ქალები თავდაცვის ძალებში საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხოციელებისთვის
გაეროს ქალთა ორგანიზაცია 10 წელზე მეტია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით, უწყებაში გენდერულ მეინსტრიმინგზე აქტიურად მუშაობს.
ეს თანამშრომლობა, სხვა საკითხებთან ერთად, თავდაცვის ძალებში ქალების წარმოჩენასა და მათი წვლილის აღიარებას გულისხმობს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პუბლიკაცია „ქალები საქართველოს სამსახურში“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მოამზადა. ვიცე-პოლკოვნიკი თამარ ქიტიაშვილი და ვიცე-პოლკოვნიკი ეკატერინე ამ პუბლიკაციის გმირები არიან.
“სამხედრო ქალებს სულ უწევთ საკუთარი შესაძლებლობების მტკიცება“, - ვიცე-პოლკოვნიკი თამარ ქიტიაშვილი
47 წლის თამარ ქიტიაშვილი პირველადი პროფესიით იურისტია, ფლობს დოქტორის აკადემიურ ხარისხს ინფორმატიკაში, 2011 წლიდან კი ამ ცოდნას საქართველოს თავდაცვის ძალების სამსახურში იყენებს.
„ვალდებულებას, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ქვეყნის წინაშე აქვს, ყოველთვის ვაცნობიერებდი. როცა პროფესიიდან გამომდინარე, შესაძლებლობა მომეცა, თავდაცვის ძალების ნაწილი გავმხდარიყავი, გადაწყვეტილებაც ამ ფაქტორმა მიმაღებინა: მინდოდა, ცოდნა და შესაძლებლობები სამშობლოს სამსახურისთვის გამომეყენებინა, მცმოდა სამხედრო ფორმა და ჩემი ქვეყნის დამცველთა რიგებში ვყოფილიყავი“, - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი თამარ ქიტიაშვილი.
ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ, რომ თავდაცვის ძალებში სამსახურს ვერ შეძლებდა და სწავლის პროცესი რთული იქნებოდა, თუმცა თამარისთვის განსხვავებული შეხედულებების მოსმენა მათ ბრმად მინდობას არ ნიშნავდა. სამხედრო კარიერული ზრდისთვის საჭირო ყველა საფეხური გაიარა: საწყის-საბრძოლო კურსს ჯერ კაპიტნის საკარიერო კურსი მოჰყვა, შემდეგ კი — სამეთაურო-საშტაბო, რომელმაც მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.ამჟამად გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საიდუმლო რეჟიმის დაცვისა და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის სამმართველოს უფროსი ოფიცერია. ვიცე-პოლკოვნიკ ქიტიაშვილის ძირითადი მოვალეობა ნატოს კლასიფიცირე- ბული ინფორმაციის მიღება, მისი უსაფრთხოების დაცვა და შემსრულებლებამდე დაყვანის ორგანიზებაა.
„სამწუხაროდ, სამხედრო ქალებს სულ უწევთ საკუთარი შესაძლებლობების მტკიცება და ჩვენება, რომ კარიერასა და ოჯახს შორის ბალანსის დაცვა შეუძლიათ“, - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი. თავად ორი შვილი ჰყავს: ნიკოლოზი და იოსები. ნიკოლოზი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტია, იოსები კი — ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის სტუდენტი. დედას პროფესიები აირჩიეს და ამ გადაწყვეტილებითაც აჩვენეს, რომ თამარის კარიერა, რომელიც მუდმივი განვითარებისკენაა მიმართული, მათთვისაც სამაგალითოა.
ვიცე-პოლკოვნიკი ეკატერინე ხარაშვილი. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
„სამხედრო ცხოვრებაც შვილივით გამოვზარდე“, - ვიცე-პოლკოვნიკი ეკატერინე ხარაშვილი
20 წლის წინ, როცა ეკატერინე ხარაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობას თარჯიმნად იწყებდა, ვერც წარმოიდგენდა, თუ სამხედრო სფერო ისე მოხიბლავდა, რომ თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ჩააბარებდა, კარიერას ოფიცრის რანგში გააგრძელებდა და სამშვიდობო მისიასაც წარმატებით შეასრულებდა.
ამჟამად ეკატერინე უკვე ვიცე-პოლკოვნიკი და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. მისი ძირითადი მოვალეობა სამხედრო პერსონალის საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და სხვადასხვა პროცესის კოორდინაციაა. ამავდროულად, იგი სამინისტროს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის წევრიცაა.
სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალებში გენდერული სტერეოტიპები კიდევ უფრო თვალში საცემია. ვიცე-პოლკოვნიკი ამბობს, რომ გავრცელებული მცდარი წარმოდგენები ქალებისთვის დამატებით გამოწვევებს ქმნის. „სამხედრო ქალის დასაქმებისას აუცილებლად ისმის ხოლმე ფრაზები, რომ რამდენჯერაც შვილი ავად გაუხდება, იმდენჯერ სახლში გაიქცევა, მისი ზურგჩანთა აუცილებლად კაცების სათრევი გახდება და ა.შ. თითქოს თავიდანვე გადაწყვეტილია, რომ ქალები ამ სფეროში მნიშვნელოვანს ვერაფერს გავაკეთებთ, ამიტომ მუდმივად გვიწევს, საკუთარი შესაძლებლობებისა და წვლილის მტკიცება და ჩვენება, რომ დამატებით ტვირთს არავისთვის წარმოვადგენთ“, - აღნიშნავს ვიცე-პოლკოვნიკი ხარაშვილი.
ეკატერინეს სამი შვილი ჰყავს. სამსახურისა და საოჯახო საქმეების შეთავსებაზე ხშირად ეკითხებიან, თუმცა თავად ამ ორ სფეროს ერთმანეთს არასდროს ადარებს: „სამხედრო ცხოვრებაც შვილივით გამოვზარდე და თავისი სიკეთეებითა თუ სირთულეებით ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. დღეს რომ პროფესიას ვირჩევდე, ისევ სამხედრო კარიერაზე შევჩერდებოდი“, - ამბობს ის.
საყვარელი პროფესია კი ეკატერინესთვის უპირველესად სამშობლოსთან ყველაზე ახლოს დგომასა და მუდმივ განვითარებას ნიშნავს. ვიცე-პოლკოვნიკს თითოეული კარიერული საფეხური და წარმატება თავდაჯერებულობას მატებს, თუმცა მაშინვე შემდეგ ეტაპზე ფიქრს იწყებს. მიღწეულზე იგი არც ამჟამად ჩერდება და კვლავაც ახალი მიზნებისკენ ისწრაფვის.
პუბლიკაცია „ქალები საქართველოს სამსახურში“ მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ.