საქართველო გამოიყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად
02 ივლისი 2020
ახალი სასწავლო სისტემის მეშვეობით რამდენიმე ათასი მედიკოსი გადამზადდება ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის საკითხებში
კორონავირუსის გავრცელების პირველ ტალღაზე წარმატებული რეაგირების გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველო დაუყოვნებელ ზომებს ატარებს იმისთვის, რომ წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალი მომზადებული შეხვდეს პანდემიის შესაძლო მეორე ტალღას ან საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეს. ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს 4,000 სამედიცინო მუშაკის გადამზადებაში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის საკითხებში.
150,000 აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივა შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„საქართველო წარმატებით გაუმკლავდა პანდემიის პირველ ტალღას, თუმცა კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება და საბოლოო წარმატებაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. „ამ ვითარების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერება და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ამაღლება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომლის შესრულებისთვის ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. ახალი ინიციატივა დაგვეხმარება როგორც მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლაში, ასევე დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის სისტემის გაძლიერებაში, რაც საქართველოს ჯანდაცვას გრძელვადიან დადებით შედეგს მოუტანს“.
პანდემიის პირველმა ტალღამ გამოავლინა, რომ მთელ მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემები უკეთ უნდა იყონ მზად კრიზისებზე სწრაფი რეაგირებისთვის. ამ მხრივ, საქართველოში სამედიცინო პერსონალის გადამზადებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერების ფუნქცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა აიღეს.
UNDP-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი შექმნის ონლაინ სწავლების პლატფორმას ექიმების, ექთნებისა და ადმინისტრაციული სამედიცინო პერსონალის გადამზადებისა და სერტიფიცირებისთვის. ონლაინ პლატფორმა ასევე საგრძნობლად გაამარტივებს გამოცდილების გაცვლისა და პროფესიული კონსულტაციის მიღების პროცესს. ამ მექანიზმის გამოყენებით საქართველოს მედიკოსები აიმაღლებენ პროფესიულ კვალიფიკაციას ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში და მიიღებენ პროფესიულ რჩევებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებისგან.
„საქართველოს ექიმების პროფესიონალიზმი და თავდადება პანდემიის დროს პატივისცემასა და აღფრთოვანებას იმსახურებს”, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. „ახალი სასწავლო სისტემა ხელს შეუწყობს მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას. გარდა ამისა, ის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ქვეყნის რეგიონებში, სადაც სამედიცინო პერსონალს ხშირად ხელი არ მიუწვდება აუცილებელ რესურსებზე.“
ახალი ინიციატივა მოიცავს 37 სამედიცინო დაწესებულებასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 60 რეგიონულ წარმომადგენლობას საქართველოს მასშტაბით. პროფესიულ გადამზადებას ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მართვის საკითხებში სულ 4,000 მედიკოსი გაივლის. აქედან, 3,000 COVID-19-ის სამკურნალოდ განკუთვნილი კლინიკების თანამშრომელია, ხოლო 1,000 - მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელი.
ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ტრენინგს ასევე სამედიცინო პერსონალისთვის შექმნილი სპეციალური ცხელი ხაზის ოპერატორებიც გაივლიან.
ონლაინ სასწავლო პლატფორმის მუშაობა განხორციელდება როგორც ვებ, ასევე მობილური აპლიკაციების მეშვეობით. პლატფორმაში ჩაშენებული იქნება საძიებო სისტემა და ვირტუალური მოსაუბრე, ანუ ჩატბოტი, რაც რეალური დროის რეჟიმში ურთიერთობისა და კონსულტაციის მიღების შესაძლებლობას განაპირობებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ასევე შეიმუშავებს სახელმძღვანელოებსა და კურიკულუმს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისეთ კრიტიკულ სფეროებში, როგორიცაა ინფექციური დაავადებების პრევენცია და კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა, და არაინფექციური დაავადებების პრევენცია და კონტროლი.
„საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში ინვესტირება ქვეყნის განვითარებაში ინვესტირების ტოლფასია“, - აღნიშნა საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა. „მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით, საქართველოს მთავრობა შეძლებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, რაც კრიზისის დროს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას მოემსახურება.”
საქართველოს ჯანდაცვის სისტემისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის ხელშეწყობა მმართველობის რეფორმის უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ახორცილებს. ამ ექვსწლიანი პროგრამის მთლიანი ღირებულება 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.