პუბლიკაცია
საქართველოს შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა. 2023
04 დეკემბერი 2023
წინამდებარე კვლევა განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო“, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
კვლევაში განხილულია მრავალმხრივი გამოწვევები, რომლებსაც შრომითი მიგრანტი ქალები საქართველოში დაბრუნებისას აწყდებიან, შესწავლილია ამ გამოწვევების საფუძვლები, აღწერილია შრომითი მიგრანტი ქალების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მხრივ არსებული ბარიერები და მოყვანილია შესაბამისი რეკომენდაციები სხვადასხვა უწყების მიმართ.
მთავარი მიგნებები
- საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მიგრაციის მართვის სისტემის განვითარების მიმართულებით, თუმცა, მიგრაციის ფემინიზაცია მეტ ყურადღებას საჭიროებს.
- შრომითი მიგრანტი ქალების გამოცდილება აჩვენებს გენდერული პერსპექტივისა და ხედვის ნაკლებობას საქართველოს კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და სახელმწიფო პროგრამებში, რაც ხელს უშლის შრომითი მიგრანტი ქალების დაბრუნებასა და მდგრად რეინტეგრაციას.
- შრომითი მიგრანტი ქალები ხშირად ვერ ახერხებენ ფინანსური კაპიტალის დაგროვებას, რადგან ამ მხრივ შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნიათ.
- შრომით მიგრანტ ქალებს ხელი არ მიუწვდებათ საჭირო ინფორმაციაზე და ვერც შესაბამის განათლებას იღებენ, რადგან მათი ფინანსური რესურსები სამშობლოში დარჩენილი ოჯახების საჭიროებებს ხმარდება. ამის შედეგად, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტი ქალები რეინტეგრაციის პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე.
- საქართველოში არსებული სოციოეკონომიკური გარემო და სტრუქტურული ბარიერები ხშირ შემთხვევაში ზღუდავს მიგრანტი ქალების მონაწილეობას ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
- ასეთ ბარიერებს შორისაა უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, პროფესიული კვალიფიკაციის დაკარგვა მიგრაციის დროს, ზრუნვის ინფრასტრუქტურისა და სოციალური დაცვის სისტემის ხარვეზები, დაბალი პენსიები, ძვირადღირებული ჯანდაცვა, საბინაო გამოწვევები და მაღალი საპროცენტო განაკვეთები კომერციულ სესხებზე.
რეკომენდაციები
- შრომითი მიგრანტი ქალების დროული და ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობა.
- მიგრაციის ფემინიზაციის სოციალური ფასის შემცირება.
- დაბრუნებული შრომითი მიგრანტების პოტენციური წვლილის გაზრდა ქვეყნის განვითარების პროცესში.
- გენდერული ხედვის ინტეგრირება საქართველოს კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და სახელმწიფო პროგრამებში.
გამოქვეყნებულია
გაეროს განვითარების პროგრამა