პრეს-რელიზი

განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

25 ნოემბერი 2023

წინამდებარე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ  გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში,  ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ნატოს სამეკავშირეო ოფისი  და  ავსტრიის, ახალი ზელანდიის, ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ნიდერლანდების, ნორვეგიისპორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის საელჩოები საქართველოში.

ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ყველას მოვუწოდებთ საერთო ქმედებისკენ ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად - დაწყებული სექსუალური შევიწროებით და ძალადობით, ბავშვთა ქორწინებითა და ფემიციდით დამთავრებული. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველი სამიდან დაახლოებით ერთ ქალს მაინც განუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა თუნდაც ერთხელ, უმეტეს შემთხვევაში, თავისი ქმრის ან პარტნიორის მხრიდან.[1] საქართველოში ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობა კვლავაც კრიტიკულ პრობლემად რჩება იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ბევრი სერიოზული ნაბიჯი გადადგა ადამიანის უფლებების ამ საშინელი დარღვევების წინააღმდეგ საბრძოლველად. ასეთი ძალადობა სათავეს გენდერული უთანასწორობიდან იღებს და, თავის მხრივ, ქალების და გოგოების მიმართ დისკრიმინაციას კიდევ უფრო აძლიერებს. ამის შედეგად კი ჩვენი საზოგადოება ნაკლებად მშვიდობიანი და სამართლიანია, ხოლო ჩვენი ეკონომიკა - ნაკლებად წარმატებული.

ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭიროა კანონმდებლობის გაძლიერება და აღსრულება, ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი პოლიტიკის განხორციელება, და ძალადობის მსხვერპლთა სრული დაცვა და მხარდაჭერა. ამას გარდა, არც ერთი მოძალადე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ყოველივე ამისთვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და ქალთა ლიდერობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა და აღმოფხვრა, რადგანაც ამგვარი ძალადობა ხელს უშლის ქალებს იყვნენ პოლიტიკურად აქტიურნი და ეფექტური წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ქალი კანდიდატების 54 პროცენტს განუცდია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობა და შევიწროება თავიანთ საარჩევნო კამპანიის, ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში.[2] პოლიტიკოს ქალთა წინააღმდეგ ხშირად გამოიყენება სექსისტური სიძულვილის ენა სოციალურ მედიაში; ქალებს აკრიტიკებენ, გენდერული იდენტობის, გარეგნობის, ჩაცმულობის, ინტელექტუალური შესაძლებლობების და მორალისტური პრიზმით.[3]

ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ სახედ რჩება ეკონომიკური ძალადობა, რომელიც მსხვერპლს აიძულებს დარჩეს მოძალადესთან. გამოწვევად რჩება ანაზღაურებებს შორის გენდერული სხვაობის შემცირება,[4] ფინანსურ რესურსებზე, მემკვიდრეობის უფლებებზე, დასაქმების შესაძლებლობებზე,  შრომის უხილავ და აუნაზღაურებელი ზრუნვის  აღიარებასა და გადანაწილებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. ბავშვთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მოზარდებისთვის ხელსაყრელი ჯანდაცვის სერვისები ასევე უმნიშვნელოვანესია გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ, რათა მათ სრულად და თანასწორად მიიღონ მონაწილეობა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ძალადობის ან შევიწროების შიშის გარეშე.

__________________

[1] „ფაქტები და რიცხვები: ქალთა მიმართ ძალადობის დასრულება“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.unwomen.org/en/what-we-do/ending-violence-against-women/facts-and-figures

[2] „პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://georgia.unwomen.org/en/digital-library/publications/2023/08/violence-against-women-in-politics-in-georgia

[3] არჩევნების მონიტორინგის ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.undp.org/georgia/publications/gender-bias-social-media-2020

[4] 2022 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 15.4 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 23.0 პროცენტია. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.geostat.ge/media/57459/Adjusted-gender-pay-gap---2022.pdf 

 

 

Ketevan Ghioshvili

ქეთი გიოშვილი

RCO
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით