პრეს-რელიზი

მარილის მოხმარების შემცირება საქართველოში 10,000 ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს

21 მაისი 2023

WHO და NCDC იწყებენ საკომუნიკაციო კამპანიას მარილის მოხმარების შემცირების მიზნით

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო მარილის შემცირების ეროვნული კამპანია „ნაკლები მარილი, უკეთესი ჯანმრთელობა საქართველოსთვის“, რომელიც არაგადამდებ დაავადებათა შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაწილია. ერთობლივი კამპანია, რომელიც ეყრდნობა ქცევით ფაქტორებს, მიზნად ისახავს მოსახლეობის და გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირებულობის ამაღლებას მარილის ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების და მარილის მოხმარების შემცირების არსებული სტრატეგიებისა და ხერხების შესახებ.

მარილის მაღალი მოხმარება არტერიული ჰიპერტენზიისა და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებების მთავარი რისკ-ფაქტორია. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ავადობის, უნარშეზღუდულობის და სიკვდილობის ძირითადი მიზეზია გლობალურად და საქართველოში და წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს. ამასთანავე,  ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კავშირს მარილის ჭარბ მოხმარებასა და ისეთი დაავადების გაზრდილ რისკებს შორის, როგორიცაა კუჭის კიბო, სიმსუქნე, ოსტეოპოროზი და თირკმლის სნეულებები. 2016 წლის STEPS კვლევის მიხედვით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს 8.5 გ მარილს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმოს მიერ რეკომენდებულ დოზას (5 გრამი/დღე). მამაკაცებს შორის კი, რომლებიც გულის დაავადებათა უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ეს მაჩვენებელი დღეში 10 გრამს უტოლდება.

WHO-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა წამოიწყო ინიციატივა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ტვირთის და მაღალი არტერიული წნევის გავრცელების უთანასწორობის შესამცირებლად ჰიპერტენზიის კონტროლის გაუმჯობესებით პირველადი ჯანდაცვის დონეზე და მარილის შემცირების სტრატეგიების დანერგვით. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ევროპის რეგიონში, რომელიც ამ ინიციატივას გამოეხმაურა.

„უახლესი მტკიცებულებების თანახმად, მარილის მოხმარების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ყველაზე მაღალი უკუგება. საქართველოში, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ამ ინიციატივას შეუძლია გადაარჩინოს 10 000-მდე სიცოცხლე, ხოლო ეკონომიკური მოგება ყოველ დახარჯულ 1 ლარზე 19.6 ლარია“ - განაცხადა სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელმა და წარმომადგენელმა საქართველოში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის:

მარილის შემცირების კამპანია.

Talking with patients about salt can save their lives: doctors fight hypertension in Georgia

 

რუსუდან ხოტივარი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით