პრეს-რელიზი

ქალთა საერთაშორისო დღეს, ძალადობის მსხვერპლების ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა

07 მარტი 2024

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, ქალთა საერთაშორისო დღეს, ძალადობის მსხვერპლების ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

Photo: © UN Women/Leli Blagonravova

გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ბიზნესგაერთიანებების ინიციატივით,  ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. მასში მონაწილეობას გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ბიზნესორგანიზაციების, ბიზნესფედერაციის „ქალები მომავლისთვის“, ევროპის ბიზნესასოციაციისა და საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიები იღებდნენ.

შეხვედრა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ გახსნეს. ღონისძიების მომდევნო ნაწილში კი მონაწილეებმა ძალადობის მსხვერპლების სოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესში ბიზნესორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ღონისძიების მიმდინარეობისას ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისები განიხილეს, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კი ის წარმატებული ინიციატივები გააზიარეს, რომლებიც მათ კომპანიებში ძალადობაგამოვლილი ადამიანებისთვის სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის დაინერგა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, ხელისუფლების, არასამთავრობო თუ დონორი ორგანიზაციებისა და ბიზნესის ჩართულობას მოითხოვს. სწორედ ამგვარი, ერთიანი მიდგომა იწვევს სოციალური ნორმებისა და ქცევის მასშტაბურ ცვლილებებს და ამ პროცესში კერძო სექტორს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია. მათ შორის, ცნობიერების ასამაღლებელი და სტერეოტიპული მიდგომების შეცვლით, რესურსების მობილიზაციითა და ა.შ. 

„გაერო გააგრძელებს გენდერული თანასწორობის, გენდერული პასუხისმგებლობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს ხელშეწყობას. ძალადობაგამოვლილი ადამიანების რეაბილიტაცია არა მარტო სამართლიანობას, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობასაც მოითხოვს. კერძო სექტორს შეუძლია, დაეხმაროს მათ დასაქმების შესაძლებლობებით, უნარების სწავლებითა და მხარდამჭერი სამუშაო სივრცის უზრუნველყოფით“, - აღნიშნა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა. 

„ქალებისა და გოგოებისთვის ინვესტიციების გაზრდა მთლიანად საზოგადოებისთვისაა კეთილდღეობის მომტანი. სწორედ ამიტომ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა ქალთა უფლებები ჩვენი ეროვნული პოლიტიკისა და დიპლომატიის პრიორიტეტად გამოაცხადა. ძალადობის მსხვერპლების დასაცავად, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან  ვთანამშრომლობთ. თიბისი ბანკთან ერთად, მეწარმე ქალებს დაფინანსებაზე წვდომაში ვეხმარებით. ბიზნესს უდიდესი ტრანსფორმაციული ძალა აქვს, იბრძოლოს დისკრიმინაციასთან, აღკვეთოს არასწორი წარმოდგენები და ხელი შეუწყოს თანასწორობას. გვაქვს მოლოდინი, რომ ვითანამშრომლებთ თითოეულ კომპანიასთან, ყველასთან, რათა წინ წავწიოთ ისეთი გლობალური საკითხი, როგორიც გენდერული თანასწორობაა“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ. 

შეხვედრა 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ წელს ქალთა საერთაშორისო დღის მთავარი გზავნილი „გაზარდე ინვესტიციები ქალებისთვის, დააჩქარე პროგრესი“ აქცენტს სწორედ ქალების პოტენციალსა და შესაძლებლობებში ინვესტირების მნიშვნელობაზე აკეთებს, მოუწოდებს ყველას, გააერთიანონ ძალისხმევა გენდერული თანასწორობის მიღწევის, დემოკრატიული საზოგადოებებისა და სამართლიანი ეკონომიკის მშენებლობისთვის. 

შეხვედრა ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "სპეციალიზებული სერვისების გაძლიერება გენდერული ძალადობის მსხვერპლებისთვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საფრანგეთის მთავრობის მიერ.

Gvantsa Asatiani

გვანცა ასათიანი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია
კომუნიკაციების სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

RCO
United Nations Resident Coordinator Office
გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაცია

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით