უახლესი
პრეს-რელიზი
21 მაისი 2023
მარილის მოხმარების შემცირება საქართველოში 10,000 ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს
შეიტყვეთ მეტი
პრეს-რელიზი
16 მაისი 2023
მხარი დაუჭირეთ ყველა ადამიანის უფლებების დაცვას - შეწყვიტეთ დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში ლგბტქი+ პირთა მიმართ
შეიტყვეთ მეტი
პრეს-რელიზი
11 მაისი 2023
საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი (UNCT) წლიურ ანგარიშს აქვეყნებს
შეიტყვეთ მეტი
უახლესი
მდგრადი განვითარების მიზნები საქართველოში
მდგრადი განვითარების მიზნები წარმოადგენს გლობალურ მოწოდებას მოქმედებისკენ, რომელიც მიზმად ისახავს სიღარიბის აღმოფხვრას, დედამიწის გარემოსა და კლიმატის დაცვას და მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის მოპოვებას. ეს ის მიზნებია, რომელზეც გაერო მუშაობს საქართველოში:
ისტორია
01 აპრილი 2021
საქართველო-გაეროს ახალი სტრატეგიული დოკუმენტი ადამიანების შესაძლებლობებსა და სოციალური თანასწორობის გაძლიერებას უწყობს ხელს
– საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა დღეს ხელი მოაწერეს გაეროს მდგრადი განვითარების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტს, რომელიც 2021-2025 წლებს მოიცავს.
2021-2025 წწ. მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტი ეფუძნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს და მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობის, შესაძლებლობებისა და სოციალური თანასწორობის გაძლიერებას.
ჩარჩო-დოკუმენტი განსაზღვრავს ხედვას 2021-2025 წლებისთვის ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუციების ხელშეწყობა, თანაბარი და ინკლუზიური ხელმისაწვდომობა ხარისხიან სოციალურ სერვისებზე, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესება, ადამიანის უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილების შედეგების დაძლევა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაეროს მუდმივ კოორდინატორს ქვეყანაში გაეროს მიერ გაწეული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისათვის, რასაც გაერო ახორციელებს ქვეყნის განვითარების კუთხით.
გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა, გაეროს სააგენტოთა სახელით, მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მუდმივი მხარდაჭერისათვის.
თანამშრომლობის ახალი ჩარჩო-დოკუმენტის მიხედვით, გაეროს სააგენტოების საქმიანობა მიმართული იქნება პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც წარიმართება პრინციპით „აღვადგინოთ უკეთესად“ და უფრო მწვანე, სამართლიანი და ინკლუზიური განვითარების მხარდასაჭერად.
გაერო ასევე მხარს დაუჭერს რეგიონალური თანამშრომლობის განმტკიცებას საკვანძო სტრატეგიულ სფეროებში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რომელთა ინოვაციური პოტენციალი სასარგებლო იქნება მიზნების მისაღწევად.
გაეროს ახალი ჩარჩო დოკუმენტი გამსჭვალულია მდგრადი განვითარების მიზნების სულისკვეთებით - არავინ დარჩეს განვითარების მიღმა. ის ასევე ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, დეცენტრალიზაცია, მდგრადობა და ანგარიშვალდებულება, გარემოს დაცვა და ინოვაციები. ეს ის სფეროებია, სადაც გაეროს აქვს შედარებით უპირატესობა და გამოცდილება, რათა ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას.
განვითარების პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიასთან ერთად, გაერო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
2021-2025 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავება იყო კომპლექსური და თანამონაწილეობითი პროცესი, რომელშიც ჩართულები იყვნენ საქართველოში მოქმედი გაეროს რეზიდენტი და არარეზიდენტი სააგენტოები, სამინისტროები, სახელმწიფო დაწესებულებები, საერთაშორისო დონორები, სამეცნიერო წრეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ამ მიზნით გაიმართა რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრა.
ჩარჩო-დოკუმენტის განსახორცილებლად დაფუძნდება საქართველო-გაეროს საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი გაუწევენ კოორდინირებას.
1 of 5

იმოქმედე
25 იანვარი 2022
კორონავირუსის პანდემია
ყველა საუბრობს კორონავირუსის (COVID-19) შესახებ. გაეცანით ფაქტებს სანდო წყაროებიდან.
1 of 5

პრეს-რელიზი
25 იანვარი 2022
სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა
სექსუალური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაფარული დანაშაულია. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად (2017), ქალების 9%-ს სექსუალური ძალადობა ბავშვობაში გამოუცდია, თუმცა შეტყობინებების მაჩვენებელი დაბალია. მაგალითად, 2020 წელს გამოძიება გაუპატიურების მხოლოდ 31 შემთხვევაზე დაიწყო, სასამართლო განხილვა კი 22 საქმეზე გაიმართა.
ამგვარი რეალობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს კანონმდებლობა დახვეწას, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა კი გაუმჯობესებას საჭიროებს. ამას გარდა, ქალების დუმილი განპირობებულია გაუპატიურების შესახებ არსებული მცდარი შეხედულებებითა და საზოგადოების დამოკიდებულებით, რომელიც ხშირად მომხდარში თავად მსხვერპლებს ადანაშაულებს.
არსებული გამოწვევების საფუძველზე, საქართველოში 2021 წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფოკუსში სექსუალური ძალადობის დაძლევა მოექცა. მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება კი 2 დეკემბერს ტრადიციული მაღალი დონის შეხვედრის ძირითად თემად იქცა.
შეხვედრას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ინიციატივით გაიმართა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა გახსნა. „ვუერთდებით ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებების კუთხით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, მათ შორის იმ ვალდებულებების, რომლებიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრას“, - განაცხადა მან.
თემის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმაც: „მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საკვანძო საკითხი უნდა იყოს. ეს ხელს შეუწყობს პრევენციასაც, რადგან იქნება მკაფიო გზავნილი, რომ სექსუალური ძალადობა მიუღებელია და მოძალადეებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ეს გლობალური ბრძოლაა და ჩვენ ამ ბრძოლაში ერთად ვართ. მოქმედების დროა! გქონდეთ შვედეთის მხარდაჭერის იმედი“, - დასძინა ულრიკ თიდესტრომმა.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას მკაფიო პოლიტიკური ნება და შესაბამისი რეგულირება ესაჭიროება. მათ სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის პრიორიტეტულ საკითხად წამოწევაზე, ეროვნული კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზეც იმსჯელეს.
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა საკანონმდებლო ხელისუფლების სახელით ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ გაუპატიურების ამჟამად არსებული მუხლი სტამბოლის კონვენციასთან დაახლოებას საჭიროებს. „ეს და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ინიციატივა პარლამენტში აუცილებლად იქნება ინიცირებული. არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით, დონორების ძლიერი მხარდაჭერით, საქართველო არ წყვეტს პროგრესს ამ გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლაში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მაღალი დონის შეხვედრა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
1 of 5
პრეს-რელიზი
21 იანვარი 2022
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში სინანულს გამოთქვამს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. 2022 წლის 13 იანვარს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი ცალკეული ინსტიტუტი: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტია, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა საქართველოში. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესაბამისი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემაშინებელ გზავნილს უგზავნის ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს.
შეშფოთებულნი ვართ, რომ ახლადშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატში შემავალი დანაშაულებათა სიის არსებითი გაფართოება გამოიწვევს უწყების გადატვირთვის სერიოზულ რისკს და მისი გუნდის ყურადღების გადატანას მისი ძირითადი მანდატის შესრულების - დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისაგან. წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელის საქართველოში მისიის დროს (2015 წ.) გაიცა რეკომენდაცია, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება რომ არსებობს რისკი ზედმეტად ფართო იურისდიქციამ, იქნება ეს ექსკლუზიური თუ დისკრეციული, შესაძლოა [სახელმწიფო ინსპექტორის] ამოცანა მეტისმეტად გაართულოს [თუკი] ... სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულებები, რომლებიც არ შედიან წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ძირითად ჯგუფში... [მისი მანდატის ფარგლებში შევა]“.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მოსაზრება ამ გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ.
1 of 5
პრეს-რელიზი
25 იანვარი 2022
საკრებულოს წევრი ქალები მხარს უჭერენ თანასწორი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა თითქმის გაორმაგდა და 24 პროცენტს მიაღწია. 24 იანვარს, ადგილობრივი თვითმმართველობის ახლადარჩეული წევრი ქალები ყოველწლიურ ფორუმზე შეიკრიბნენ, რომელიც წელს 490-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს.
საკრებულოს წევრმა ქალებმა ის კონკრეტულ ნაბიჯები განიხილეს, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს გენდერულად დაბალანსებული პოლიტიკის შემუშავებასა და ადგილობრივ დონეზე არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გამკლავებას. მათ ასევე იმსჯელეს ადგილობრივი პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდის გზებზე და საქართველოს პარლამენტის გენდერულ საბჭოსა და მუნიციპალურ დონეზე არსებული გენდერულ საბჭოებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ საკრებულოს წევრი ქალები საქართველოს ყველა რეგიონიდან. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი ჩატარდა საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან შვედეთის მთავრობა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI).
„ქალთა ჩართულობის შედეგად, პოლიტიკური პროცესი მრავალფეროვნებასა და განსხვავებულ პერსპექტივას იძენს, რაც მნიშვნელოვანად აისახება ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა, სოციალური სერვისები, დასაქმება და გარემოს დაცვა. ვიმედოვნებთ, რომ ახლად არჩეული საკრებულოს წევრი ქალები ამ საკითხებს დღის წესრიგში დააყენებენ და ქართული საზოგადოება მათი მუშაობის სასიკეთო შედეგებს იგრძნობს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ.
„2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ადგილობრივ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია. ვიმედოვნებ, რომ ეს ტენდენცია მომავალ არჩევნებზეც შენარჩუნდება. ქალების პოზიციისა და პერსპექტივის საჯარო დებატში თანაბრად გათვალისწინება პრინციპული საკითხია. პოლიტიკოს ქალებს ისეთივე გავლენა უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, როგორც მათ პოლიტიკოს კაცებს. ბოლო ოცი წლის მანძილზე, შვედეთი მხარს უჭერდა საქართველოში ქალთა გაძლიერებას, მათ შორის პოლიტიკაში. გენდერულად დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობა ძლიერ დემოკრატიასა და უფრო ეფექტიან პოლიტიკას განსაზღვრავს. ეს ხელს უწყობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და სწორედ ამას ითხოვს ქართველი ამომრჩეველი“, - აღნიშნა შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა.
ფორუმის მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და საქართველოში საერთაშორის რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორმა ჯონ დიპირომ.
საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი 2013 წელს შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით შეიქმნა. მისი მიზანია თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა. ფორუმის მიზნები და საქმიანობა ეხმიანება საქართველოს მოსახლეობის თითქმის ორი მესამედის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქალთა მეტი მონაწილეობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა. ეს მონაცემები შესულია UNDP-ის კვლევაში, რომელიც 2020 წელს გამოქვეყნდა.
1 of 5
ისტორია
13 თებერვალი 2023
ხელსაქმე მშვიდობისთვის
მაკო ჭკადუა და მალვინა (მალო) კოტუა ახალგაზრდა მეწარმეები არიან, რომელთაც ხელსაქმისადმი სიყვარული არა მხოლოდ პროფესიულ საქმიანობად, არამედ სხვა ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის გზად აქციეს. აფხაზეთიდან დევნილი მაკო და მალო, ახლა ზუგდიდში უძღვებიან პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს ხელსაქმე შეასწავლოს და დასაქმებაში დაეხმაროს.
მაკო და მალო ზუგდიდში მოქმედი ორგანიზაციის, „ხელები მშვიდობისთვის“ თანადამფუძნებლები არიან. წლების მანძილზე მიღებული პრაქტიკული გამოცდილების წყალობით, მათ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის, EU4Dialogue-ის საგრანტო კონკურსში წარმატებით სცადეს ბედი და ხელსაქმის სასწავლო პროგრამისთვის საჭირო დაფინანსება მიიღეს.
ჭრა-კერვის კლასი.
ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე
პირადი მაგალითის ძალა
მაკოს და მალოს დახმარებით, 42 ქალი ხელსაქმეს ოთხიდან ერთი მიმართულებით ეუფლება, იქნება ეს ქსოვა, ქარგვა, ჭრა-კერვა (ტანსაცმლის მოდელირება) თუ ტრიკოტაჟი (მაკრამეს ძაფით ქსოვა). მაკოს და მალოს თქმით, მათი ინიციატივის მიზანია ქალები ხელსაქმეში გაიწაფონ და საკუთარი ნაწარმის შექმნა-გასაღება შეძლონ, რამაც მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს.
ხელსაქმის პროექტის მონაწილეთა შორის შეხვდებით მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედებს, ქალებს, რომლებიც ადრე დაოჯახდნენ და განათლების გაგრძელების შესაძლებლობა არ ჰქონიათ, უსახსრობისა თუ სხვა მიზეზთა გამო.
მაკო ჭკადუა ჭრა-კერვის კლასში.
ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე
ამასთან, მაკომ და მალომ, დევნილობის გამოცდილების გათვალისწინებით, სასწავლო კურსი ისე მოაწყვეს, რომ ხელსაქმის შემსწავლელ ჯგუფებში დევნილებთან ერთად ადგილობრივი ქალებიც ყოფილიყვნენ. 42 მონაწილიდან 15 ქალი დევნილია, მათ მხარდამხარ კი ხელსაქმეს ზუგდიდის, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტების მკვიდრი ქალებიც ეუფლებიან. მაკოს და მალოს მიაჩნიათ, რომ ასე შეძლებენ თავიანთი წვლილი შეიტანონ დევნილთა ინტეგრაციაში.
„ბავშვობიდან გვაქვს ეს პრობლემა დევნილებს, ინტეგრირება გვიჭირს. ახლა ჩემი შვილის თაობაში ნაკლებადაა ასე, მაგრამ ჩემს ბავშვობაში აქტიურად გამოჰყოფდნენ ადგილობრივსა და დევნილს ერთმანეთისგან, იყო დევნილების ჩაგვრის შემთხვევები“, - გვეუბნება მაკო.
33 წლის მაკო გალის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩიგვარადანაა. დევნილობისას, ბავშვობის ნახევარი ქალაქ ზუგდიდში, „ფაიფურის“ კოლექტიური ჩასახლების ცენტრში დაჰყო. 31 წლის მალო კი გალის სოფელ საბერიოდანაა, ბავშვობის დიდი ნაწილი საბერიოსა (რომელსაც „პატარა, მთაგორიან სამოთხეს“ უწოდებს) და ზუგდიდს შორის აქვს გატარებული. გარკვეული პერიოდი ორივე თბილისში სწავლობდა, თუმცა მაშინ ერთმანეთს ჯერ არ იცნობდნენ.
მაკოსა და მალოს გზები ჯერ „აწარმოე საქართველოში“ გადაიკვეთა, შემდეგ კი საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთში“ (CHCA). 2018 წელს ცენტრმა „აფხაზეთმა“ დევნილებისათვის ხელსაქმის შემსწავლელი კურსები გამოაცხადა, სადაც მალო პოლიმერიას ასწავლიდა, მაკო და კიდევ ორი მონაწილე, მონიკა აბრალავა და სალომე ქარდავა კი სუტაჟის მოსწავლეები იყვნენ. როგორც საუკეთესო მოსწავლეები, მასწავლებლებად მაკოც, მონიკაც და სალომეც აიყვანეს. ასე გაჩნდა სოციალური საწარმოს, „ხელები მშვიდობისთვის“ გახსნის იდეა, რომელიც 2019 წელს ამ ოთხმა დევნილმა ახალგაზრდა ქალმა დააფუძნა.
ქარგვის გაკვეთილები დევნილთა კოლექტიურ ცენტრში „ენგურქაღალდკომბინატი“.
ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე
გამოწვევები და შესაძლებლობები
მაკოს და მალოს თქმით, რეგიონში ქალებს შორის ხელსაქმით დაინტერესება მაღალია. მათ პროექტში მონაწილეობაზე განაცხადი შარშან 150-მდე ქალმა შეავსო. ამათ შორის, 30-მდე ხელით შევსებული განაცხადიც იყო. სოფლად მცხოვრებ ქალებს ხშირად ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, ამიტომ მაკო და მალო თავად დადიოდნენ სოფლებში კარდაკარ, რათა მონაწილეობის შანსი ასეთი ქალებისთვისაც მიეცათ.
როგორც აღმოჩნდა, ხელსაქმის შესწავლის მსურველი კიდევ უფრო მეტია. ბევრ ქალს, სურვილის მიუხედავად, მსგავს პროექტებში ჩართვა და გაკვეთილებზე დასწრება უჭირს, რადგან მცირეწლოვანი ბავშვების მოვლა და სხვა საოჯახო საქმე სწავლისა და დასაქმებისთვის საჭირო დროს არ უტოვებს.
მსგავსი პრობლემა „ხელების მშვიდობისთვის“ პროექტის რამდენიმე მონაწილეს შეექმნა, თუმცა სასწავლო კურსის ორგანიზატორებმა ეს დაბრკოლება შედარებით მარტივად გადალახეს და მცირეწლოვანი ბავშვების დედებს გაკვეთილებზე შვილებთან ერთად დასწრება შესთავაზეს. ამისთვის „ხელების მშვიდობისთვის“ ოფისში სახელდახელოდ ადგილიც კი გამოყვეს, სადაც ბავშვებს თამაში და გართობა შეეძლოთ, სანამ მათი დედები ხელსაქმეს ეუფლებოდნენ.
„ზოგს სახლიდან გამოსვლის პრობლემა აქვს, ჩვილი ჰყავს, რომელსაც ბაღში ვერ ტოვებს. აქვთ ნიჭი, აქვთ უნარი, უნდათ მოსვლა, სწავლობენ, საოცარ რამეებს აკეთებენ, მაგრამ ხანდახან ვერ მოდიან - ქმარი მუშაობს, ან დედამთილი არ ჰყავთ, ვინც დაეხმარება. ერთი ბავშვი აქ გვიზის ხოლმე გაკვეთილებზე. მსგავს შემთხვევებში, ვეუბნებით გოგოებს, რომ აქ მოიყვანონ ბავშვები, ოღონდაც მოვიდნენ ის 2-3 საათი და ისწავლონ“, - ამბობს მალო.
ქარგვის გაკვეთილი დევნილთა კოლექტიურ ცენტრში „ენგურქაღალდკომბინატი“.
ფოტოს ავტორი: UNDP/ნინო ზედგინიძე
მალო დასძენს, რომ ქალთა წარმატებული და დამოუკიდებელი საქმიანობისთვის მხოლოდ ხელსაქმის გაკვეთილები საკმარისი არაა. „ერთი და ორი ტრენინგი არაა საკმარისი. მაქსიმალურად ვცდილობთ, მხოლოდ ჭრა-კერვის სწავლებით არ დასრულდეს საქმე. დამატებითი ტრენინგის კომპონენტიც იმიტომ ჩავდეთ პროექტში, რომ შემდეგ გოგოებს დამოუკიდებლად შეეძლოთ საქმიანობის გაგრძელება, იქნება ეს საგრანტო წინადადების შევსება, პროდუქციის გასაღება, თუ მარკეტინგი“.
მაკო და მალო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და მომავალს იმედით უყურებენ. მათი პროექტის ორი მონაწილე უკვე დასაქმდა სასწავლო კურსის ტრენერების საწარმოებში, ხოლო ჭრა-კერვის მოსწავლე ქალებმა ზუგდიდის ერთ-ერთი ბაღისგან საახალწლო ზეიმისთვის 25 კაბაზე მიიღეს შეკვეთა.
მაკოს თქმით, „იმდენად გაიზარდნენ ეს გოგოები, რომ ახლა უკვე თავად ეძებენ დაფინანსებას. ჩვენს თვალწინ გაიზარდნენ და ეს ძალიან მნიშნელოვანია“.
###
წინამდებარე ისტორია შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, პროექტის EU4Dialogue ფარგლებში. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არა ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.
1 of 5

ისტორია
13 თებერვალი 2023
7 მითი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მითების გაქარწყლება ხელს უწყობს სტიგმების დამარცხებას და ქმნის გარემოს, რომელშიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ითხოვოს მხარდაჭერა, როცა მას ეს სჭირდება. გთავაზობთ შვიდ ყველაზე გავრცელებულ მცდარ წარმოდგენას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ:
1. მითი: თუ ადამიანს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ეს ნიშნავს, რომ მას სუსტი გონებრივი შესაძლებლობები აქვს.
ფაქტი: ფსიქიკური, ისევე როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება შეექმნას ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად მისი გონებრივი შესაძლებლობის, სოციალური კლასისა თუ შემოსავლის დონისა.
2. მითი: ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ვიზრუნოთ, თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს.
ფაქტი: ყველას სჭირდება აქტიური ნაბიჯების გადადგმა მათი კეთილდღეობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ისევე როგორც, ყველას სჭირდება ჯანსაღი ჩვევების დანერგვა ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
3. მითი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მოზარდებში არ არის სერიოზული საკითხი. მათ ჰორმონების ცვალებადობის გამო ეცვლებათ ხშირად განწყობა და ამით უბრალოდ ყურადღების მიქცევა უნდათ.
ფაქტი: თინეიჯერებს ხშირად აქვთ გუნება-განწყობის ცვალებადობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოზარდს არ შეიძლება ჰქონდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. მსოფლიოში მოზარდების თოთხმეტი პროცენტი განიცდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. გლობალურად, 10-დან 15 წლამდე ასაკის ადამიანებში, თვითმკვლელობა სიკვდილის მეხუთე ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ხოლო 15-19 წლის მოზარდებისთვის - მეოთხე ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დიდი წილი 14 წლის ასაკში იწყება.
4. მითი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია შეუძლებელია.
ფაქტი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებისგან ადამიანები ბევრ ფაქტორს შეუძლია დაიცვას. მათ შორისაა სოციალური და ემოციური უნარების გაძლიერება, დახმარებისა და მხარდაჭერის დროული მიღება,, მხარდამჭერი, მოსიყვარულე, თბილი ოჯახური ურთიერთობები, პოზიტიური სასკოლო გარემო და ჯანსაღი ძილის რეჟიმი.
სირთულეების დაძლევის უნარი განპირობებულია დამცავი ფაქტორების ერთობლიობით. არც მხოლოდ გარემო პირობები და არც ცალკეული სტრესორები არ იწვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც კარგად უმკლავდებიან სირთულეებს, ჩვეულებრივ, აქვთ ბიოლოგიური რეზისტენტულობა, და ასევე ძლიერი, დამხმარე კავშირები ოჯახთან, მეგობრებთან და უფროსებთან მათ გარშემო. ეს კი ქმნის დამცავი ფაქტორების ერთობლიობას, რაც მყარ ფსიქიკურ მდგომარეობას განაპირობებს.
5. მითი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა სისუსტის ნიშანია. უფრო ძლიერი რომ იყოს, ეს პრობლემა არ შეექმნებოდა.
ფაქტი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არაფერ კავშირშია სისუსტესთან ან ნებისყოფის ნაკლებობასთან. ეს არ არის მდგომარეობა, რომელსაც ადამიანები ირჩევენ, ჰქონდეთ თუ არ ჰქონდეთ. სინამდვილეში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს დახმარების საჭიროების აღიარება და მოთხოვნა დიდ ძალასა და გამბედაობას მოითხოვს. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს.
6. მითი: მოზარდებს, რომლებიც იღებენ კარგ შეფასებებს და ჰყავთ ბევრი მეგობარი, არ ექმნებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მათ არ აქვთ დეპრესიაში ჩავარდნის მიზეზი.
ფაქტი: დეპრესია არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით. დეპრესიით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგი ჩანს მათი ცხოვრება გარედან. მოზარდები, რომლებიც სკოლაში კარგად სწავლობენ, შესაძლოა იყვნენ წარმატების მიღწევის მუდმივი წნეხის ქვეშ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შფოთვითი აშლილობა, ან შესაძლოა მათ სახლში ჰქონდეთ პრობლემური გარემო. მოზარდებს შეიძლება დაემართოთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა ისეთი მიზეზის გამოც, რომლის ამოცნობაც ერთი შეხედვით შეუძლებელია.
7. მითი: ცუდი აღზრდა მოზარდებში ფსიქიკურ აშლილობას იწვევს.
ფაქტი: ბევრმა ფაქტორმა - მათ შორის სიღარიბემ, უმუშევრობამ და ძალადობამ, მიგრაციამ და სხვა არახელსაყრელმა გარემოებებმა - შეიძლება იქონიოს გავლენა მოზარდების და მათი აღმზრდელის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და მათ ურთიერთობაზე. მოზარდებმა მოსიყვარულე, მხარდამჭერი ოჯახებიდანაც შეიძლება განიცადონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები, ისევე როგორც მოზარდებმა ისეთი ოჯახებიდან, სადაც თავად აღმზრდელებს სჭირდებათ დახმარება მოზარდის ჯანსაღი განვითარებისთვის ოპტიმალური გარემოს შესანარჩუნებლად. მხარდაჭერით, აღმზრდელებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ, რათა მოზარდებმა შეძლონ თავად დაძლიონ სირთულეები, რომლებიც ცხოვრებაში შეხვდებათ.
1 of 5

ისტორია
13 თებერვალი 2023
ხერთვისელი ქალები სოფლის ცხოვრებას ამრავალფეროვნებენ
„ძროხები, ხბოები, კურდღლები, ქათმები, მერე კი სახლის საქმეები და ოჯახი“, - 35 წლის მზია სურმანიძე იმ საშინაო საქმეების თანმიმდევრობას ასახელებს, რომლებსაც ყოველ დილით, შვიდი საათიდან ასრულებს. კურდღლების მოვლა მის დღის განრიგს 3 წლის წინ დაემატა: სწორედ მაშინ მზიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ფონდი ტასოს“ პროექტით დაფინანსება მიიღო და ასპინძის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთი რეგიონი) კურდღლების ფერმა პირველმა გააშენა.
მზია სოფელ ხერთვისში ქმარსა და 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. პროფესიით სტომატოლოგს, არასდროს უმუშავია, ამიტომ მეკურდღლეობამ მისი ყოველდღიურობა თავიდან ბოლომდე შეცვალა: „ცხოველების მოვლა ძალიან შრომატევადია. მეუღლე და შვილებიც მეხმარებიან, მაგრამ ვიცი, რომ კურდღლები სულ მე მელოდებიან. ფეხის ხმაზე ხვდებიან, ვინ მიდის მათთან და მოძრაობით გაგრძნობინებენ, რომ გიცნეს. აი, მაგალითად, მე რომ ვაკითხავ, კუთხეში ჯგუფდებიან და სანამ გამოვუცვლი, დავასუფთავებ, საჭმელს დავუყრი, ერთ ადგილას მიცდიან ხოლმე. მოფერებით სახელებს ვეძახი, ველაპარაკები, მათთან ურთიერთობა ძალიან მამშვიდებს“, - ჰყვება მზია.
დღემდე ახალგაზრდა ფერმერმა უკვე 35-ზე მეტი კურდღელი გაყიდა და ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროდაც აქცია. თუმცა, მზია მხოლოდ მეკურდღლეობით არ შემოიფარგლება და აქტიურადაა ჩართული „ფონდი ტასოს“ ინიციატივებში, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ამ პროექტით მზიას კურდღლების ფერმაც დაუფინანსდა და ინგლისური ენის შემსწავლელი სამთვიანი კურსიც. მასთან ერთად, საკუთარი საქმიანობის დასაწყებად, დაფინანსება ასპინძის მუნიციპალიტეტში 21-მა ქალმა მიიღო, პროფესიული კურსები 7-მა გაიარა, სოციალურ მობილიზაციაში კი 165 ჩაერთო.
„პირველად ტოლოშელი ქალებისგან გავიგე, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში ასეთი სიახლე იყო და გადავწყვიტე, ხერთვისიდანაც მიგვეღო მონაწილეობა. ტოლოშში, შეკრებებზე, ფეხით მივდიოდით ხოლმე, მე ხშირად ბავშვებსაც ვერ ვტოვებდი და თან მიმყავდა, პრაქტიკულად შეხვედრებსა და ღონისძიებებზე გავზარდე. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ახალ ცოდნას მივიღებდი, ოდესმე ჩემი ბიზნესი მექნებოდა და თან, წარმატებული“, - ამბობს მზია და დასძენს, რომ პროექტმა მისი თანასოფლელი ქალების ცხოვრებაც შეცვალა: სახლებიდან გამოიყვანა, მეტი სითამამე და თავდაჯერებულობა შემატა, საკუთარი უფლებები და რესურსების სწორად გამოყენება ასწავლა.
„ქალები სოფლის შეკრებებს საერთოდ არ ვესწრებოდით, ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა: თვითმმართველობიდან შეხვედრების ორგანიზებაზე რომ რეკავენ, სულ ამბობენ, ქალებს გააგებინეთო. ჩვენც, დარაზმულები, წინა ხაზზე ვდგავართ“, - აღნიშნავს მზია.
ქალების გაძლიერებამ ხერთვისელებისთვის სასიკეთო ცვლილებები უკვე მოიტანა: საჭიროებების კვლევის ჩატარების შემდეგ ქალები ადგილობრივ თვითმმართველობას მრგვალი მაგიდის ფორმატით შეხვდნენ, თანასოფლელების გამოწვევები გააცნეს და პირველ შედეგებსაც მიაღწიეს: მათი აქტიურობით, სკოლასთან დამაკავშირებელი ხიდი შეკეთდა, მალე კულტურული თავშეყრის სივრცის რემონტიც დასრულდება. ქალების მომდევნო გეგმა კი სოფელში ბიბლიოთეკისა და ამბულატორიის გახსნაა. „ძალიან ვაქტიურობთ და ვიცით, ყველაფერი გამოგვივა“, - ამბობს მზია და სამომავლო ინიციატივებისთვის ენთუზიაზმით ემზადება.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის, „ფონდი ტასოსა“ და ქეა საერთაშორისო კავკასიის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
1 of 5

ისტორია
13 თებერვალი 2023
ქართული ნუგბარი ევროპულ ბაზარზე
ეკა ბოქოლიშვილისთვის ყველაფერი სოფელ საქობოში, მის საკუთარ სამზარეულოში დაიწყო. მაშინ თათარას მხოლოდ ერთ ქვაბში ხარშავდა და უგემრიელესი ჩურჩხელა თავისი ხელით ამოჰყავდა. თუმცა, სჯეროდა, რომ ამ ოჯახურ ბიზნეს გაცილებით უფრო ფართო ასპარეზი ელოდებოდა.
„მაშინ ყველაფერს მე ვაკეთებდი,“ - ამბობს ბოქოლიშვილი. „ვხარშავდი თათარას, ნიგოზს ძაფზე ვაცვამდი, თათარაში ვავლებდი და გასაშრობად ვკიდებდი. იმ რაოდენობისთვის რასაც ვაწარმოებდით, ერთ ადამიანზე მეტი არ გვჭირდებოდა.“
მალე ყველაფერი შეიცვალა. ეკა ბოქოლიშვილმა და მისმა დეიდაშვილმა, ბიძინა ფხოველიშვილმა კომპანია „ნუგბარი“ დააარსეს და ქართული ტრადიციული ჩურჩხელას წარმოებას შეუდგნენ.
ბოქოლიშვილი მიხვდა, რომ მიზანთან იმაზე ახლოს იყო, ვიდრე ფიქრობდა, და „ნუგბარის“ პროდუქცია ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ადგილს წარმატებით დაიმკვიდრებდა.
ფოტოს ავტორი: UNDP/სანდრო სიამაშვილი
უეცარი ზრდა და გაუთვალისწინებელი გამოწვევები
საქართველოს დიდ სუპერმარკეტებში „ნუგბარის“ სულ უფრო მეტ ჩურჩხელას იყიდებოდა და მოთხოვნაც საგრძნობლად გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ექსპორტის შეთავაზებებიც მოჰყვა. ბოქოლიშვილმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა გადაწყვიტეს, რომ პროდუქციის წარმოებისთვის პატარა სამზარეულო საკმარისი აღარ იყო. 2018 წელს, მათ იმავე სოფელში მიწის ნაკვეთი და ძველი შენობა შეიძინეს, გაარემონტეს და ბიზნესის გაფართოება დაიწყეს.
ბოქოლიშვილმა ადგილობრივი მაცხოვრებლები დაიქირავა, ძირითადად ქალები, რომლებიც ჩურჩხელას წარმოების სრულ ციკლში არიან ჩართული, თათარას მომზადებიდან პროდუქტის შეფუთვამდე.
ის, რაც ერთი ადამიანის შრომით დაიწყო, სრულმასშტაბიან ბიზნესად იქცა, რომელიც 60 ადამიანს ასაქმებდა და ყოველდღიურად 5,000-დან 6,000-მდე ჩურჩხელას აწარმოებდა. „ნუგბარის“ პროდუქცია მთელ საქართველოში იყიდებოდა და 20-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტზე გადიოდა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკრაინაში, ლიეტუვაში, გერმანიაში, ჩინეთში, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში.
როცა „ნუგბარი“ წარმატების ახალ საფეხურზე გადადიოდა, მსოფლიოში პანდემია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო მუშაობას განაგრძობდა, პროდუქციის ექსპორტი შენელდა და ადგილობრივი მოთხოვნაც საგრძნობლად შემცირდა.
„მაშინ ვის ახსოვდა ჩურჩხელა, ხალხი სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდა,“ - ამბობს ბოქოლიშვილი.
2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, რის გამოც რეგიონში ეკონომიკური კრიზისი განვითარდა. „ნუგბარისთვის“ უკრაინა ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო მიმართულება იყო, სადაც ყოველთვიურად მინიმუმ 10,000 ჩურჩხელა იგზავნებოდა. გარდა ამისა, „ნუგბარის“ ექსპორტიორებს რუსეთის გავლით ბალტიის ქვეყნებში იაფად გაჰქონდათ პროდუქცია, მაგრამ ომის პირობებში ეს მარშრუტი გაცილებით გაძვირდა.
„ლიეტუველი იმპორტიორები თვეში 25,000-ზე მეტ ჩურჩხელას ყიდულობდნენ. ახლა მხოლოდ 5,000 შეუკვეთეს, რათა გატესტონ, ძვირი იქნება თუ არა ექსპორტი ომის დროს“, - განმარტა ბოქოლიშვილმა.
პანდემიამდე და უკრაინაში ომის დაწყებამდე, „ნუგბარს“ ექსპორტზე ყოველთვიურად 65,000 ჩურჩხელა გაჰქონდა. ახლა ეს მაჩვენებელი 15,000-მდე შემცირდა.
ფოტოს ავტორი: UNDP/სანდრო სიამაშვილი
ახალი გზა
ორი გლობალური გამოწვევის გარდა, კომპანიას შიდა პრობლემაც ჰქონდა - პროდუქტის შესაფუთად გამოყენებული ვაკუუმის აპარატი დიდი რაოდენობით ჩურჩხელას ვერ ამუშავებდა და ხშირად ფუჭდებოდა.
„ძველი მანქანა ისევ ვერ ფუთავდა პროდუქტს, რომ ჰაერი არ შესულიყო. ჩვენი ჩურჩხელა თვეების მანძილზე მოგზაურობს, ხშირად სიცივისა და მაღალი ტენიანობის პირობებში. რადგან პროდუქცია კარგად დალუქული არ იყო, გზაში მაგრდებოდა და შაქრიან ზედაპირს იკეთებდა,“ - ამბობს ბოქოლიშვილი. ის აღნიშნავს, რომ პროდუქციის ხარისხი დაეცა და მომხმარებლები უკმაყოფილო იყვნენ.
წარმოების პრობლემების მოსაგვარებლად, „ნუგბარმა“ მიიღო ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერა მათი ერთობლივი პროექტისგან „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“, რომელიც ევროკავშირი ბიზნესისთვის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება
„ნუგბარი“ შეფუთულ ჩურჩხელას აწარმოებს, რითიც შეფუთვის სექტორშიც ჩართულია. ევროკავშირის პროექტი კი კომპანიას ახალი, თანამედროვე დანადგარის შეძენაში დაეხმარა. ამ მოწყობილობის გამოყენებით „ნუგბარმა“ შეფუთვის ინოვაციური ტექნოლოგია დანერგა, რომელიც ამცირებს საკვებისა და წარმოების/შეფუთვის ნარჩენებს. ეს დანადგარები იყენებენ სრულად გადამუშავებად ნედლეულს და აქვთ 30 პროცენტით ნაკლები ნარჩენები, ვიდრე ტრადიციული ვაკუუმის შესაფუთ მანქანებს.
