სოფლის ექიმები საქართველოში გააუმჯობესებენ კორონავირუსის შემთხვევების მართვას
![](/sites/default/files/styles/hero_header_2xl_1x/public/2022-02/d94099c1268de925ebb500794ba88b2a_unicef%202.jpg?itok=6fBVSJbh)
ყველა სოფლის ექიმს აქვს წვდომა ინტერნეტთან და ცენტრალიზებულ ონლაინ პლატფორმასთან, რომ შეძლონ სოფლის მოსახლეობის, მათ შორის დედებისა და ბავშვების დახმარება
აშშ-ს საერთაშორის განვითარების სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სოფელ გეგუთის ამბულატორია აღიჭურვა ინტერნეტით. ინტერნეტი უკვე ყველა სოფლის ამბულატორიას აქვს. ასევე, ყველა სოფლის ექიმს აქვს წვდომა უახლეს პროფესიულ ინფორმაციაზე საერთო საინფორმაციო ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. პლატფორმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბაზაზეა განთავსებული. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან პარტნიორობით, გადამზადდნენ სოფლის პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალები კორონავირუსის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევების მართვის საკითხებზე.
UNICEF/GEO-2021/Turabelidze
ლუიზა სამსონია, გეგუთის სოფლის ექიმი
"ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი - 58 წელი - პაციენტებზე ზრუნვაში გავატარე. სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, წლების განმავლობაში გეგუთის პოლიკლინიკის მთავარი ექიმი ვიყავი, ახლა სოფლის ექიმად ვმუშაობ. სოფლის ექიმი ოჯახის წევრივითაა, ყველასთან ახლოს ვარ, ყველას ამბავი, ყველას გასაჭირი ვიცი.
სულ ვცდილობ, რამე ახალი გავიგო. 84 წლის ვარ, მაგრამ ჯერჯერობით მაქვს უნარი და ინტერესი, რომ ახალი ცოდნა შევიძინო. ახლა კომპიუტერიც მომცეს და ექიმების პლატფორმაში ჩამრთეს. სიმართლეს გეტყვით - ძალიან შორს ვიყავი კომპიუტერისგან, არც მჭირდებოდა და არც ვიცოდი მოხმარება. გამიჭირდა ათვისება, თუ ვისწავლიდი, არ მეგონა, მაგრამ ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ. მე რაც მჭირდება - რეცეპტის ელექტრონულად გამოწერა, ტრენინგებზე შესვლა, ანგარიშების ატვირთვა - ყველაფერი ვისწავლე. სოფლის ექიმის პლატფორმაზე შევდივარ, ვნახავ რა ლექციაა, როდის არის, მოვინიშნავ, და შემდეგ ვესწრები. ათი ლექცია უკვე ჩაგვიტარდა - ბავშვის ადრეულ განვითარებაზე, ძუძუთი კვებაზე, კოვიდ-19-ის მართვაზე. ეს ლექციები ინტერნეტში რომ არ იყოს, ალბათ, ყველას ვერც დავესწრებოდი. ახლა პირდაპირ სახლიდან შემიძლია მოვისმინო ეს ტრენინგები და ახალი რაც არის, გავიგო.
ვემსახურები გეგუთელებს, მიყვარს ისინი და მინდა, სანამ შემიძლია, მათზე ვიზრუნო."
UNICEF/GEO-2020/Turabelidze
ამირან მუშკუდიანი, გეგუთის სოფლის ექიმი
"რამდენიმე თვის წინ მოვიდნენ, ჩაგვირთეს ინტერნეტ ქსელი, მოგვიტანეს კომპიუტერები და აქტიურად დავიწყეთ ახალი სამედიცინო პლატფორმის სწავლა.
ამ პლატფორმის მეშვეობით, ბევრი რამ გამარტივდა - წამლის რეცეპტის გამოწერა, იმუნიზაციის მონაცემების შეტანა, ანგარიშების შედგენა, ონლაინ ტრენინგებზე დასწრება. ტრენინგები იძლევა ძალიან დიდ გამოცდილებას, სიახლეები მოგვეწოდება ფაქტიურად ყოველწუთიერად. ერთმანეთზე უკეთესი ექიმები გვიტარებენ ტრენინგებს, თან ამ ონლაინ შეხვედრებზე მთელი რაიონის სოფლის ექიმები გავერთიანდით და ერთმანეთშიც ვცვლით ინფორმაციას, ვის რა საჭიროება აქვს, ვის რითი შეუძლია დახმარება.
სიახლეების სწავლა ყოველთვის რთულია და შეიძლება თავიდან მოგეჩვენოს, რომ საქმის ძველებურად კეთება, როგორც მიჩვეული იყავი ისე ჯობდა. მაგრამ ცოტა მეტი ცნობისმოყვარეობა თუ გექნება, მეტი ინტერესი, უცებ აუღებ ალღოს სიახლეს და მიხვდები, რომ ახალი ცოდნით ბევრად ეფექტური და სწრაფი ხდება მთლიანი პროცესი. უკვე სახლში ან შენს კაბინეტში გაქვს ყველაფერი, როგორ შეიძლება ეს არ მოგწონდეს? ეს პლატფორმა ჩემი მარჯვენა ხელია."
UNICEF
ლაშა თევზაძე, სოფელ გალავნის ოჯახის ექიმი
გაიცანით ლაშა თევზაძე, სოფელ გალავნის ოჯახის ექიმი. მცხეთის რაიონის სოფელ გალავნის ამბულატორია 12 სოფელს ემსახურება. „1997 წლიდან ვმუშაობ, ოჯახის ექიმი ვარ. სოფლის ექიმები ოჯახის წევრივით ვართ - ყველას ვიცნობთ, ყველას პრობლემა ვიცით. სხვანაირად ეს ურთიერთობა არ გამოდის. სახელს სრულად ვამართლებთ სოფლის ექიმები, მართლაც ოჯახის ექიმები ვართ, მთელ თაობებს ვზრდით“, ამბობს ლაშა თევზაძე. 2020 წლის დეკემბრამდე, სოფელ გალავნის ამბულატორიის შენობაში ინტერნეტი არ ჰქონდათ. ექიმები თავად ყიდულობდნენ მობილურ ინტერნეტს და ასე უკავშირდებოდნენ პაციენტებს.
ექიმ თევზაძის თქმით, ინტერნეტი მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად ეხმარება: „ახლა ყველაფერი ელექტრონულია, ბაზები, იმუნიზაციის და სხვა გეგმიური ღონისძიებების შესახებ უახლესი ინფორმაცია. კორონავირუსის პრევენციის და მართვის შესახებ ახალი ინფორმაციაც ინტერნეტით იგზავნება,“ ამბობს თევზაძე.
აშშ-ს საერთაშორის განვითარების სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სოფელ გალავნის ამბულატორია უკვე აღიჭურვა ინტერნეტით, მალე კი ინტერნეტი ყველა სოფლის ამბულატორიას ექნება. ასევე, ყველა სოფლის ექიმს ექნება წვდომა უახლეს პროფესიულ ინფორმაციაზე საერთო საინფორმაციო ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. პლატფორმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბაზაზეა განთავსებული.