გაეროს ქალთა ორგანიზაცია 10 წელზე მეტია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით, უწყებაში გენდერულ მეინსტრიმინგზე აქტიურად მუშაობს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პუბლიკაცია „ქალები საქართველოს სამსახურში“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მოამზადა. ბროშურაში გაერთიანებულია 13 სამხედრო მოსამსახურე ქალის ბიოგრაფიული ისტორიები, მათი გამბედაობის, სიმამაცის, ბრძოლისა და თავდადების ამბები. ეს მაგალითები ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქალებს საქართველოს თავდაცვის სამსახურში. მათ შორის არიან რიგითი, მეტყვიამფრქვევე ანა ლეკვეიშვილი და უფროსი გამნაღმველი სერჟანტი ეკატერინე მარიკაშვილი.
„დიახ, ქალები ძლიერები ვართ და ჯარში სამსახური შეგვიძლია“, - რიგითი, მეტყვიამფრქვევე ანა ლეკვეიშვილი
სკოლის დამთავრების შემდეგ ანა ლეკვეიშვილმა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონედლეულის კვების ტექნოლოგიისა და ექსპერტიზის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ პროფესიული პროგრამებიც ამ მიმართულებით გაიარა, თუმცა 2021 წელს კარიერის გზა რადიკალურად შეცვალა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შეუერთდა.
ერთი შეხედვით, ანას გადაწყვეტილება გასაკვირი არც იყო. ის სამხედრო ოჯახში იზრდებოდა, ჯარის სიყვარული და პატივისცემა კი ბავშვობიდან მოჰყვებოდა. „სინამდვილეში ამ საქმეზე ვოცნებობდი. ერთხელაც გადავწყვიტე, სურვილი ამესრულებინა, საკუთარი თავი რადიკალურად განსხვავებულ სფეროში გამომეცადა და დამემტკიცებინა, რომ დიახ, ქალები ძლიერები ვართ და ჯარში სამსახური შეგვიძლია“, - ამბობს ანა.
მიუხედავად იმისა, რომ მშობლებისთვის სამხედრო საქმე კარგად ნაცნობი იყო, ანას გადაწყვეტილება მათთვის მაინც რთულად მისაღები აღმოჩნდა. „არ უნდოდათ გოგო ჯარში. აქეთ-იქიდანაც სულ მესმოდა, რომ ქალის ადგილი იქ არ არისო, მაგრამ დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩემით ყველაზე მეტად ოჯახი ამაყობს და უდიდეს მოტივაციას მაძლევს, რომ არ გავჩერდე და კარიერულად გავიზარდო“, - ამბობს ანა.
24 წლის ანა ახლა მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის II 152 მმ-იანი „მსტა“–ს ბატარეის I საცეცხლე გათვლის ნომრის თანამდებობაზე მუშაობს. მისი მოვალეობა ქვემეხებთან მუშაობა და თეორიულ თუ პრაქტიკულ სწავლებებში მონაწილეობის მიღებაა. ანა რთულ საქმეს ასრულებს და საკუთარ თავს ყოველდღიურად უმტკიცებს, რომ იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ჰგონია. „ჩემთვის საქართველოს სამსახურში ყოფნა დიდი პატივია. აუცილებლად გავხდები ოფიცერი და კარიერულ წინსვლასაც ამ რანგში გავაგრძელებ“, - ამბობს ის.
უფროსი გამნაღმველი, სერჟანტი ეკატერინე მარიკაშვილი. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
„სიმამაცე და გამძლეობა სქესით არ უნდა ფასდებოდეს“, - უფროსი გამნაღმველი, სერჟანტი ეკატერინე მარიკაშვილი
48 წლის სერჟანტი ეკატერინე მარიკაშვილი აღმოსავლეთის სარდლობის სამხედრო-საინჟინრო ბატალიონის საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ასეულის მე-3 მსუბუქი ოცეულის უფროსი გამნაღმველის პოზიციაზე მსახურობს. პროფესიული არჩევანი სერჟანტ მარიკაშვილს 90-იანების საქართველომ, აფხაზეთის ომმა და მძიმე სამოქალაქო დაპირისპირებამ უკარნახა. „მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ სამშობლოს კეთილდღეობაში ჩემი წვლილი შემეტანა“, - იხსენებს ის.
ეკატერინეს მოვალეობა განაღმული ტერიტორიების შემოწმება და ხარისხის მონიტორინგია. მუდმივად საბრძოლო მასალებთან უწევს შეხება, რაც ერთ-ერთი ურთულესი მისიაა. „ამ ასეულში სამსახური იმიტომ გადავწყვიტე, რომ მშვიდობიანობის დროსაც კი ჩემი ქვეყნისთვის საბრძოლო დავალება შემესრულებინა“, - ამბობს სერჟანტი მარიკაშვილი და საკუთარი არჩევანით განსაკუთრებით ამაყობს.
ეკატერინეს პროფესია საზოგადოების მხრიდან ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემასა და დადებით განწყობას იწვევდა, თუმცა სამხედრო სფეროში გენდერული სტერეოტიპებიც არაერთხელ სმენია: „მთელ მსოფლიოში ქალების მიმართ ნდობა, მათი კარიერული დაწინაურება ნაკლებია. რა თქმა უნდა, ეს არასწორია, სიმამაცე და გამძლეობა სქესით არ უნდა ფასდებოდეს“, - ამბობს იგი და ამ სიმამაცეს თავადაც ყოველდღიურად, საქმით ადასტურებს.
პუბლიკაცია „ქალები საქართველოს სამსახურში“ მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ.