პრეს-რელიზი

ტექნოლოგიური საუკუნის ახალი შესაძლებლობები გენდერული თანასწორობის მისაღწევად

05 მარტი 2019

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა ინსპირაციული მსჯელობა Tech4Equality - ტექნოლოგიები თანასწორობისთვის

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თანამედროვე ტექნოლოგიების შემქმნელები, ქალი მეცნიერები და თანასწორობის ქომაგები სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შეხვდნენ. ინსპირაციული მსჯელობა შეეხო გენდერული თანასწორობის მიღწევის ახალ გზებს, რომლებიც ტექნოლოგიური საუკუნის შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიებსა და მეცნიერებაში ქალთა აქტიურ  ჩართულობას უკავშირდება. ღონისძიების მონაწილეებმა თაობების ცვლილებით გამოწვეულ გარდატეხაზე და სოციალურ ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს.

შეხვედრა სათაურით „Tech4Equality - ტექნოლოგიები თანასწორობისთვის“ ქალთა საერთაშორისო დღის წლევანდელ თემას ეხმაურება - „გაითავისე თანასწორობა, აშენე გონივრულად, გამოიყენე ინოვაცია ცვლილებისთვის".

ღონისძიების ორგანიზატორია გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობებთან და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი“ თანამშრომლობით.

„ტექნოლოგიები კვლავ კაცების საქმედ აღიქმება, ხოლო ქალები ხშირად გრძნობენ, რომ მათი მონაწილეობა აქ მისასალმებელი არაა“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში. „თუმცა დღევანდელი ღონისძიების მონაწილეებმა ცხადად გვაჩვენეს, რომ ქალებს ყველაფერი გააჩნიათ იმისთვის, რომ წარმატებას ისეთ სფეროებში მოაღწიონ, როგორებიცაა მიკრობიოლოგია და ინკლუზიური ტექნოლოგიები. ჩვენი გზავნილია, რომ ქალების თანასწორი მონაწილეობა ტექნოლოგიასა და მეცნიერებაში არსებითია ყველა იმ გადაწყვეტილების შექმნისა და განხორციელებისათვის, რომელთა მეშვეობით მსოფლიო თანამედროვეობის ყველაზე მწვავე გამოწვევებს გაუმკლავდება.“

ღონისძიებაზე გამართული მსჯელობა შეეხო ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა. მოწვეული გამომსვლელები აუდიტორიას ღონისძიების ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა წარუდგინეს: ლუიზა ვინტონმა - გაეროს მუდმივი კოორდინატორმა საქართველოში, თამარ ჩუგოშვილმა - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ულრიკ თიდესტრომმა - შვედეთის ელჩმა საქართველოსა და სომხეთში, ქეთევან მახარაშვილმა - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გენდერული თანასწორობის საკითხებში და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ერიკა კვაპილოვამ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, და მარიამ ლაშხმა - საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ.

ღონისძიების მონაწილეებს საკუთარი მოსაზრებები და უნიკალური პირადი გამოცდილება შვიდმა გამომსვლელმა წარუდგინა: ნანა დიხამინჯიამ - კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორმა სან დიეგოს (აშშ) და ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ნათია ნინიკელაშვილმა - ონლაინ სერვისის soplidan.ge შემქმნელმა, ესმა გუმბერიძემ - ინკლუზიური ტექნოლოგიის პრომოუტერმა, დავით ჩეჩელაშვილმა - კომპანიის  iZ3D Inc., (აშშ) ვიცე-პრეზიდენტმა, მარიამ რუსიშვილმა - QUICK|CASH AI პლატფორმის დამფუძნებელმა, მაია თოდუამ - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორმა, და ანი ციცქიშვილმა - მიკრობიოლოგმა და ბიო-არტისტმა.

გამომსვლელებმა ისაუბრეს ტექნოლოგიების ინდუსტრიაში არსებულ საგანმანათლებლო და კარიერულ შესაძლებლობებზე და იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ქართველი ქალები ამ სწრაფად მზარდ ბაზარზე დამკვიდრებისას აწყდებიან.

მსჯელობის ფასილიტატორი იყო ნინო ნანიტაშვილი, ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელი, ხოლო ღონისძიების მუსიკალური გაფორმება ითავა ანუშკა ჩხეიძემ, ცნობილმა ახალგაზრდა DJ-მ და ელექტრონული მუსიკის შემქმნელმა.    

 

 

Ketevan Ghioshvili

ქეთი გიოშვილი

RCO
კომუნიკაციის სპეციალისტი
Sophie Tchitchinadze

სოფო ჭიჭინაძე

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის ანალიტიკოსი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით