26 წლის იურისტი ანა ჯიბლაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-7 სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცერია. მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პროფესიული მოვალეობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირებაა. რისკების შეფასების შემდეგ ანა მსხვერპლის ინტერესების დასაცავად სხვადასხვა მექანიზმს იყენებს, მათ შორის ელექტრონული ზედამხედველობის სისტემას, რომელმაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტიანი გახადა და არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა. საქართველოში ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2020წლიდან ამოქმედდა.
ადამიანის უფლებების დაცვა და საპოლიციო საქმიანობა ჯერ კიდევ სტუდენტობიდან მომწონდა. მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციელია, ამიტომ როგორც კი ამ პოზიციის შესახებ შევიტყვე, ძალიან დავინტერესდი.
მთავარი მიზანი უფლებადარღვეული ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების დახმარება იყო. ახლაც ესაა ჩემთვის მთავარი მოტივაცია: მინდა, სამართლიანობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შევიტანო.
ჩემი ყველა სამუშაო დღე ერთმანეთისგან განსხვავებული და ახალი გამოცდილების მომტანია, თუმცა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო მოვალეობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირებაა. ასეთ დროს ვცდილობ, მსხვერპლზე ორიენტირებული ვიყო, მისი ინტერესების დაცვისას კი ყველა არსებული საშუალება გამოვიყენო.
რეაგირებისას უპირველესად რისკების სწორად შეფასებაა მნიშვნელოვანი. შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შემაკავებელ ორდერს ვწერთ, რითაც მოძალადეს მსხვერპლთან მიახლოება და ყველა ტიპის კომუნიკაცია ეკრძალება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ძალადობის განმეორების რეალური საფრთხეა, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებასაც განვიხილავთ: მოძალადეს სპეციალურ მოწყობილობას, ელექტრონულ სამაჯურს ვუმაგრებთ და თუ ის მსხვერპლთან მიახლოებას შეეცდება, GPS სისტემა განგაშის სიგნალს 112-ის სამსახურის მონიტორინგის ცენტრს გადასცემს. შემდეგ კი, ბუნებრივია, შესაბამისი ზომები დაუყოვნებლივ მიიღება.
ეს მექანიზმი თავად უკვე ორჯერ გამოვიყენე და ორივეჯერ აღელვებულ, შეშინებულ მსხვერპლთან მომიწია მუშაობა, ძალადობის განმეორების საფრთხე კი რეალური იყო. ერთ შემთხვევაში პირმა, რომელიც სასჯელს მეუღლის მიმართ ძალადობის გამო იხდიდა, გათავისუფლებამდე მსხვერპლს პენიტენციური დაწესებულებიდან დაურეკა და მასზე კვლავაც ფსიქოლოგიურად იძალადა. როდესაც ქალმა მოგვმართა და რისკები შეფასდა, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების აუცილებლობა აშკარა გახდა. მსხვერპლის თანხმობს შემდეგ მოძალადეს სამაჯური პენიტენციური დაწესებულების დატოვებისთანავე დავამაგრეთ და ამით ქალის უსაფრთხოების დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ზოგადად, თუ ძალადობის განმეორების რეალური რისკი არსებობს, მსხვერპლის დასაცავად ელექტრონული სამაჯური ეფექტიანი საშუალებაა.
სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევებიც, როდესაც მსხვერპლები მექანიზმზე თავად ამბობენ უარს. მიზეზი ინფორმირებულობის დაბალი ხარისხიცაა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე ყველა შესაძლო საკომუნიკაციო არხით ვიზრუნოთ, რათა მათ იცოდნენ, როგორ მოიქცნენ ძალადობის შემთხვევაში და ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმ საშუალებებზე, რომლებიც მსხვერპლების დასაცავად არსებობს“.