლებში განსახორციელებელი პრიორიტეტები წარმოადგინეს
საქართველოს მთავრობის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით, „2026-2030 წწ გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების“ (UNSDCF) ერთობლივი სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.
ერთობლივი სამეთვალყურეო საბჭო „თანამშრომლობის ხელშეკრულების“ შემუშავებისა და განხორციელებისთვის სტრატეგიულ ზედამხედველობას აწარმოებს, რაც ასევე ეროვნულ დონეზე პასუხისმგებლობის აღებას განაპირობებს, მეორე მხრივ კი საქართველოს განვითარების პრიორიტეტების შესაბამისობას უზრუნველყოფს „მდგრადი განვითარების მიზნებთან“ (SDGs).
შეხვედრას ერთობლივად უძღვებოდნენ ბ-ნი ზვიად ბარქაია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ბ-ნი დიდიე ტღებიუკი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორი საქართველოში.
ბ-ნმა ზვიად ბარქაიამ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი ფაზის დასაწყისს წარმოადგენდა. მან ხაზი გაუსვა, რომ „2026–2030 წწ გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება“ ასახავს ქვეყნის ინტერესებს და მდგრადი განვითარების მიზნებს ეხმიანება.
ბ-ნმა დიდიე ტღებიუკმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა განაცხადა: „თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, უფრო მეტ ამბიციას ასახავს. ის საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს, მეორე მხრივ კი სწრაფად ცვალებად გლობალურ კონტექსტს ეხმიანება, ამავდროულად კი კვლავ ადასტურებს ჩვენი მხრიდან აღებულ საერთო ვალდებულებას, რომ დაჩქარდეს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე. აღნიშნული ამბიციის მიღწევისთვის მოგვეთხოვება, რომ არა მარტო უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ, არამედ განსხვავებულადაც ვიმუშაოთ - უფრო ძლიერი პარტნიორობებით, უფრო ინტეგრირებული მიდგომებით, ინოვაციური დაფინანსების და საფინანსო მოდალობებით, რითაც მასშტაბის გაზრდა და სისტემური ზეგავლენის მიღწევა იქნება შესაძლებელი“.
ქ-ნმა ანა ზეცმა, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ხელმძღვანელმა გაეროს ძირითადი მიღწევები წარმოადგინა ხუთ პრიორიტეტულ სფეროში, რომელთა შორისაა: ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები; თანაბარი და ინკლუზიური წვდომა ხარისხიან სერვისებზე; ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; ადამიანის უსაფრთხოება და მედეგობა; ასევე გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედება. აღნიშნული ძალისხმევები „2021-2025 წწ გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების“ ფარგლებში განხორციელდა.
გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა „2026-2027 წწ ერთობლივი სამუშაო გეგმა“ წარმოადგინა UNSDCF-ის „შედეგების ჯგუფების“ თანათავმჯდომარეებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ: მამუკა მესხი (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში), კაორი იშიკავა (გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში), გიორგი კალაკაშვილი (გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა უფლებების მონიტორინგის სპეციალისტი), დაგლას უები (გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში), სამინისტროების წარმომადგენლებისა და გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელების მონაწილეობით. მონაწილეებმა „2026–2030 წწ გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული შედეგების ოთხი სფერო წარმოადგინეს: ინკლუზიური ზრდა, მწვანე გადასვლა და კლიმატის მედეგობა; განათლება, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა; მმართველობა, ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა; და მშვიდობის ხელშემწყობი გარემო.
მონაწილეებმა 2026–2027 წლების ერთობლივი სამუშაო გეგმა განიხილეს, მათ შორის დაგეგმილი ინტერვენციები და რესურსების განაწილება, ასევე სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
აღნიშნულ შეხვედრას მთავრობის წარმომადგენლები და გაეროს საქართველოს გუნდის წევრები ესწრებოდნენ. ამ ღონისძიების შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება 2026-2027 წლის სამუშაო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც „2026–2030 წწ გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ოთხი შედეგის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული.