გენდერული თანასწორობის საკითხებზე პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა
15 დეკემბერი 2022
გენდერული თანასწორობის საკითხებზე პირველ ეროვნულ კონფერენციას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება საქართველოს დემოკრატიული და მდგრადი განვითარების განუყოფელი პრიორიტეტია. ამ პრიორიტეტის რეალიზებისთვის კი მნიშვნელოვანია, დაინტერესებული მხარეები ერთი მისწრაფების ირგვლივ გაერთიანდნენ და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესებითა და თანასწორობის წახალისებით, ხელი შეუწყონ საზოგადოებრივ განვითარებას.
სწორედ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მნიშვნელობის წარმოჩენას ემსახურებოდა ეროვნული კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე, რომელიც 15 დეკემბერს, თბილისში, გაეროს გენდერული თანასწორობის თემატურმა ჯგუფმა გამართა. ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას მიეძღვნა და საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით ჩატარდა.
“გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ქალთა გაძლიერებაზე მუშაობა ნიშნავს, რომ ჩვენ თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე გავრცელებული სოციალური უთანასწორობისა და უსამართლობის წინააღმდეგ ვიღვწით, რადგან ქალები და გოგოები, მთელი თავიანთი მრავალფეროვნებით, პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. ეს ნიშნავს, რომ ვცდილობთ, შევქმნათ ახალი, უკეთესი სოციალური რეალობა, რომელიც ადამიანის უფლებებს, ღირსების პატივისცემას, თანასწორობასა და ინკლუზიურობას ეფუძნება და პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალებას აძლევს ქალებს, კაცებს, ბიჭებსა და გოგოებს“, - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა.
გენდერული თანასწორობის საკითხებზე პირველ ეროვნულ კონფერენციას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქალთა უფლებადამცველები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ მიმართა: „გენდერული თანასწორობა დიახაც წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტს. ჩვენ ნათლად ვხედავთ, იმ გამოწვევებსა და ბარიერებსაც, რომლებსაც ქალები პოლიტიკურ ასპარეზსა თუ ცხოვრებაში აწყდებიან და მათ აღმოფხვრას ჩვენს საერთო პასუხისმგებლობად მივიჩნევთ. ამ მიმართულებით რეფორმების გაძლიერება არასდროს ყოფილა ისეთი საჩქარო, როგორც დღეს, როდესაც გენდერული თანასწორობის გაძლიერება ევროკავშირის გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაწესებული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ამ რეკომენდაციის შესასრულებლად, რისთვისაც მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საერთაშორისო განვითარების პარტნიორებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
გენდერული თანასწორობის მისაღწევად შვედეთის ძალისხმევაზე ისაუბრა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმა: „საქართველოს აქვს ყველა შანსი, ევროპის ამ ნაწილში თანამედროვე და თანასწორი საზოგადოების ფორმირების გზაზე მოწინავე ქვეყნად დარჩეს. საზოგადოების, რომელიც მიმზიდველია თქვენი შესანიშნავი ახალგაზრდებისთვის, სადაც ყველას თანაბარი შესაძლებლობა აქვს საკუთარი ცხოვრების შესაქმნელად. თქვენ შეგიძლიათ ეს, ჩვენ შეგვიძლია ეს, გავაგრძელოთ ეს ძალისხმევა ერთად“, - განაცხადა ულრიკ თიდესტრომმა.
ეროვნულ კონფერენციაზე პოლიტიკაში ქალთა მონაწილების გაზრდაზე, პოლიტიკაში ჩართული ქალების მიმართ ძალადობისა და ფემიციდის აღმოფხვრისთვის ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ამას გარდა, ღონისძიების მონაწილეებმა მშვიდობისა და ომის პირობებში სექსუალური ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების მექანიზმების გაძლიერება, გენდერული დისკრიმინაციისა და მავნე პრაქტიკის დაძლევაში განათლების როლი, მშობლობის ანაზღაურებადი შვებულების რეფორმა და სხვა საკითხები განიხილეს. ღონისძიება გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” მესამე ფაზის ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით გაიმართა.