ზრუნვა დისტანციურად: რას ცვლის ტელემედიცინა სოფლის კლინიკებისთვის
ტელემედიცინის გავლენა ბავშვებისა და დედების ცხოვრებაზე სოფლად
სოფელი ბაზალეთი, საქართველო. 19 წლის ანას ცალ ხელში პატარა საბა უჭირავს, მეორეთი კი ციფერბლატიან, საშუალო თეფშის ზომა სასწორს ეზოში, ხის ტოტზე ამაგრებს. საბას სპეციალური ლურჯი ფერის ტრუსი აცვია, რომელიც სასწორის კაუჭზე მაგრდება.
„აი ასე, ავიწონეთ. 7 კილო და 200 გრამია,“ ამბობს ანა.
ანა ახალგაზრდა დედაა, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს სახლში ბავშვთან მარტო ატარებს. მისი მეუღლე მეზობელ სოფელში მშენებლობაზე მუშაობს და ხშირად სახლში მაშინ მოდის, როცა საბა დიდი ხნის ჩაძინებულია.
„საბას დაბადებიდან წონის მომატების პრობლემა ჰქონდა, ძალიან გვანერვიულა,“ იხსენებს ანა. „რამდენჯერმე საავადმყოფოშიც მოხვდა, ახლახანს კორონავირუსიც ჰქონდა და კიდევ უფრო დაიკლო წონაში.“
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ სოფლის კლინიკებისთვის გადაცემული ციფერბლატიანი საბავშვო სასწორი ერთი პატარა კომპონენტია იმ კონცეფციის, რომელსაც ტელემედიცინა ჰქვია და რომელიც საქართველოში ევროკავშირისა და გაეროს სააგენტოების მხარდაჭერით ინერგება. სოფლის ექიმს შეუძლია სასწორი დროებით იმ ოჯახს გადასცეს, ვისაც ბავშვის წონის რეგულარული კონტროლი ჭირდება.
ტელემედიცინის მთავარი პრინციპი ისაა, რომ ის, რაც აქამდე აუცილებლად ერთ ოთახში, ექიმისა და პაციენტის ფიზიკურად ერთად ყოფნის დროს ხდებოდა, დისტანციურადაც გახდეს შესაძლებელი.
„საბა ხუთ დღეში ერთხელ უნდა მიმეყვანა სოფლის კლინიკაში ასაწონად. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო,“ ამბობს ანა. მის სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, კლინიკა კი ორი კილომეტრის დაშორებით არის მისი სახლიდან.
„გისმენ, ანა, აბა რა წონა აჩვენა სასწორმა?“ ბაზალეთის სოფლის ოჯახის ექიმი, მაია ბეჟანიშვილი სოფლის ამბულატორიიდან ვიდეო ზარით უკავშირდება ანას და საბას. ის ანას პასუხს საბას პირად ისტორიაში ბავშვის განვითარების შკალაზე აღნიშნავს და გამოიანგარიშებს წონის მატების ტემპს. ექიმი კმაყოფილია, ბავშვმა ბოლო 5 დღეში 200 გრამი მოიმატა, რაც 5 თვის საბასთვის კარგი მაჩვენებელია.
„ჩვენი ამბულატორია 18 სოფელს ემსახურება, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულია. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ სოფლებს შორის არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რაიონი არის მაღალმთიანი და ზოგიერთ სოფელში მისვლა ტრანსპორტითაც ძნელია,“ ამბობს ოჯახის ექიმი. „ტელემედიცინა გვაძლევს საშუალებას ოჯახში მისვლის, ან ამბულატორიაში მათი მოსვლის გარეშე, დისტანციურად, საერთაშორისო მტკიცებულებაზე დაფუძნებული პროტოკოლით შევაფასოთ პაციენტის მდგომარეობა და განვსაზღვროთ საჭიროებები.“
ბავშვის განვითარების დისტანციური მონიტორინგი ტელემედიცინის მხოლოდ ერთი კომპონენტია, რაც ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს 50 სოფლის კლინიკაში ინერგება. პროექტის ფარგლებში, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, საპილოტე კლინიკებში ოჯახის ექიმები ასევე გადიან გადამზადებას ელექტრონულ სისტემაში ეფექტიანად მუშაობისათვის.
ტელემედიცინა სოფლის ექიმებს ასევე აკავშირებს მათ კოლეგა სპეციალისტებთან, დიაგნოზის დაზუსტებისა თუ მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის. სოფლის ექიმს შეუძლია წინასწარ დაჯავშნოს ვირტუალური შეხვედრა ვიწრო სპეციალისტთან, ან სპეციალიზებული სერვისის მიმწოდებელთა ვირტუალური კონსილიუმის მოწვევა ითხოვოს.
UNICEF/geo-2023/Valishvili
ეს ნიშნავს, რომ სოფლად მცხოვრებ ბავშვს, რომლის განვითარების პროცესში სოფლის ექიმი შეფერხებას დააფიქსირებს, ტელემედიცინის დახმარებით შეუძლია თავისი სოფლის კლინიკიდან მიიღოს დედაქალაქში მომუშავე ბავშვთა განვითარების სპეციალისტის კონსულტაცია.
„25 წელიწადია სოფლის ექიმად ვმუშაობ და კარგად ვიცი სოფლის მოსახლეობის საჭიროებებიც და სირთულეებიც. დედაქალაქში ექიმთან ვიზიტზე წასვლა ბევრი ოჯახისთვის ფუფუნებაა და თუ ბავშვს სოფლის კლინიკიდან დისტანციურად მიიღებს ვიწრო სპეციალიზაციის მქონე ექიმი, ეს ოჯახისთვის დიდი შეღავათი იქნება,“ ამბობს მაია ექიმი.
მესამე მიმართულება, სადაც ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით საქართველოში ტელემედიცინა დაინერგება, მშობლებს შორის ბავშვის მოვლისა და განვითარების საკითხებზე ცოდნის ამაღლებაა. ციფრული პლატფორმის მეშვეობით, პირველ ეტაპზე 50 საპილოტე კლინიკის პაციენტი ბავშვების მშობლებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ონლაინ შეხვედრებს, რომელსაც საქართველოს წამყვანი პედიატრები, ფსიქოლოგები და კვების სპეციალისტები მათთვის ჩაატარებენ.
შეხვედრებზე მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან კითხვები, მიიღონ პასუხები და გაიზიარონ სხვა მშობლების გამოცდილება. გაეროს ბავშვთა ფონდი ამ პრაქტიკის ჯანდაცვის სისტემაში მდგრად ინტეგრაციას უწევს რეკომენდაციას.
ევროკავშირის მხარდაჭერით დანერგილი ტელემედიცინა დაეხმარება მდგრადი და ჯანსაღი პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას პაციენტებისათვის მომსახურებებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფის გზით. ტელემედიცინის დანერგვა საქართველოს სოფლის კლინიკებში ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომ განვითარებას.
პროექტის შესახებ:
პროექტი „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“ მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენებას საქართველოში ტელემედიცინის სერვისების დანერგვა/განვითარებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
პროექტი გაეროს ოთხი პარტნიორის (WHO, UNFPA, UNICEF, UNOPS) მიერ WHO-ს ხელმძღვანელობით განხორციელდება.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელნი არიან ავტორები და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.