საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემა წარმოადგენს სხვადასხვა ინსტიტუტების: ფონდების, პროგრამებისა და სპეციალიზებული სააგენტოების უნიკალურ ერთობლიობას, რომელთაც საქართველოს განვითარებისა და ხალხის გაძლიერების საერთო ხედვა აერთიანებს.
საქართველო გაეროს შეუერთდა 1992 წლის 31 ივლისს, ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე. ბოლო 28 წლის მანძილზე გაერო მრავალი თვალსაზრისით იყო საქართველოს ისტორიისა და განვითარების ნაწილი.
საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობის გზით, გაერო მუშაობს ეროვნული განვითარების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის და საქართველოში ადამიანების ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის.
მისი მანდატის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას ეროვნული პრიორიტეტების მიღწევაში, გაერო უზრუნველყოფს ინდივიდუალურ დახმარებას ადამიანის მდგრადი განვითარების საკითხების გადასაწყვეტად და ამასთანავე მხარს უჭერს ევროინტეგრაციის მიზნის მიღწევას, რომელიც ეროვნულ პრიორიტეტად არის დასახული.
გაეროს მხარდაჭერა მოიცავს მრავალ სფეროს, მათ შორის ეკონომიკურ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებებს, განათლებას, სოფლის მეურნეობას, მრეწველობას, გარემოს დაცვას, გენდერულ თანასწორობას, კარგ მმართველობასა და კანონის უზენაესობას. კრიზისულ ადგილებში გაერო მხარს უჭერს იმ ადამიანებს, რომლებიც განიცდიან კრიზისის შედეგებს და საჭიროებენ დახმარებას სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და აღდგენაში.
როგორც საქართველოს ხალხის საიმედო პარტნიორი უმთავრესი ეროვნული გამოწვევების დაძლევასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, გაერო გვთავაზობს მსოფლიო გამოცდილებასა და რჩევებს იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს უკლებლივ ყველასთვის უკეთესი ცხოვრების შექმნაში და რომ აყვავებული, მშვიდობიანი და მდგრადი საზოგადოება გახდეს.