პრეს-რელიზი

საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება, რათა დავიცვათ ბავშვები და თავიდან ავიცილოთ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება

22 დეკემბერი 2023

 

საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება ელექტრონული სიგარეტების კონტროლისთვის, რათა დავიცვათ ბავშვები და არამწეველები და მინიმუმამდე დავიყვანოთ ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი მოსახლეობაში. პოპულაციურ დონეზე ელექტრონული სიგარეტი, როგორც სამომხმარებლო პროდუქტი, არ არის ეფექტური თამბაქოს მოხმარებაზე თავის დანებებისთვის. სამაგიეროდ, არსებობს  საგანგაშო მტკიცებულებები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მისი მავნე ზეგავლენის შესახებ.

ელექტრონული სიგარეტი დაშვებული იქნა ღია ბაზარზე და მოხდა მისი აგრესიული მარკეტინგი ახალგაზრდებში. 34 ქვეყანა კრძალავს ელექტრონული სიგარეტების გაყიდვას, 88 ქვეყანას არ აქვს დადგენილი მინიმალური ასაკი მის შესაძენად და 74 ქვეყანას კი - არ გააჩნია ამ მავნე პროდუქტის რეგულაციური ჩარჩო.

„ბავშვებს ადრეულ ასაკში იზიდავენ და აბამენ მახეში, რათა დაიწყონ ელექტრონული სიგარეტის მოიხმარება, რითაც მათ შესაძლოა განუვითარდეთ ნიკოტინზე დამოკიდებულება - ამბობს ტედროს ადანომ გებრეიესუსი, ჯანმოს გენერალური დირექტორი. „მოვუწოდებ ქვეყნებს, გაატარონ მკაცრი ზომები, რათა თავიდან აიცილონ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება და დაიცვან თავიანთი მოქალაქეები, განსაკუთრებით კი - მათი შვილები და ახალგაზრდები“.

ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტი იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას და საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობაზე  გრძელვადიანი გავლენის მასშტაბი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი, დამტკიცებულია, რომ ის წარმოქმნის ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომელთაგან ზოგიერთი ცნობილი კანცეროგენია, ზოგიერთი კი ზრდის გულის და ფილტვების დაავადებათა განვითარების რისკს. ელექტრონული სიგარეტის გამოყენებამ ასევე შეიძლება მოახდინოს გავლენა თავის ტვინის განვითარებაზე და გამოიწვიოს სწავლის დარღვევები ახალგაზრდებში. მისმა ზემოქმედებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულ ქალებში ნაყოფის განვითარებაზე. ელექტრონული სიგარეტის ემისიების ზემოქმედება რისკის შემცველია პასიური მწეველებისთვისაც.

„სოციალური მედიისა და ინფლუენსერების საშუალებით და არანაკლებ 16 000 არომატით, ელექტრონული სიგარეტი მიზანში იღებს ბავშვებს. ზოგიერთი ელ-სიგარეტი იყენებს მულტფილმის პერსონაჟებს და აქვს დახვეწილი დიზაინი, რომელიც მიმართულია ახალგაზრდა თაობაში მისი პოპულარიზაციისკენ. ელ-სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი ბავშვებში და ახალგაზრდებში  საგანგაშოდ იზრდება, იგი ბევრ ქვეყანაში ზრდასრულთა მოხმარების მაჩვენებელსაც აღემატება“ - ამბობს რუდიგერ კრეჩი, ჯანმოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის დირექტორი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეგიონში 13-15 წლის ასაკის უფრო მეტი ბავშვი მოიხმარს ელექტრონულ სიგარეტს, ვიდრე ზრდასრული ადამიანი. კანადაში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება 16-19 წლის ახალგაზრდებს შორის 2017-2022 წლებში გაორმაგდა, ხოლო ინგლისში (გაერთიანებული სამეფო) ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ახალგაზრდების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა.

სოციალურ მედიაში ელექტრონული სიგარეტის შესახებ კონტენტის ზეგავლენის ქვეშ ხანმოკლე ყოფნამაც კი შეიძლება გაზარდოს ამ პროდუქტის მოხმარების სურვილი და მის მიმართ უფრო დადებითი დამოკიდებულება. კვლევები მუდმივად აჩვენებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, მოგვიანებით ტრადიციულ სიგარეტის მოხმარების გასამმაგებული რისკის ქვეშ დგანან.

აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება ელექტრონული სიგარეტების მოხმარების დაწყებისა და ნიკოტინზე დამოკიდებულების განვითარების წინააღმდეგ, თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი მიდგომით და ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

  • იმ ქვეყნებში, სადაც ელექტრონული სიგარეტი იკრძალება, აუცილებელია  გაძლიერდეს რეგულაციების აღსრულება და გაგრძელდეს მონიტორინგი და ზედამხედველობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციების მხარდასაჭერად და ძლიერი აღსრულების უზრუნველსაყოფად;               
  • იმ ქვეყნებში, სადაც ელექტრონული სიგარეტის, როგორც სამომხმარებლო პროდუქტის მიმოქცევა (რეალიზაცია, იმპორტი, დისტრიბუცია და წარმოება)   ნებადართულია, აუცილებელია მკაცრი რეგულაციების მიღება მათი მიმზიდველობისა და მიყენებული ზიანის შესამცირებლად, მათ შორის არომატების აკრძალვით, ნიკოტინის კონცენტრაციისა და ხარისხის შეზღუდვით და დაბეგვრით;

თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის სტრატეგი უნდა ეფუძნებოდეს ეფექტურობის საუკეთესო ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს და უნდა ექვემდებარებოდეს მონიტორინგს და შეფასებას. მიმდინარე მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რეკომენდებული არ არის მთავრობებმა დაუშვან ელექტრონული სიგარეტების, როგორც სამომხმარებლო პროდუქტების გაყიდვა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მიზნით.

ნებისმიერმა ხელისუფლებამ, რომელიც თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის სტრატეგიაში იყენებს ელექტრონული სიგარეტებს, უნდა აკონტროლოს პროდუქტზე ხელმისაწვდომობის პირობები, რათა დაცულ იყოს შესაბამისი კლინიკური პირობები და უნდა არეგულიროს პროდუქტები, მედიკამენტების მსგავსად (მათ შორის, მოითხოვოს მარკეტინგული ავტორიზაცია, როგორც მედიკამენტისა). გადაწყვეტილება თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მიზნის მიღწევის შესახებ, თუნდაც ასეთი კონტროლირებადი ფორმით, უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინების შემდეგ, მოხმარების დაწყების რისკის და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის სხვა დადასტურებული სტრატეგიების სრულად ამოწურვის შემდეგ.

თამბაქოს ინდუსტრია მდიდრდება ჯანმრთელობის განადგურებით და იყენებს ამ ახალ პროდუქტებს, რათა დაიკავოს ადგილი გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთან მთავრობებთან ერთად და მოახდინოს ლობირება ჯანდაცვის პოლიტიკის წინააღმდეგ. თამბაქოს ინდუსტრია აფინანსებს და ხელს უწყობს ცრუ მტკიცებულებების გავრცელებას, იმის დასამტკიცებლად, რომ ეს პროდუქტები ამცირებს ზიანს, ახდენს მათ პოპულარიზაციას ბავშვებსა და არამწეველებში და, ამავდროულად, აგრძელებს მილიარდობით სიგარეტის გაყიდვას.

საჭიროა ძლიერი გადამწყვეტი ქმედება, რათა თავიდან იქნას აცილებული ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ბავშვებში და მოზარდებში მისი გამოყენებისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მზარდი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

 

მედია კონტაქტი:

Jaimie Guerra

Communications Officer

+41794755536

 

 

რუსუდან ხოტივარი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით