ისტორია
04 სექტემბერი 2026
გაეროს საქმიანობაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება საქართველოში
ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის (YAG) წევრებმა საქმიანობა ოფიციალურად 2 სექტემბერს თბილისში გამართული პირველი სამუშაო შეხვედრით დაიწყეს. შეხვედრას ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შერჩეული 15 ახალგაზრდა ლიდერი ესწრებოდა.საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის, დიდიე ტრებუკის, ინიციატივით შექმნილი ჯგუფი გაეროს სააგენტოების საკონსულტაციო პლატფორმის ფუნქციას შეასრულებს. ჯგუფის მიზანია, მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდულ პოლიტიკასთან, პროგრამებსა და სტრატეგიებთან დაკავშირებულ მსჯელობაში, გაეროს საკუთარი მოსაზრებები გაუზიაროს და უზრუნველყოს, რომ ახალგაზრდების ხმები გათვალისწინებულ იქნეს გაეროს პროგრამებისა და გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს 2026-2030 წლების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესებში.პირველი შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეცნოთ ერთმანეთი, გაეცვალათ იდეები და მოსაზრებები, და ჩამოეყალიბებინათ სამომავლო საქმიანობის ერთობლივი სტრატეგია.„ახალგაზრდები გაეროს მიმდინარე საქმიანობის ჩამოყალიბებაში საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ უმნიშვნელოვანესი პარტნიორები არიან. შინაარსიანი მონაწილეობისა და მუდმივი ჩართულობის გზით ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ახალგაზრდების ხმებმა, იდეებმა და მათმა გამოცდილებამ ხელი შეუწყოს პრიორიტეტების განსაზღვრას და რეალური, მდგრადი ცვლილებების განხორციელებას საქართველოსთან 2026-2030 წლების თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში. საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაზე აისახება“, - განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დიდიე ტრებუკმა.შეხვედრის მთავარი აქცენტი ახალგაზრდების ჩართულობის რეალისტური შესაძლებლობების განსაზღვრასა და ჯგუფის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენაზე გამახვილდა. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს იმ აქტივობებსა და პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებზეც ჯგუფი ერთობლივად იმუშავებს.ჯგუფის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ მათი მანდატის ფარგლებში მთავარი მიზანი საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებისა და შეხედულებების წარმოჩენა და მათი გაეროსთვის კონკრეტულ, პრაქტიკულად განსახორციელებელ რეკომენდაციებად გარდაქმნა იქნება.„ამ ჯგუფის შექმნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ერთმანეთს მოუსმინონ, გაცვალონ მოსაზრებები და იდეები, კონსტრუქციულად ჩაერთონ პროცესებში და რეალური ცვლილებები მოახდინონ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის წევრმა და ახალგაზრდულმა აქტივისტმა რეზი დგებუაძემ, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა.შეხვედრაზე ასევე ისაუბრა პანკისის ხეობის (ახმეტის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდა ლიდერმა გიორგი მოქვერაშვილმა. მან მიესალმა ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას.„ახალგაზრდებისთვის შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა. ამ ჯგუფში არიან ახალგაზრდები არა მხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ საქართველოს რეგიონებიდანაც“, - აღნიშნა მან.„ვფიქრობ, ამ ჯგუფის შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ, ახალგაზრდებს, შეგვიძლია რეალური ცვლილებები მოვიტანოთ უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა სალომე ჩახაიამ, ახალგაზრდა ლიდერმა ზუგდიდიდან.ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. შერჩევის პროცესმა უზრუნველყო სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, ინტერესებისა და გამოცდილების მქონე ახალგაზრდების წარმომადგენლობა.ეს მოტივირებული ახალგაზრდები ჯგუფის საქმიანობაში ცოდნას, კრეატიულობასა და ენთუზიაზმს შემოიტანენ, რითაც საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებასა და დინამიზმს წარმოაჩენენ.მომავალ პერიოდში ჯგუფის წევრები გააგრძელებენ შეხვედრაზე განსაზღვრულ პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობას. დაგეგმილი შემდგომი შეხვედრების ფარგლებში ისინი შეაფასებენ მიღწეულ პროგრესს და სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდებიან.ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის მიზანია, ერთჯერადი კონსულტაციების ფარგლებს გასცდეს და ჩამოაყალიბოს ახალგაზრდების ერთობლივი იდეებისა და ინიციატივების შექმნაზე ორიენტირებული, უფრო სისტემური, ინკლუზიური და მდგრადი ჩართულობის მოდელი. ჯგუფი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებსა და გაეროს შორის კონსტრუქციული დიალოგის სივრცის შექმნას და, ამავდროულად, გაეროს მიერ საქართველოს მოსახლეობისთვის გაწეული მხარდაჭერის მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე უკეთ მორგებას.ეს ინიციატივა ასევე მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას ახალი ეროვნული ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ამ პროცესში ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდების მონაწილეობის, ინკლუზიისა და გაძლიერების შესახებ ფართო ეროვნულ დისკუსიაში და შექმნას მნიშვნელოვანი არხი ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში.