2026 წლის 14 სექტემბრიდან ბატონი ჟოაო ბრედა ოფიციალურად შეუდგა საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის წარმომადგენლის მოვალეობის შესრულებას.
საქართველოში ჩამოსვლამდე, ბ-ნი ბრედა WHO-ს სპეციალური წარმომადგენელი იყო საბერძნეთში და ხელმძღვანელობდა ათენში განთავსებულ ჯანმოს ევროპის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისა და პაციენტის უსაფრთხოების (QoC) ოფისს.
ბ-ნი ბრედა პორტუგალიის მოქალაქეა და ფლობს დოქტორის ხარისხს ნუტრიციოლოგიაში, მაგისტრის ხარისხს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს. მას WHO-ში მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მათ შორის კოპენჰაგენი (2010–2017), მოსკოვი (2017–2021), და ათენი (2021–2026). მანვე დააფუძნა ათენის საუკეთესო პრაქტიკის ცენტრი (Athens Centre of Excellence), რომელიც ორიენტირებულია სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, აგრეთვე ჯანდაცვის სფეროში ინოვაციებისა და ლიდერობის ხელშეწყობაზე.
ამას გარდა, WHO ევროპის რეგიონულ ოფისში კვების, ფიზიკური აქტივობისა და სიმსუქნის პროგრამის ხელმძღვანელის რანგში, ბ-ნი ბრედა უძღვებოდა სურსათისა და კვების სამოქმედო გეგმებისა და ფიზიკური აქტივობის სტრატეგიების შემუშავების, დანერგვისა და შეფასების სამუშაოებს. იგი ასევე ხელმძღვანელობდა WHO არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ოფისს, რომელიც თავად დააფუძნა და მნიშვნელოვან რეგიონულ ინიციატივად ჩამოაყალიბა.
ჟოაო ბრედა WHO ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლიდერობის კურსის ხუთივე გამოშვების თანადირექტორია და WHO სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების ევროპული საშემოდგომო სკოლის შექმნას ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, იგი WHO ევროპის რეგიონული ოფისის თანამშრომელთა ასოციაციის (EURSA) ყოფილი პრეზიდენტია.
მის წვლილს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის ლიდერობის სფეროში ფართო აღიარება ხვდა წილად. პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრომ იგი ჯანდაცვის სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისთვის ოქროს მედლით დააჯილდოვა, ხოლო WHO-მ ორჯერ მიანიჭა საუკეთესო გუნდის ჯილდო (Awards of Excellence). იგი 20-ზე მეტი სამეცნიერო და აკადემიური ჯილდოს მფლობელია.
ბ-ნ ბრედას, როგორც მკვლევარს, 400-ზე მეტი აკადემიური სტატია და ანგარიში, აგრეთვე 20-ზე მეტი წიგნი აქვს გამოქვეყნებული.