პრეს-რელიზი

გაზარდე ინვესტიციები ქალებისთვის, დააჩქარე პროგრესი

08 მარტი 2024

ერთობლივი განცხადება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2024 წელი

წინამდებარე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ  გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში,  ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და ავსტრიის,  ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის,  ლატვიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, საფრანგეთის,  სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და ჩეხეთის საელჩოები საქართველოში.

 

ქალთა საერთაშორისო დღეს ქალების მიღწევებსა და წვლილს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, აღვნიშნავთ.   კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართ.

ახლა, როდესაც მსოფლიო არაერთი კრიზისის წინაშე დგას, გენდერული თანასწორობის მიღწევა კიდევ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ბოლო ათწლეულების პროგრესის მიუხედავად, სრული თანასწორობის მიღწევა კვლავაც შორეული პერსპექტივაა. თუპროგრესი ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდება, გლობალურ დონეზე  სრული სამართლებრივი თანასწორობის მიღწევას შეიძლება, 300 წელი დასჭირდეს.[1]

საქართველოში  ქალები აუნაზღაურებელი ზრუნვის საქმეს 5-ჯერ  უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები.[2] ეს ნაკლებ დროს უტოვებს ქალებს პროფესიული წარმატების მიღწევისა და  საჯარო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვისთვის. ეკონომიკური აქტივობის მიხედვით, ქალთა მაჩვენებელი (41.5%) კაცებისას (64%) მნიშვნელოვნად ჩამორჩება.[3]  25-34 წლის ქალების თითქმის ნახევარი არ მუშაობს, ათასობით ქალი ემიგრაციაში წავიდა, რათა ფულადი გზავნილებით ოჯახები არჩინონ, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დარღვევად რჩება და ქალების ხმა ხშირად არ ისმის პოლიტიკის შექმნის პროცესში თუ  გადაწყვეტილების მიღების დროს. სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების დანერგვის მიუხედავად, ქალებმა საპარლამენტო მანდატების მხოლოდ ერთი მეხუთედისა და საკრებულოს მანდატების ერთი მეოთხედის მოპოვება შეძლეს. საქართველოში ქალი კანდიდატების 54 პროცენტს განუცდია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობა თუ შევიწროება საკუთარი  საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში.[4]

უფრო ძლიერი და სამართლიანი საზოგადოებების განვითარებისთვის აუცილებელია ქალთა უფლებების დაცვა და წარმოჩენა, რათა ქალებმა თანასწორი ადგილი დაიკავონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სრულფასოვნად შეძლონ მონაწილეობის მიღება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ეკონომიკის ყველა სექტორში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის, ქალებისა და გოგოების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრისთვის კი საჯარო და კერძო სექტორებიდან ინვესტირებაა საჭირო. ყველა ქალისთვის ღირსეული სამუშაოს უზრუნველყოფით, რაშიც დასაქმების დროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრაც მოიაზრება, ასევე, სამართლიანი ანაზღაურებითა და  ქალების ჩრდილოვანი ეკონომიკიდან ფორმალურ დასაქმებაში გადმოყვანით, შესაძლებელი გახდებოდა როგორც საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, ასევე ქალებისა  და მათი ოჯახების სიღარიბიდან გამოყვანა. ამავდროულად, მეტი მხარდაჭერაა საჭირო იძულებით გადაადგილებული ქალების მიმართ, რომლებმაც დიდი გამძლეობა გამოიჩინეს და ლიდერების როლები შეითავსეს თავიანთ თემებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

ვიმედოვნებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მყარ და ეფექტიან ვალდებულებასაიღებსგენდერულითანასწორობისა  და ქალთა პოლიტიკურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად. გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკაში ჩართული ქალების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, ასევე, ბრძოლის გააქტიურება ქალი პოლიტიკოსებისა  და საარჩევნო პროცესებში მომუშავე ქალების მიმართ სექსისტური სიძულვილის ენის წინააღმდეგ. ჩვენ, ასევე, მხარი უნდა დავუჭიროთ ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც სტერეოტიპებს ებრძვიან და ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ქალებისა და გოგოების ხმა უფრო მეტად ისმოდეს.

დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა და მოგიწოდებთ, ყველამ გავაერთიანოთ ძალები ისეთი ინკლუზიური საზოგადოების შესაქმნელად, რომელშიც თითოეული ქალი და გოგო, განსხვავებულობის მიუხედავად, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში სრულ მონაწილეობას შეძლებს.


 --------------

[1]მდგრადი განვითარების მიზნების სფეროში მიღწეული პროგრესი: გენდერული სურათი 2022. გაეროს ქალთა ორგანიზაცია: https://rb.gy/9ku4b3

[2]დროის გამოყენების გამოკვლევა, 2020-21 წწ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია: https://rb.gy/oxenup

[3] ქალების ეკონომიკური არააქტიურობა საქართველოში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია: https://t.ly/1_jEI

[4] პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია: https://rb.gy/me1h23

Ketevan Ghioshvili

ქეთი გიოშვილი

RCO
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

UN
United Nations

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით