პრეს-რელიზი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა

02 ოქტომბერი 2022

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ, ადგილზევე გაეყიდათ და პოტენციურ დამკვეთებთან მნიშვნელოვანი კავშირები დაემყარებინათ.

Caption: From left to right: The Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of the Kingdom of Norway to Georgia, Ms. Helene Sand Andresen, the UN Women Regional Director for Europe and Central Asia, Ms. Alia El-Yassir, the President of Georgia, Ms. Salome Zourabichvili, and the Chair of the Gender Equality Council of the Parliament of Georgia, Ms. Nino Tsilosani, attend the opening of the exhibition. Photo: UN Women/Leli Blagonravova

საქართველომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის რეგიონული ინიციატივის ფარგლებში, 1-2 ოქტომბერს, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, მეწარმე ქალების პირველ მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. 2 დღის განმავლობაში, 100-მდე მონაწილეს მთელი ქვეყნიდან საშუალება ჰქონდა, დამთვალიერებლისთვის საკუთარი პროდუქცია წარედგინა, ადგილზევე გაეყიდა და პოტენციურ დამკვეთებთან მნიშვნელოვანი კავშირები დაემყარებინა.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ხელისუფლების, საგანმანათლებლო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ჩართულობით ჩატარდა, მისი ოფიციალური ნაწილი კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მან სოციალურ-ეკონომიკურ და ბიზნესსფეროებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობასა და რეგიონებში ქალთა გაძლიერებაზე გაამახვილა: „მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია თქვენ გვერდით არის და იქნება“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გამოფენის მონაწილეებსა და სტუმრებს ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰელენე სანდ ანდრესენმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ალია ელ-იასირმა მიმართეს. „გენდერული თანასწორობის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს საშუალებას აძლევს ქალებს, უფრო დიდი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქალების გაძლიერება მიმართულია როგორც მათი კეთილდღეობისკენ, ისე ქვეყნის ეკონომიკის უფრო მდგრადი, სტაბილური განვითარებისკენ“, - განაცხადა ჰელენე სანდ ანდრესენმა. ალია ელ-იასირმა კი მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას, ნორვეგიის მთავრობას, პარტნიორებს, მეწარმე ქალებს და აღნიშნა: „ასეთი ღონისძიებების საფუძველი თანამშრომლობაა. მოხარული ვარ, რომ საქართველოში შესანიშნავი პარტნიორები გვყავს და ერთობლივად ვცდილობთ, შევქმნათ მეტი შესაძლებლობები და ხელშემწყობი გარემო იმისთვის, რომ ქალებმა წარმატებას მიაღწიონ“, - დასძინა მან.

2-დღიან გამოფენაზე 100-მდე მონაწილეს მთელი ქვეყნიდან საშუალება ჰქონდა, დამთვალიერებლისთვის საკუთარი პროდუქცია წარედგინა და ადგილზევე გაეყიდა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

საგულისხმოა, რომ გამოფენის ნაწილი მეწარმე ქალებისთვის სამოტივაციო და საგანმანათლებლო სესიების, გამოსვლებისა და პრაქტიკული მასტერკლასების ჩატარებას დაეთმო. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოწყობილი იყო გასართობი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები, სადაც სტუმრების განწყობაზე დიჯეი გოგოები ზრუნავდნენ.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ამ გამოფენაში ვიღებ მონაწილეობას. ვფიქრობ, ასეთი მასშტაბური ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალებს ჩვენი შესაძლებლობებისა და ნიჭის წარმოჩენის საშუალება გვეძლევა“, - აღნიშნა „ოთანაძე დიზაინის“ დამფუძნებელმა, თეონა ოთანაძემ, რომელიც ხის ხელნაკეთ, ეკომეგობრულ აქსესუარებს ქმნის.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მეწარმე ქალების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და თიბისი ბანკი.

გამოფენა-გაყიდვა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

Gvantsa Asatiani

გვანცა ასათიანი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია
კომუნიკაციების სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაცია

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით