ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და გოგოების გაძლიერების თემაზე ღონისძიებების სერია გაიმართა
25 მაისი 2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და გოგონათა გაძლიერების თემაზე ღონისძიებების სერია გაიმართა.
2021 წლის 21 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და გამომცემლობა „ინტელექტი“-ს ერთობლივი ძალისხმევით და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და გოგონათა გაძლიერების თემაზე ღონისძიებების სერია გაიმართა. ღონისძიებებს დაესწრნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, საბინე მახლი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში, მალხაზ თორია და გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი, მწერალი ზვიად კვარაცხელია.
ინიციატივის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლაში, თანასწორობის კუთხე გაიხსნა. „თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივა საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის შესახებ. სოფელ კოკის საჯარო სკოლის „თანასწორობის კუთხე“, რომელიც საქართველოს მასშტაბით, რიგით მეცხრეა, ცნობილმა მწერალმა, ნინო ხარატიშვილმა გახსნა.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, გამომცემლობა „ინტელექტის“ და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანამშრომლობით, მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელ, ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მკითხველის რჩეულ ავტორთან – ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მთელ მსოფლიოში ცნობილმა და არაერთ ენაზე თარგმნილი ბესტსელერების ავტორმა თავის შემოქმედებაზე და დღევანდელობისთვის საინტერესო თუ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა, მან ასევე უპასუხა მკითხველთა შეკითხვებს. ნინო ხარატიშვილთან შეხვედრას მოდერაცია გაუწია გვანცა ჯობავამ, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ.
ამავე სივრცეში, გაიხსნა დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა – „გოგონები მომავლიდან“. პროექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით. პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგოების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ. ფოტოპროექტი მომზადებულია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში და ნაწილია იმ მასშტაბური საადვოკაციო სამუშაოსი, რომელსაც UNFPA ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრისა და მოზარდებისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით ეწევა.