„ახალი ტექნიკით ყოველდღიურად შეგვიძლია 10,000-ზე მეტი ჩურჩხელას დამუშავება. ეს კი ნიშნავს, რომ ახლა გვაქვს რესურსი იმისთვის, რომ პროდუქციის ხარისხში დარწმუნებული ვიყოთ და დიდი საექსპორტო შეკვეთები მივიღოთ“, - ამბობს ეკა.
„ძველ და ახალ დანადგარს შორის დიდი განსხვავებაა. ეს ძალიან გვახარებს“.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტი მხარს უჭერს შემფუთველთა კლასტერს და სტრატეგიული ინვესტიციების დახმარებით კომპანიებს აძლიერებს. „ნუგბარმა“ დაფინანსება მიიღო საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს შეფუთვის ღირებულების ჯაჭვის კომპანიებში ინვესტიციების მოდერნიზაციის მხარდაჭერას.
მიუხედავად გამოწვევებისა, თანამედროვე დანადგარის გამოყენებით, ეკა ბოქოლიშვილი გეგმავს რომ ქართული ჩურჩხელა დიდი რაოდენობით კიდევ ბევრ ქვეყანაში გაიტანოს ექსპორტზე.
„ახლა გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ ყოველდღიურად 15,000 ჩურჩხელა ვაწარმოოთ,“ ამბობს ის, და აღნიშნავს, რომ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერამ კომპანიის პრობლემა გადაჭრა.
„რაც მეტს გავიტანთ ექსპორტზე, მით უფრო მეტი ხალხი გაიგებს საქართველოსა და მისი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შესახებ. ჩვენც ზუსტად ეს გვინდა.“
ეკა ბოქოლიშვილი, ჩურჩხელას მწარმოებელი
1 of 5

ისტორია
13 თებერვალი 2023
ოთხი რჩევა - რისი გაკეთება შეგიძლიათ მოზარდი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად
მიუხედავად იმისა, თქვენს მოზარდ შვილთან ჰარმონიულ ურთიერთობაში ხართ, თუ ამ მხრივ გამოწვევები გაქვთ, მნიშვნელოვანია აგრძნობინოთ, რომ უპირობოდ გიყვართ და მხარს უჭერთ მას, რომ სირთულეების დროს თქვენი დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს და მუდამ მის გვერდით ხართ.
გთავაზობთ ოთხ რჩევას - რა გაითვალისწინოთ მოზარდთან საუბრისას, როგორ აგრძნობინოთ თქვენი მხარდაჭერა.
1. წაახალისეთ ისინი, გააზიარონ გრძნობები
მოძებნეთ გზები თქვენი მოზარდთან საუბრის წამოწყებისთვის. დაინტერესდით, როგორი იყო მათი დღე, რას საქმიანობდნენ. შეგიძლიათ თხოვოთ დახმარება სახლის საქმიანობაში, მაგალითად სადილის მომზადებაში და ეს დრო გამოიყენოთ მათი დღის შესახებ სასაუბროდ.
შეახსენეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მათ გვერდით ხართ და რომ გსურთ იცოდეთ, როგორ გრძნობენ თავს და რას ფიქრობენ. რამდენიმე მარტივი წამახალისებელი სიტყვა საკმარისია იმისთვის, რომ მოუნდეთ თქვენთვის თავისი გრძნობების გაზიარება.
მნიშვნელოვანია მიიღოთ და გაიგოთ ემოციები, რომლებსაც ისინი განიცდიან, მაშინაც კი, თუ ეს თქვენთვის არასასიამოვნოა. როდესაც ისინი გულწრფელად გესაუბრებიან, შეგიძლიათ უბრალოდ უპასუხოთ "მესმის", "რთულ სიტუაციას ჰგავს" ან "ლოგიკურია".
როგორც წესი, ადვილად ვამჩნევთ მოზარდის იმ ქცევას, რომელიც არ მოგვწონს. მაგრამ ასევე შეეცადეთ შეამჩნიოთ და შეაქოთ ისინი იმისთვის, რასაც კარგად აკეთებენ - თუნდაც ისეთი მარტივი რამისთვის, როგორიცაა საკუთარი თეფშის გარეცხვა.
2. გამოყავით დრო მათ მხარდასაჭერად
ერთად იმუშავეთ ახალი რუტინებისა და ადვილად მისაღწევი მიზნების დასახვაზე. გააკეთეთ საშინაო და სასკოლო საქმეების გეგმა, დაისახეთ მიზნად, რომ სადილამდე მოესწროს საშინაო დავალების შესრულება.
მოზარდობა ნიშნავს დამოუკიდებლობას! ეცადეთ, თქვენს მოზარდს მისცეთ დრო და სივრცე საკუთარი თავისთვის. პირადი სივრცის საჭიროება ზრდის ნორმალური ნაწილია.
მხარი დაუჭირეთ და წაახალისეთ თქვენი მოზარდი, რომ დაისვენოს სასკოლო და საშინაო დავალებებიდან და სხვა საქმიანობისგან, და იპოვოს დრო იმის გასაკეთებლად, რაც სიამოვნებს. თუ თქვენი შვილი იმედგაცრუებულად გრძნობს თავს, პრობლემების გადაჭრის გზები მასთან ერთად ეძიეთ და ეცადეთ, არ აიღოთ ინიციატივა მთლიანად თქვენს თავზე, არ უთხრათ რა გააკეთოს.
3. ერთად იმუშავეთ კონფლიქტის მოგვარებაზე
მოუსმინეთ თქვენი მოზარდის მოსაზრებებს და შეეცადეთ მშვიდად მოაგვაროთ კონფლიქტი. დაიმახსოვრეთ: ყველა შეიძლება იყოს დასტრესილი!
არასოდეს განიხილოთ საკითხი, როცა გაბრაზებული ხართ. წადით, ღრმად ჩაისუნთქეთ და დამშვიდდით - მოზარდს მოგვიანებით გაესაუბრებით.
მოერიდეთ ძალაუფლების დემონსტრირებას. მოზარდს, რომლისთვისაც სამყარო არაპროგნოზირებადი, ხოლო მომავლის არჩევანი შეზღუდული ჩანს, ისედაც უჭირს კონტროლის განცდა. რაც არ უნდა რთული იყოს ეს თქვენთვის, თანაგრძნობით შეხვდით მათ სურვილს დაამტკიცონ, რომ აკონტროლებენ სიტუაციას ამ რთულ პერიოდში. ნუ ეცდებით, დაუმტკიცოთ საწინააღმდეგო და გაიმარჯვოთ მასზე.
იყავით გულწრფელი და პირდაპირი: შეგიძლიათ უთხრათ, რომ თქვენც დასტრესილი ხართ. იმის ჩვენება, თუ როგორ უმკლავდებით საკუთარ რთულ გრძნობებს, ეხმარება მოზარდს გააცნობიეროს, რომ მისი რთული გრძნობებიც ნორმალური მოვლენაა.
კონფლიქტის შემთხვევაში, დაუთმეთ დრო იმაზე ფიქრს, თუ როგორ შეგიძლიათ სიტუაციის მოგვარება თქვენს მოზარდთან ერთად. განიხილეთ ეს მოსაზრებები თქვენს შვილთან, რათა დაინახოს თქვენი მსჯელობის ლოგიკა.
4. იზრუნეთ საკუთარ თავზე
მშობლებს ბევრი საქმე და საფიქრალი აქვთ. თქვენც გჭირდებათ ზრუნვა და მხარდაჭერა. საკუთარ თავზე ზრუნვის ჩვენება კარგი მაგალითი იქნება თქვენი მოზარდისთვისაც, ამ პრაქტიკის დამკვიდრებისთვის.
ნუ დააყოვნებთ სხვებისთვის დახმარების თხოვნას, თუ თავს ზედმეტად გადაღლილად გრძნობთ. ასეთი მდგომარეობა ნორმალური და მოსალოდნელია. იპოვეთ ოჯახის წევრი ან ახლობელი, ვისთანაც შეგიძლიათ ისაუბროთ და გრძნობები გაუზიაროთ.
დაუთმეთ დრო პირად ურთიერთობებს. შეეცადეთ იპოვოთ რამდენიმე ადამიანი, ვისთანაც შეძლებთ გრძნობების და გამოცდილების გაზიარებას. რეგულარულად გამოყავით დრო მათთან საურთიერთოდ და სასაუბროდ, თუ როგორ გრძნობთ თავს.
დღის განმავლობაში დაუთმეთ დრო ისეთ საქმიანობას, რაც დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში და მის მართვაში. მიუხედავად იმისა, თქვენი დღე დატვირთულია თუ თავისუფალი, საკუთარ თავზე ზრუნვისთვის დროის გამოყოფა აუცილებელია თქვენი კეთილდღეობისთვის. იმ საქმის კეთება, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ, ან თუნდაც რამდენიმეწუთიანი სრულფასოვანი დასვენება დაგეხმარებათ განტვირთვაში და ახალი ენერგიის მოკრებაში.
სცადეთ სტრესის დაძლევის პოზიტიური სტრატეგიები, მაგალითად ფიზიკური აქტივობა, მეგობრებთან საუბარი, საქმეების სიის შედგენა და კვირის წინასწარ დაგეგმვა. მიყევით ჯანსაღ რუტინას, დაფიქრდით, რისთვის ხართ მადლიერი, რა გეამაყებათ. აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ - დაკავდით მუსიკით, ცეკვით, ან დღიურის წერით.
სტატიაში გამოყენებული გზავნილები შემუშავებულია უწყებათაშორისი მუდმივი კომიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ჯგუფის მიერ.
1 of 5

პრეს-რელიზი
21 მაისი 2023
მარილის მოხმარების შემცირება საქართველოში 10,000 ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო მარილის შემცირების ეროვნული კამპანია „ნაკლები მარილი, უკეთესი ჯანმრთელობა საქართველოსთვის“, რომელიც არაგადამდებ დაავადებათა შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაწილია. ერთობლივი კამპანია, რომელიც ეყრდნობა ქცევით ფაქტორებს, მიზნად ისახავს მოსახლეობის და გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირებულობის ამაღლებას მარილის ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების და მარილის მოხმარების შემცირების არსებული სტრატეგიებისა და ხერხების შესახებ.
მარილის მაღალი მოხმარება არტერიული ჰიპერტენზიისა და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებების მთავარი რისკ-ფაქტორია. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ავადობის, უნარშეზღუდულობის და სიკვდილობის ძირითადი მიზეზია გლობალურად და საქართველოში და წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს. ამასთანავე, ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კავშირს მარილის ჭარბ მოხმარებასა და ისეთი დაავადების გაზრდილ რისკებს შორის, როგორიცაა კუჭის კიბო, სიმსუქნე, ოსტეოპოროზი და თირკმლის სნეულებები. 2016 წლის STEPS კვლევის მიხედვით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს 8.5 გ მარილს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმოს მიერ რეკომენდებულ დოზას (5 გრამი/დღე). მამაკაცებს შორის კი, რომლებიც გულის დაავადებათა უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ეს მაჩვენებელი დღეში 10 გრამს უტოლდება.
WHO-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა წამოიწყო ინიციატივა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ტვირთის და მაღალი არტერიული წნევის გავრცელების უთანასწორობის შესამცირებლად ჰიპერტენზიის კონტროლის გაუმჯობესებით პირველადი ჯანდაცვის დონეზე და მარილის შემცირების სტრატეგიების დანერგვით. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ევროპის რეგიონში, რომელიც ამ ინიციატივას გამოეხმაურა.
„უახლესი მტკიცებულებების თანახმად, მარილის მოხმარების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ყველაზე მაღალი უკუგება. საქართველოში, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ამ ინიციატივას შეუძლია გადაარჩინოს 10 000-მდე სიცოცხლე, ხოლო ეკონომიკური მოგება ყოველ დახარჯულ 1 ლარზე 19.6 ლარია“ - განაცხადა სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელმა და წარმომადგენელმა საქართველოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
მარილის შემცირების კამპანია.
Talking with patients about salt can save their lives: doctors fight hypertension in Georgia
1 of 5
პრეს-რელიზი
16 მაისი 2023
მხარი დაუჭირეთ ყველა ადამიანის უფლებების დაცვას - შეწყვიტეთ დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში ლგბტქი+ პირთა მიმართ
ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT) კიდევ ერთხელ მივესალმებით მრავალფეროვნებას და სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში. ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას. მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა.
ჩვენ მივესალმებით საქართველოში უმცირესობათა უფლებების დასაცავად გაძლიერებულ საზოგადოებრივ მხარდაჭერას – 2015 წლიდან გაორმაგდა მათი რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ დაცული უნდა იყოს ლგბტქი+ პირთა უფლებები.[1] ასევე მივესალმებით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის გამო ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვას, რასაც 2014 წლიდან უზრუნველყოფს საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ჩვენ ვაღიარებთ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ძალისხმევას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად.
თუმცა გვაშფოთებს, რომ ძალისხმევის მიუხედავად, ამ მიმართულებით წინსვლა შეფერხდა. ახლად მიღებული ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები, კერძოდ, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022−2030 წლებისთვის, საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია და ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია, არ შეიცავს მექანიზმებს ლგბტქი+ პირთა დაცვისა და ჩართულობის გაძლიერებისთვის. ზოგიერთი საჯარო მოხელის, პოლიტიკოსის, მედიისა და სასულიერო პირის მხრიდან სტიგმატიზაცია, დისკრიმინაციული გამონათქვამები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ლგბტქი+ პირების მეტად შევიწროებას და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. ბოლო წლებში მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ, მათ შორის 2021 წლის ივლისის პრაიდ კვირეულის დროს, ძალადობის აშკარად წამქეზებელ და ჩამდენ ადამიანთა უმრავლესობა. ეს კიდევ უფრო ზღუდავს ლგბტქი+ პირთა შესაძლებლობას გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრების უფლება.
საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა შეუსაბამოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. დაიცვას ლგბტქი+ პირთა უფლებები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას, რომელშიც ყველა შეძლებს უსაფრთხოდ და თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ თავთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები, ჩვენ მზად ვართ, ქართველ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძოთ მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად.
[1] ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)/SIDA/UNW/UNDP/UNFPA (2022 წ.), „ცრურწმენიდან თანასწორობამდე: საზოგადოებრივი ცოდნის, ცნობიერებისა და ლგბტ(Q)I თემის მიმართ დამოკიდებულების კვლევა და სამართლებრივი თანასწორობა“, წყარო: https://bit.ly/3KN7hh3
1 of 5
პრეს-რელიზი
14 მაისი 2023
საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი (UNCT) წლიურ ანგარიშს აქვეყნებს
ანგარიში დეტალურად აღწერს გაეროს უწყებების ძალისხმევას, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოს ეროვნული განვითარების პრიორიტეტებისა და მდგრადი განვითარების მიზნების წინსვლას საქართველოში ყველა ადამიანის, განსაკუთრებით, მოსახლეობის მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფებისა, და მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასარგებლოდ.
ანგარიშში ხაზგასმულია გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხუთ პრიორიტეტულ სფეროში მიღწეული წინსვლა, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა უფლებებზე დაფუძნებული და ანგარიშვალდებული მმართველობა და სამართალი, ინკლუზიური ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, ხარისხიან სერვისებზე თანაბარი და ინკლუზიური ხელმისაწვდომობა, ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტუციები, ადამიანის უსაფრთხოება და სიცოცხლისუნარიანობა, მდგრადი გარემო და კლიმატის ცვლილება.
გაერო საქმიანობა მიზნად ისახავს, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს მხარდაჭერის გარეშე. 2022 წელს გაერო უზრუნველყოფდა მთავრობის მხარდაჭერას შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რისთვისაც შემოიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ბიოფსიქოსოციალური შეფასება, მიიღო რეაბილიტაციის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და გააუმჯობესა საკანონმდებლო ბაზა ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და საჭიროებების ინტეგრირებისთვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიღწევებს შორის არის 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის, 2022-2024 წლების გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ასევე მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავება, რომლებიც ცენტრალურ როლს თამაშობენ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში.
კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება იყო ეროვნული დეცენტრალიზაციის რეფორმის და ინსტიტუციური გაძლიერებისა და სხვა საკვანძო სფეროების მხარდაჭერა.
ანგარიშში ხაზგასმულია ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის, საქართველოს სასურსათო სისტემის მდგრადობის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევები. ამასთანავე, ანგარიშში მოცემულია გაეროს მხარდაჭერის მიმოხილვა კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის, რათა მათ საშუალება მისცენ ისარგებლონ ადამიანის უფლებებით, გაძლიერებული ადამიანური უსაფრთხოებისა და მდგრადობით.
„ბოლო რამდენიმე წელი განსაკუთრებით რთული იყო, რადგან რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, კოვიდმა და კლიმატის კრიზისმა მსოფლიო და ეს რეგიონი უკიდურესი გამოწვევების წინაშე დააყენა. 2022 წელს გაერომ მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს გამოწვევების დაძლევაში, მდგრადობის გაძლიერებასა და მდგრადი განვითარებისკენ წინსვლისთვის პრიორიტეტების განსაზღვრაში, ჯამურად 56 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის მეშვეობით,“ - ნათქვამია ანგარიშის წინასიტყვაობაში.
დამატებითი ინფორმაცია 2022 წელს გაეროს ერთობლივი შედეგების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ანგარიშში, რომელიც ხელმისაწვდომია გაეროს ვებსაიტზე.
1 of 5
პრეს-რელიზი
03 მაისი 2023
გენერალური მდივნის ვიდეომიმართვა პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
,,სამი ათწლეულის განმავლობაში, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს ჟურნალისტებისა და მედიამუშაკების მუშაობას.
ეს დღე ხაზს უსვამს მარტივ ჭეშმარიტებას: მთელი ჩვენი თავისუფლება დამოკიდებულია პრესის თავისუფლებაზე.
პრესის თავისუფლება დემოკრატიისა და სამართლიანობის საფუძველია. იგი უზრუნველყოფს ფაქტებს, რომლებიც გვჭირდება აზრის ფორმირებისთვის და ხელისუფლებისთვის სიმართლის სათქმელად. და როგორც წლევანდელი თემა გვახსენებს, პრესის თავისუფლების გარეშე ადამიანის უფლებები ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
მაგრამ მსოფლიოს ყველა კუთხეში პრესის თავისუფლება თავდასხმის ქვეშაა.
სიმართლეს ემუქრება დეზინფორმაცია და სიძულვილის ენა, რომელიც ცდილობს წაშალოს ზღვარი ფაქტსა და ფიქციას, მეცნიერებასა და შეთქმულების თეორიას შორის.
მედიაინდუსტრიის მზარდი კონცენტრაცია საზოგადოების მცირე ნაწილის ხელში, მრავალი დამოუკიდებელი საინფორმაციო ორგანიზაციის ფინანსური კოლაფსი და ისეთი ეროვნული კანონებისა და რეგულაციების გაძლიერება, რომლებიც მიმართულია ჟურნალისტების ჩახშობაზე, კიდევ უფრო აფართოებს ცენზურის მოქმედებას და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.
იმავდროულად, ჟურნალისტები და მედიამუშაკები, თავიანთი სასიცოცხლო მნიშვნელობის სამუშაოს შესრულებისას, პირდაპირ სამიზნედ არიან ქცეული როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში. მათ რეგულარულად ავიწროებენ, აშინებენ, აკავებენ და აპატიმრებენ.
2022 წელს სულ მცირე 67 ჟურნალისტი და მედიამუშაკი დაიღუპა, რაც წარმოუდგენელი 50%-იანი მატებაა წინა წელთან შედარებით. ქალი ჟურნალისტების თითქმის სამი მეოთხედი განიცდიდა ძალადობას ონლაინ რეჟიმში, და მათგან ყოველ მეოთხეს ფიზიკურად ემუქრებოდნენ.
ათი წლის წინ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა ჟურნალისტთა უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, იმისათვის, რომ დაიცვას მედიამუშაკები და დაასრულოს მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობა.
ამ და პრესის თავისუფლების ყოველ საერთაშორისო დღეს, მსოფლიომ ერთ ხმაში უნდა ისაუბროს. შეაჩერეთ მუქარა და თავდასხმა. შეწყვიტეთ ჟურნალისტების დაკავება და დაპატიმრება, მათი საქმის კეთების გამო. შეწყვიტეთ ტყუილი და დეზინფორმაცია. შეწყვიტეთ მათი დევნა, ვინც სიმართლეს ამბობს.
როდესაც ჟურნალისტები იცავენ სიმართლეს, მსოფლიო მხარს უჭერს მათ”.
1 of 5
პრეს-რელიზი
28 აპრილი 2023
ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა 2023
ევროკავშირისა (EU) და გაეროს (UN) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას 2023 წლის ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლაში.
საზაფხულო სკოლის მიზანია ადამიანის უფლებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება. სასწავლო პროგრამა ეძღვნება ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ აქტუალურ საკითხებს და გაჯერებულია სხვადასხვა სახის აქტივობებით.
საზაფხულო სკოლა გაიმართება 19-23 ივნისს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები
ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს და/ან კურსდამთავრებულს, რომელიც:
ფლობს სახელმწიფო ენას;
არის 25 წლამდე ასაკის;
მზადაა სრულად დაესწროს საზაფხულო სკოლას.
*რეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები წახალისებულნი არიან, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში.
მონაწილეთა რეგისტრაცია
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი განაცხადის ფორმის მეშვეობით.
სამოტივაციო წერილში უნდა იყოს აღწერილი, თუ რა სახის გამოცდილება აქვს მონაწილეს ადამიანის უფლებების მიმართულებით, რატომ სურს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას სამომავლო საქმიანობაში. სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.
იხ. სარეგისტრაციო ფორმა.
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 მაისი.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მონაწილეთა ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები სრულად უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორების მიერ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: projects@tcj.gov.ge
1 of 5
უახლოესი რესურსები
1 / 11
რესურსები
30 ივნისი 2021
რესურსები
08 მარტი 2021
1 / 11