გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით
"ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი ღირსებითა და უფლებებით." ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ცნობილი შესავალი წინადადება დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 75 წლის წინ, მისი მიღების დროს.
საყოველთაო დეკლარაცია წარმოადგენს საგზაო რუკას, რომელიც ეხმარება ომების დასრულებას, უთანხმოებების გადალახვასა და ყველასათვის მშვიდობიანი და ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობას.
მაგრამ მსოფლიო გზას სცდება. მძვინვარებს კონფლიქტები. სიღარიბე და შიმშილი იზრდება. უთანასწორობა უფრო ღრმავდება. კლიმატის კრიზისი არის ადამიანის უფლებათა კრიზისი, რომელიც ყველაზე მძიმედ ურტყამს სოციალურად დაუცველებს. ავტორიტარიზმი ძლიერდება. სამოქალაქო სივრცე მცირდება და მედია ყველა მხრიდან თავდასხმის ქვეშ ექცევა. გენდერული თანასწორობა შორეულ ოცნებად რჩება და ქალთა რეპროდუქციული უფლებები უკანა ფონზე ინაცვლებს.
დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ და პატივი ვცეთ ადამიანის ყველა უფლებას - სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ, სამოქალაქო და პოლიტიკურს, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვიცავს.
საყოველთაო დეკლარაცია გვიჩვენებს გზას საერთო ღირებულებებისა და მიდგომებისკენ, რომელიც ხელს უწყობს დაძაბულობის დაძლევას და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შექმნას, რომლისკენაც ჩვენი მსოფლიო მიისწრაფვის.
მაშინ, როდესაც ჩვენ გლობალური მექანიზმების განახლებაზე და 21-ე საუკუნეში მათი ეფექტურობის გაძლიერებაზე ვმუშაობთ, ადამიანის უფლებებმა უნიკალური და ცენტრალური როლი უნდა შეასრულონ.
მე მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს გამოიყენონ 75 წლის იუბილე და მომავლის სამიტი, რომელიც მომდევნო წელს ჩატარდება, იმისათვის, რომ გააძლიერონ თავიანთი ერთგულება საყოველთაო დეკლარაციის მარადიული ღირებულებების მიმართ.
და ადამიანის უფლებათა დღეს, მე მოვუწოდებ ადამიანებს მთელ მსოფლიოში, ყოველდღე, ყველასთვის, ყველგან ხელი შეუწყონ და პატივი სცენ ადამიანის უფლებებს.