პრეს-რელიზი

სოფლად მცხოვრები ქალების ხელშეწყობა პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად

15 ოქტომბერი 2021

სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეს ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორები ხაზს უსვამენ ქალთა როლს ადგილობრივ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში

Caption: Nana (Naku) Gamkrelidze

სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეს, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს მთავრობასთან, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობასთან (ADC), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობასთან (Sida) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (SDC) ერთად, თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა სოფლად მცხოვრებ ქალებს და პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლისა და ეკონომიკური აღდგენის საქმეში მათი მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნა.

„პანდემიის დროს, ქალებმა ბევრი იტვირთეს, განსაკუთრებით სოფლად. სათანადო ხელშეწყობის პირობებში, სოფლად მცხოვრები ქალები სასიკეთო ცვლილების მამოძრავებელი ძალა გახდებიან და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ მათი ოჯახებისა და მთლიანად საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებაში“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

15 ოქტომბერს, UNDP-მ შეაჯამა ქალ მეწარმეთა ბიზნეს იდეების კონკურსის შედეგები, რომელშიც 600-ზე მეტმა სოფლად მცხოვრებმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსი ჩატარდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერები არიან ავსტრიის, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობები.

სოფლად მცხოვრებ ქალთა ბიზნეს იდეები შეაფასა წარმომადგენლობითმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ.

გამარჯვებულ იდეებს შორისაა მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლების წარმოება მარტვილიდან, ეკო-ტურიზმის განვითარება ნატანებიდან, ქსოვილისგან დამზადებული საბავშვო წიგნების გამოცემა რუსთავიდან და 24 სხვა პროექტი, რომელიც ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებასა და ქალთა ჩართულობას ემსახურება.

თითოეული გამარჯვებული მიიღებს 5,000 ლარამდე დაფინანსებასა და საკონსულტაციო დახმარებას ეკონომიკური საქმიანობის გაფართოებისა და ბიზნეს პროექტების განხორციელებისათვის.

აღნიშნული ინიციატივები ხორციელდება UNDP-ის ორი მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, რომელთა მიზანია საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა. სოფლად მცხოვრებ ქალთა დახმარება ყოველთვის იყო ამ ინიციატივების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, თუმცა პანდემიის დროს ამ საქმიანობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ მომზადებული გლობალური ანგარიშის თანახმად, პანდემიის დროს განვითარებულმა ეკონომიკურმა და სოციალურმა კრიზისმა არაპროპორციულად დიდი ზემოქმედება იქონია ქალებზე, კერძოდ, სოფლად მცხოვრებ ქალებზე. ეს უარყოფითი გავლენა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს ეხება, მათ შორის, ჯანდაცვის სერვისებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომას, გენდერული ნიშნით ძალადობასა და აუნაზღაურებელ შრომას.

საქართველოში გაეროს რამდენიმე  სააგენტოს (UNDP, UNFPA, UN Women) მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემებით, პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გაღრმავდა საზოგადოებაში არსებული გენდერული უთანასწორობა. სოციალური იზოლირებისა და დისტანციურ სწავლაზე გადასვლის შედეგად, ქალები დამატებითი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. საგრძნობლად გაიზარდა როგორც შინ შრომა, ისე ბავშვებზე, ხანდაზმულებსა და ავადმყოფებზე ზრუნვასთან დაკავშირებული დატვირთვა.

ამ სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მოწყვლადი სოციალური ჯგუფების, მათ შორის, სოფლად მცხოვრები ქალების ხელშეწყობა პანდემიის პირველივე დღეებიდან დაიწყო.

2020 წლის მანძილზე, UNDP-ის სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში, 620-მა სოფლად მცხოვრებმა ქალმა მიიღო 90,000 აშშ დოლარის ღირებულების მიზნობრივი დახმარება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, საქართველოს შვიდ რეგიონში დაფინანსდა 25,000 აშშ დოლარის ღირებულების 31 მცირე ბიზნეს-პროექტი, ხოლო კონფლიქტით დაზარალებული ქალი მეწარმეებისთვის 55,000 აშშ დოლარის ღირებულების 22 მცირე პროექტი განხორციელდა.

UNDP ასევე განაგრძობს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობას და მხარს უჭერს ქალთა ჩართულობას ადგილობრივ თვითმმართველობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.   

Sophie Tchitchinadze

სოფო ჭიჭინაძე

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის ანალიტიკოსი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით