ახალი შესაძლებლობები
ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მუნიციპალიტეტებს ოჯახების მხარდაჭერის პროგრამების გაუმჯობესებაში ეხმარებიან
8 წლის ტყუპები ანი და მარი ეზოში ფისოს ეთამაშებიან, თან მუნიციპალიტეტის თანამშრომელს - ია ეხვაიას ესაუბრებიან, რომელიც მათ ხშირად სტუმრობს. გოგონები იას თავიანთ ნახატებს აჩვენებენ და სამომავლო გეგმებს უზიარებენ. მარის ვეტერინარობა სურს, ანის კი მოდელიორობა. ია გოგონებს უღიმის და აქებს, შემდეგ მათ დედას ეკითხება, ოჯახს ამ ეტაპზე რამე ხომ არ სჭირდება. აფხაზეთიდან დევნილი ეს შვიდსულიან ოჯახი, რომელიც ამჟამად სოფელ რუხში ცხოვრობს, მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ მოექცა, მძიმე საცხოვრებელი პირობებისა და სერიოზული ფინანსური პრობლემების გამო.
„სულ პრობლემები გვქონდა. სახელმწიფო დახმარება საკვებისთვის და ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ძლივს გვყოფნიდა, ბავშვებს კი იმდენი რამ სჭირდებათ, სანამ გაიზრდებიან“, ამბობს 43 წლის გულნაზი - 13 წლის გოჩას, 11 წლის სალომეს, 9 წლის ნინისა და ტყუპების დედა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების მეშვეობით, რომლებიც პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებულ დახმარებას გულისხმობს, ტყუპების მშობლებმა სტაბილური სამსახურის დაწყება შეძლეს, რამაც შესაძლებელი უნდა გახადოს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩაანაცვლებს ოჯახისთვის გამოყოფილი სახელმწიფო შემწეობის ჩანაცვლება. მამამ, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ათ წელზე მეტი უმუშევარი იყო, მუნიციპალიტეტში დაიწყო მუშაობა, ხოლო დედა ადგილობრივ საბავშვო ბაღში დასაქმდა. მუნიციპალიტეტის დახმარებით ბავშვებმა სკოლის შემდეგ ინგლისურის დამატებით გაკვეთილებზე დაიწყეს სიარული, ვინაიდან ყველა მათგანს ენებისადმი ინტერესი და მიდრეკილება აღმოაჩნდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო სხულუხიასთვის მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისას არსებობდეს პრაგმატული, კვლევაზე დაფუძნებული და მრავალმხრივი მიდგომა. “ზედმეტი ემოციურობა პროფესიულ ობიექტურობას გაკარგვინებს. როცა დახმარებას ვცდილობთ, პრობლემის ცენტრად ჩვენ არ უნდა გადავიქცეთ, ნეიტრალური მზერა უნდა შევინარჩუნოთ,“ ამბობს ნინო.
UNICEF/Geo-2023/Gabechava
ნინო საუბრობს სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესში სტრატეგიული ცვლილების შესახებ, რომლის მომსწრეც გახდა გაეროს ბავშვთა ფონდის, ახალი პარტნიორობის ინიციატივის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALA) და საქართველოს 18 მუნიციპალიტეტს შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი პარტნიორული ინიციატივის შედეგად. ინიციატივის მიზანია სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესის დახვეწა, რათა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის გაიზარდოს მათზე ხელმისაწვდომობა. სოციალური პროგრამების გრძელვადიანი მიზანი ოჯახების მხარდაჭერაა მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევაში.
პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებს წარუდგინეს ახალი მეთოდოლოგია, რომელიც ფოკუსირდება არა ცალკე ბავშვებსა და მშობლებზე, არამედ მთლიანად ოჯახებზე. ახალი მეთოდოლოგიით ასევე გაუმჯობესდა მოსახლეობის დახმარების პროგრამები, რადგან ისინი ახლა კვლევებს, გამოკითხვებს, ფოკუს-ჯგუფებისა და ინტერვიუების შედეგებს ეფუძნება. კვლევის შედეგად გამოჩნდა ბავშვებისა და მათი ოჯახების აქამდე დაუკმაყოფილებელი საჭიროებები, ასევე ხარვეზები არსებულ დახმარების პროგრამებში, როგორიცაა ბევრი ოჯახის არაინფორმირებულობა არსებული დახმარების პროგრამების შესახებ. საჭიროებების შეფასების ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებით სოცმუშაკებმა გამოავლინეს ოჯახების ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები და ახლა ეხმარებიან მხარდაჭერის მიღებაში. სოციალური პროგრამების დაგეგმვის გაუმჯობესებული მეთოდოლოგია უზრუნველყოფს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მხარდაჭერას და ბავშვებსა და მათ ოჯახებზე უფრო მეტ ფოკუსირებას.
„აქამდე მსგავსი მეთოდოლოგია არ გვქონია და არ ვიცოდით, როგორ ჩაგვეტარებინა საჭიროებების ანალიზი,“ ამბობს ნინო. „ეს კი ერთი მხრივ ხელს გვიშლიდა ობიექტური ხედვის ქონაში, ხოლო მეორე მხრივ, საჭიროებების შეფასებამ დაგვანახა, რომ ბავშვების დეპრივაციის პრობლემა სცდება ფინანსურ საჭიროებებს, შესაბამისად მხოლოდ ფინანსური დახმარებით ვერ გადაიჭრება.“
UNICEF/Geo-2023/Gabechava
ხუთი შვილის დედა, 43 წლის გულნაზი ოჯახთან ერთად
სოციალური პროგრამები სცილდება ერთჯერად ფინანსურ დახმარებას და ითვალისწინებს ყოვლისმომცველ მხარდაჭერას და ოჯახების საჭიროებებზე დაფუძნებულ მომსახურებებთან დაკავშირებას, დასაქმების შესაძლებლობებს, ასევე მხარდაჭერას განათლების, ენის კურსებსა თუ მენტალური ჯანმრთელობის სფეროს მომსახურებებს. შედეგად, გაჩნდა ახალი მხარდაჭერის მომსახურებები, როგორიცაა მოსწავლეთა ტრანსპორტირება სკოლებში, პროგრამები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის და ინგლისურის გაკვეთილები სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის. ამ მრავალმხრივი მიდგომის მიზანია ოჯახების განვითარება, მათი ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდა და სიღარიბისა და სოციალური დაუცველობის მანკიერი წრის გარღვევა.
UNICEF/Geo-2023/Gabechava
სოციალური მუშაკი, ია ეხვაია, ოჯახს ესაუბრება
სულ ცოტა ხნის წინ ანისა და მარის ოჯახმა ახალ სახლში შეაბიჯა, რომელიც მათ დანიის დევნილთა საბჭომ აუშენა. ახალ სახლში შესვლამ ოჯახის ცხოვრება ძირეულად შეცვალა და მუნიციპალიტეტის, ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების თანამშრომლობის ძალისხმევების ერთგვარ ილუსტრაციად იქცა.
„ჩვენ, როგორც ომის შედეგად დევნილები და სოციალურად დაუცველები, ყოველთვის დამოკიდებული ვიყავით სახელმწიფოს დახმარებაზე“, ამბობს გულნაზი. „თუმცა ახლა, როცა ჩემი შვილებისა და ჩემს მიმართ სხვანაირი ყურადღება მივიღეთ, ვგრძნობ რომ შეუმჩნეველი არ ვართ. ახლა ჩემი შვილების მომავალს უფრო დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ. იმედი მაქვს, რომ ის ცოდნა და უნარები, რომლებსაც ახლა იღებენ, მათ დამოუკიდებელ და წარმატებულ ადამიანებად აქცევს.“
სტატია დაიწერა ევროკავშირის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსი მხოლოდ და მხოლოდ მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და შესაძლოა არ გამოხატავდეს ევროკავშირის ხედვებს.