ტელემედიცინა - ჯანდაცვის ინოვაციური სერვისი კიბოს სკრინინგზე წვდომის გასაზრდელად
UNFPA, გაეროს სააგენტოებთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელს უწყობს ციფრული მედიცინის განვითარებას საქართველოში.
„პაციენტების მომსახურება ძალიან კომფორტული, გაუმჯობესებული და გამარტივებულია,“ ამბობს გლდანის პოლიკლინიკის, „მედკაპიტალის“, ოჯახის ექიმი, თეა მარტიაშვილი ტელემედიცინის სერვისზე, რომლის მეშვეობითაც უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქალებს, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ საშვილოსნოს, ძუძუსა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგზე მათთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილას, ადგილობრივი ოჯახის ექიმის დახმარებით.
„როდესაც პაციენტი მოდის ოჯახის ექიმთან, რა თქმა უნდა, ვთავაზობთ ჩაწერის ინსტიტუტს - სკრინინგს, სადაც ძალიან მარტივად ხდება პაციენტის დარეგისტრირება და ძალიან კომფორტულად აქვე, კაბინეტში ირჩევენ სასურველ დროს და თვითონაც ძალიან კმაყოფილები არიან იმით, რომ [სკრინინგის ეროვნულ ცენტრში] აღარ უწევთ დარეკვა და ჩემთან ვიზიტის ფარგლებში ხდება ამ ყველაფრის უზრუნველყოფა“.
თეა მარტიაშვილი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA
საქართველოში საშვილოსნოს კიბოს სკრინინგის პროგრამა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური დახმარებით 2009 წლიდან ამოქმედდა. იმისათვის, რომ კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა შემცირდეს, მოსახლეობის მინიმუმ 70% უნდა იტარებდეს გამოკვლევას.
სწორედ ამიტომ, UNFPA, გაეროს სააგენტოებთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელს უწყობს ციფრული მედიცინის განვითარებას საქართველოში, რათა სკრინინგ პროგრამები კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის. ამ მიზანს ემსახურება ერთობლივი პროგრამა „საქართველოში COVID-19-ის გავრცელების ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“.
გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ოფიცრის, ლელა შენგელიას თქმით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და მასთან დაკავშირებული რიგების ელექტრონული მართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ჯანდაცვის სერვისების „დიგიტალიზაციის“ თვალსაზრისით.
„პროექტი საშუალებას აძლევს მიზნობრივ ჯგუფს დროულად ჩაერთოს სკრინინგ პროგრამაში, გამოვლინდეს დაავადება მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე და მოხდეს შესაბამისი ინტერვენციების გახორციელება. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ პროექტის განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული ოჯახის ექიმი, ეს კი ხელს უწყობს სკრინინგზე შესაბამისი კონტიგენტის გადამისამართებას და უკუკავშირის საფუძველზე შემდეგი ქმედებების დაგეგმვას,“ ამბობს ის.
ტელემედიცინა გულისხმობს თანამედროვე, ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მისაღებად, რაც საგრძნობლად ზოგავს მგზავრობასთან დაკავშირებულ დროსა და ხარჯებს.
„წინა კვირას მყავდა პაციენტი, რომელსაც მართლა ჰქონდა პრობლემა სარძევე ჯირკვალზე და არაფრით არ მიდიოდა [სკრინინგ ცენტრში]. „ვაიძულე“, ჩავწერე, შემახსენებელი SMS-იც მიუვიდა და ძალიან გამიხარდა, რომ ორ დღეში, ჩემი ჩაწერის საფუძველზე, მივიდა. ზუსტად ვიცი, რომ ისე არაფრით არ მივიდოდა მამოგრაფიაზე... მე თვითონაც ჩაწერილი ვარ და მეც ვიკეთებ სკრინინგს. პირველ რიგში, შენ უნდა იყო შენი პაციენტის მაგალითი,“ ამბობს ოჯახის ექიმი, თეა მარტიაშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, ტელემედიცინის სერვისით პაციენტის რეგისტრაცია მას საშუალებას აძლევს, სრულად ფლობლედ თავისი პაციენტების შესახებ სრულყოფილ სამედიცინო ინფორმაციას:
„ვისაც ვუშვებ სკრინინგზე, რომელი ბენეფიციარიც მომაგრებულია ჩემზე, მეც პასუხისმგებელი ვარ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ზოგი ისე იკეთებს სკრინინგს, უკან აღარ გიბრუნდება. ქაოტურად დადიან [სკრინინგის პროგრამებზე]. ამ შემთხვევაში კი, შენგან გაგზავნილი [პაცინტი] აუცილებლად დაგიბრუნდება და შენ გაჩვენებს იმ პასუხებს. ასე იქმნება პრევენციის ერთიანი ჯაჭვი.“
ვინ უნდა ჩაიტაროს კიბოს სკრინინგი?
სკრინინგი არის ჯანმრთელი მოსახლეობის მასობრივი გამოკვლევა ფარულად მიმდინარე დაავადებების გამოსავლენად ორ შემთხვევაში: როდესაც პაციენტს საკვლევი დაავადების დამახასიათებელი სიმპტომები არ გააჩნია, მაგრამ იკეთებს გეგმიურ პრევენციულ შემოწმებას და სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, როდესაც ის აგრძელებს გაღრმავებულ დიაგნოსტიკურ კვლევებს.
„ონკოლოგიური დაავადებები როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის სისტემებისათვის ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოდგენს. ამიტომაც არის, რომ ძალიან დიდი მნიშვვნელობა ენიჭება პრევენციულ ღონისძებებს, რომელიც გულისხმობს, ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად, დაავადების ადრეული ფორმების გამოვლენას და შემდგომ მკურნალობა,ს რომ ამ დაავადავების პროგერსირება არ მოხდეს,” ამბობს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე.
ეთერ კიღურაძე. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA
მისი თქმით, „ზოგადად კიბოს შემთხვევაში, მაღალი სიკვდილიანობის და დაბალი გადარჩენის მაჩვენებლის მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კიბის შემთხვევების 50%-ზე მეტი გამოვლინდება მე-3 და მე-4 სტადიაზე. და ამიტომ სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაშისწორად დაგეგმილ სკრინინგულ პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს კიბოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის შემცირება მათი ნაადრევი გამოვლენის გზით.“
„ამიტომ, ის გარემოებაც მნიშვნელოვანია, რომ თვითონ დაავადების მართვაც შემდეგ როდესაც ადრეულ ეტაპზე იქნება გამოვლენილი, გაცილებით ეფექტურია, მკურნალობა წარმატებულია, ხარჯთეფექტურიც არის და ამცირებს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფოს მხრიდან დანახარჯებს, თუმცა სკრინინგის პროგრამამ რომ თავის მიზანს - ადრეული გამოვლენის გზით ავადობისა და სიკვდილობის შემცირებას - მიაღწიოს, საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად, აუცილებელია, რომ სკრინინგის პროგრამაში ჩართულობის, ანუ ე.წ. მიზნობრივი მოსახლეობის მოცვის მაჩვენებელი იყოს არანაკლებ 60-70%-სა,“ აღნიშნავს ეთერ კიღურაძე.
მიუხედავად სკრინინგის პროგრამებზე გაზრდილი მიმართვიანობისა, საქართველოში ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ არასაკმარისია. მიზნის მისაღწევად ეთერ კიღურაძე პირველადი ჯანდაცვის რგოლის მხრიდან ჩართულობის საჭიროებას ხედავს, რასაც ტელემედიცინის პროგრამა უწყობს ხელს:
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სულ ვცდილობთ მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოთ, მაინც მნიშვნელოვანია მოსახლეობაში კიბოს სკრინინგის სარგებლის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა, პერსონალური მოწვევების გააქტიურება, რაც გულისხმობს ორგანიზებულ სკრინინგს, პირველადი ჯანდაცვის რგოლის - ოჯახის ექიმის თუ სოფლის ექიმის ჩართულობა ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ მათზე მიმაგრებული კონტიგენტი გადმოამისამართონ სკრინინგ ცენტრში და შემდგომ აწარმოონ სკრინინგული რაუნდების კონტროლი.“
ყოველი გადამისამართება კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა
ამ ეტაპზე, ტელემედიცინის პროგრამის ფარგლებში, პილოტური პროექტი თბილისის პირველადი ჯანდაცვის სამი სამედიცინო დაწესებულების ბაზაზე მიმდინარეობს. მარტი-ივნისის საანგარიშგებო პერიოდში კიბოს სკრინინგზე სულ დარეგისტრირდა 9.936 ჯავშანი, რომელთაგან 1.846 ჯავშანი -19% რეგისტრირებულია უშუალოდ მოქალაქეების მიერ, 3.005 ჯავშანი - 30% - პირველადი ჯანდაცვის პერსონალის მიერ, ხოლო 5.085 ჯავშანი -51% - სკრინინგის სერვისში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების მიერ;
„უნდა ჩავთვალოთ, რომ თოთოეული [დროულად გადამისამართებული] პაციენტი კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა. თანდათან უკვე გაძლიერდება ეს კამპანიაც და მეტი ოჯახის ექიმი ჩაერთვება და მიმართვიანობაც მეტი იქნება,“ ამბობს ეთერ კიღურაძე და მიიჩნევს, რომ ამ პროცესში დისტანციური სერვისების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.
ის იმედოვნებს, რომ „მომავალში უფრო დაიტვირთება სისტემა და ეს საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რასაც ჰქვია მოცვის გაზრდა და სკრინინგის პროგრამით, კიბოთი გამოწვეული ავადობითა და სიკვდილობის შემცირების მიღწევა.“
-----
ტელემედიცინის პროექტი საქართველოში ერთობლივად ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოს მთავრობამ 50 სოფლის ამბულატორია უკვე აღჭურვა ტელემედიცინის მოწყობილობებით. ევროკავშირისა და გაეროს ოთხი ორგანიზაციის - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს პროექტების ოფისის (UNOPS) მხარდაჭერით კიდევ 200 ამბულატორიას შეეძლება მოსახლეობისთვის უფრო მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება.