მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბავშვზე ორიენტირებულ სოციალურ პროგრამირებაში
ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერენ საქართველოს მუნიციპალიტეტებს ბავშვიანი ოჯახებისთვის სოციალური პროგრამირების დანერგვაში
„ჩვენ ვიმუშავეთ გუნდურად, არა მხოლოდ ჩვენმა დეპარტამენტმა, არამედ სოფლებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა. კარდაკარ დავდიოდით და ვაგროვებდით მონაცემებს, რომ შეგვეფასებინა თემის საჭიროებები, შემდეგ კი დავამუშავეთ და გავაანალიზეთ შეგროვილი ინფორმაცია“, ასე აღწერს ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი, მაია კილაძე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბავშვთა დაცვის სისტემებისა და სერვისების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გაწეულ ძალისხმევას.
სამწლიანი პროექტი, რომელიც განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, 2021 წელს დაიწყო და დასასრულს უახლოვდება. ქუთაისი ერთ-ერთი იყო იმ ათი მუნიციპალიტეტიდან, რომელიც თავდაპირველად შეირჩა. მოგვიანებით პროექტმა 18 მუნიციპალიტეტი მოიცვა. ქუთაისი ამ ინიციატივის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეისწავლეს ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებები, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ მიერ გატარებული ღონისძიებები საჭიროებებზე იყო მორგებული. ამ ინტენსიურმა საველე მუშაობამ საშუალება მისცა ყველა ოჯახს, რომ მიეწვდინათ საკუთარი ხმა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და გამოეხატათ თავიანთი შვილების საჭიროებები. ეს მიდგომა ყურადღებას ამახვილებდა თითოეული ოჯახის სოციალურ და მატერიალურ დანაკლისზე, რა სურდა ოჯახს და საკუთარი ხმის მიწვდენის საშუალება მისცა საქართველოს ყველაზე შორეულ და მიუდგომელ ადგილას მყოფ ოჯახებს. ამ ოჯახების მიერ გამოთქმული საჭიროებები შემდეგ აისახა მუნიციპალურ პროგრამებში. მონაცემების შეგროვების შედეგად გამოვლინდა ის სერვისები, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდებოდა, როგორიცაა, მაგალითად, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა საბავშვო ბაღებსა და დღის ცენტრებში, ბავშვთა კლასგარეშე აქტივობები, პოზიტიური მშობლობისა თუ ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები.
ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამირების ამ მიდგომის დანერგვა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან პარტნიორობით და განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მიერ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ადასტურებს ამ პროექტის აქტუალურობას: „მუნიციპალურ დონეზე სოციალური პოლიტიკისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამირების შემუშავება საჭიროებს მხარდაჭერას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ბავშვთა დაცვის სისტემები და სერვისები. ამ მხრივ ძალისხმევა უნდა გავიღოთ, განსაკუთრებით ახლა, როცა მუნიციპალიტეტებს სულ უფრო მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვთ მინიჭებული“.
პროექტი ეფექტიან და ხელმისაწვდომ დახმარებას უწევს მუნიციპალიტეტებს მათი ამ გაზრდილი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, რათა მათ შეძლონ უკეთ მოემსახურონ თავიანთ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რეგიონული ცენტრისგან მოშორებით ცხოვრობს. პროექტი არა მხოლოდ პრაქტიკული სახის დახმარებას უწევს საქართველოში მცხოვრებ ბავშვებსა და მათ ოჯახებს, არამედ მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. „ძლიერი მუნიციპალიტეტების არსებობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე“, – ამბობს იესპერ მოლერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. „ამ ინიციატივამ ხელი შეუწყო უფრო სტრუქტურირებულ პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის სოციალური პროგრამების კუთხით; პროექტის მიზანი იყო თვითმმართველობებს შორის არსებული გამოცდილების გაცვლა საერთო პრობლემების გარშემო ინოვაციური გადაწყვეტილებების ძიების მიზნით. პარტნიორი მუნიციპალიტეტები ახლა უკეთ არიან მომზადებულნი ადგილობრივ დონეზე ოჯახებსა და ბავშვებისთვის საჭირო დახმარების გასაწევად. ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციასთან პარტნიორობით, ჩვენ გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტების შემდგომ გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ უპასუხონ თავიანთ თემში მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვების საჭიროებებს“, - დასძინა მოლერმა.
ამ პროექტის მნიშვნელობას აჯამებს ათეას (ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია) აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე: „მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული სოციალური სფეროს სულ უფრო მზარდი უფლებამოსილებების გათვალისწინებით, იზრდება საჭიროება, რომ მუნიციპალიტეტებმა გააერთიანონ ძალები, რათა ეფექტიანად უზრუნველყონ მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდება. მუნიციპალიტეტებს სჭირდებათ გამოცდილების გაზიარება, ერთმანეთისგან სწავლა; ასევე, სჭირდებათ აზრთა გაცვლა და დისკუსიები მათ წინაშე მდგარი გამოწვევებისა და პრობლემების დაძლევის გზების მოსაძიებლად და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის განსავითარებლად. რაც მთავარია, ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა შეეძლოთ ერთიანი პოზიციონირება საკუთარი ინტერესების ადვოკატირებისთვის." ეს ცვლილება წლების განმავლობაში მწიფდებოდა, იმის პარალელურად, რაც საქართველოს მთავრობა ახორციელებდა დეცენტრალიზაციას და მუნიციპალიტეტებს გადასცემდა პასუხისმგებლობებს.
UNICEF/Geo-2023/Gabechava
მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით, პროექტმა ხელი შეუწყო სოციალურ საკითხებში რეგიონალური მუნიციპალური პლატფორმის შექმნას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ამ რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტი რეგულარულად იკრიბებოდა და განიხილავდნენ ბავშვებისთვის სოციალური პროგრამირების საკითხებს. ეს პლატფორმა იქცა ცოდნის, ინფორმაციის, არსებული გამოცდილების გაცვლის ფორუმად, და მუნიციპალიტეტების მხრიდან დიდი მოწონებით სარგებლობს.
ეს ინიციატივა ეხმაურება მუნიციპალიტეტების ახალ როლს, რომელიც განსაზღვრულია 2019 წელს მიღებული „ბავშვის უფლებათა კოდექსით“. კოდექსის მიხედვით, საქართველოს მუნიციპალიტეტებს ენიჭებათ მნიშვნელოვანი როლი ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით. მუნიციპალიტეტებს უნდა შეეძლოთ გაჭირვებაში მყოფი ოჯახებისა და ბავშვების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე არსებული სოციალური სამუშაოთი და სოციალური სერვისებით. მუნიციპალიტეტებს ასევე უნდა შეეძლოთ თავიანთ თემებში სოციალური საჭიროებების გამოვლენა და მათი მოგვარება ბავშვზე ორიენტირებული სოციალური პროგრამების შემუშავების გზით.
ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გაწეულმა მხარდაჭერამ შეავსო ის საჭიროება, რაც გაჩნდა დეცენტრალიზაციის პროცესში მუნიციპალიტეტებისთვის პასუხისმგებლობების დელეგირების შედეგად, როგორიცაა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სოციალური პროგრამირება, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები და პროექტის ექსპერტები. სხვა მუნიციპალიტეტებიც დაინტერესდნენ მსგავსი დახმარების მიღებით, რათა ასევე დანერგონ თავიანთ პრაქტიკაში მსგავსი მიდგომა. ამ მეთოდოლოგიით, სოციალური საჭიროებების მქონე ოჯახებსა და ბავშვებს ეძლევათ წვდომა საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ პროგრამებზე, ძლიერდება თემი და ოჯახები. ამ პროექტის შედეგად, რისკის ქვეშ მყოფმა ბავშვებმა და ოჯახებმა მიიღეს დახმარება, რომ შეიქმნან უკეთესი მომავალი და მათი ხმა იყოს გაგონილი.
პროექტის დადებითი გავლენის ერთ-ერთი მაგალითია ხუთი შვილის დედა, გულნაზი, რომელიც ამბობს: „ჩვენ ყოველთვის გვქონდა პრობლემები. სახელმწიფოს დახმარება, რომელსაც ვიღებთ, საკმარისია მხოლოდ გარკვეული საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად, მაგრამ რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით უფრო მეტი რამ სჭირდებათ. მაგრამ ახლა უფრო მეტ ყურადღებას ვგრძნობ ჩემი შვილებისა და ჩემი საჭიროებების მიმართ; ვგრძნობ, რომ მხედავენ. ჩემი შვილების მომავლის უფრო მეტი იმედი მაქვს. იმედი მაქვს, რომ იმ ცოდნითა და უნარებით, რომელსაც ახლა იძენენ, დამოუკიდებელ და წარმატებულ ადამიანებად გაიზრდებიან“. გულნაზის ოჯახი ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომელიც ერთ-ერთია იმ ათ საპილოტე მუნიციპალიტეტს შორის, რომელსაც პროექტი მხარს უჭერს.
ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ ისარგებლონ პროექტის ხელშესახები შედეგებით და პროექტის დასრულების შემდეგ უფრო განავრცონ კიდეც. ქუთაისის მერის მოადგილემ, თამარ დახუნდარიძემ, ასე შეაფასა პროექტი: „ეს პროექტი ძალიან სასარგებლო იყო, რადგან მან შეგვძინა კონკრეტული უნარები და კომპეტენციები. ის საჭიროებები, რომლებიც გამოვავლინეთ შეფასების პროცესში, დაგვეხმარა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. კვლევა თავდაპირველად ეხებოდა ბავშვიან ოჯახებს და ახლა ვგეგმავთ მის გაფართოებას, რათა შევაფასოთ ადგილობრივი თემის სხვა ჯგუფების საჭიროებებიც“. პროექტიდან მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შედეგად მოხდება სამომავლო სტრატეგიების შემუშავება როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.
ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით საქართველოს მუნიციპალიტეტებმა შეძლეს მათ თემებში მცხოვრები ბავშვებისა და ოჯახებისთვის უკეთესი მომსახურების გაწევა.
სტატია მომზადდა ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სტატიის ავტორები და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.