პრეს-რელიზი

გაეროს გენერალური მდივნის ვიდეო მიმართვა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

08 მარტი 2023

ნიუ იორკი, 8 მარტი 2023

ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ ქალებისა და გოგოების წარმატებას ყველა სფეროში, მსოფლიოს ყველა კუთხეში.  

თუმცა ვხედავთ მათ წინაშე არსებულ უამრავ დაბრკოლებას -  იქნება ეს სტრუქტურული უსამართლობა, მარგინალიზაცია და ძალადობა, თუ ერთი მეორეს  მიყოლებით განვითარებული კრიზისული სიტუაციები, რომლებიც პირველ რიგში და ყველაზე მეტად მათზე ახდენენ გავლენას და რომელთაც მივყავართ მათი პირადი ავტონომიის  და სხეულსა და სიცოცხლეზე უფლების დარღვევამდე.  

გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია აზიანებს ყველას - ქალებს, გოგოებს, კაცებს და ბიჭებს.

ქალთა საერთაშორისო დღე არის მოწოდება ქმედებისკენ;

ქმედებისკენ, იმ ქალების მხარდასაჭერად რომლებიც თავგანწირვით იცავენ საკუთარ ფუნდამენტურ უფლებებს;

ქმედებისკენ, რომელიც გააძლიერებს დაცვას სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობისგან;

და ქმედებისკენ, რომელიც დააჩქარებს ქალთა სრულფასოვანი მონაწილეობის და წამყვანი როლის უზრუნველყოფას.  

ამ წლის თემა ხაზგასმით აღნიშნავს ტექნოლოგიების და ინოვაციის საჭიროებას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის.  

ტექნოლოგიებს შეუძლია ქალებს და გოგოებს გაუხსნას გზა განათლებისა და შესაძლებლობებისკენ;

მაგრამ ასევე შესაძლებელია  მისი გამოყენება ძალადობისა და სიძულვილის გასაძლიერებლად.  

დღესდღეობით, ქალები ქმნიან სამუშაო ძალის დაახლოებით ერთ მესამედს მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიასა და მათემატიკაში.  

და როდესაც ქალები არ არიან სათანადოდ წარმოდგენილი  ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაში, შესაძლებელია დისკრიმინაცია საწყის ეტაპზევე იჩენდეს თავს.

სწორედ ამიტომ უნდა დავასრულოთ ციფრული დაყოფა და გავზარდოთ ქალების და გოგოების წარმომადგენლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში.   

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ციფრული სამყაროდან ქალების  იზოლირებამ დაახლოებით 1 ტრილიონი აშშ დოლარით შეამცირა მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი - და უმოქმედობის შემთხვევაში, შესაძლოა 2025 წლისათვის ზარალი 1.5 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდოს.   

ქალებში ინვესტირება სარგებელს მოუტანს ყველა ადამიანს, თემს და ქვეყანას.

მოდით ვიმუშაოთ ერთად  – მთავრობებმა, კერძო სექტორმა და სამოქალაქო საზოგადოებამ  – რათა ვაშენოთ უფრო ინკლუზიური, სამართლიანი და აყვავებული სამყარო ყველგან და ყველასთვის - ქალებისთვის, გოგოებისთვის, კაცებისთვის და ბიჭებისთვის.

 

Ketevan Ghioshvili

ქეთი გიოშვილი

RCO
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით