პრეს-რელიზი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, იმოქმედონ და დაიცვან ადამიანების ჯანმრთელობის უფლება

05 აპრილი 2024

დაარსებიდან 76-ე წლისთავზე ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს გააძლიერონ ინვესტიციები, დაძლიონ დისკრიმინაცია და შეუწყნარებლობა და გააფართოვონ წვდომა ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ყველასთვის. 

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის (7 აპრილი) აღსანიშნად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) იწყებს კამპანიას „ჩემი ჯანმრთელობა ჩემი უფლებაა“, რათა მხარი დაუჭიროს ადამიანების ჯანმრთელობის უფლებას ყველასთვის და ყველგან.  

კამპანია ადვოკატირებას უწევს ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე, განათლებასა და ინფორმაციაზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას და უსაფრთხო სასმელი წყლის, სუფთა ჰაერის, ჯანსაღი კვების, ღირსეული საცხოვრებელი და გარემო  პირობების და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნას.

პოლიტიკური უმოქმედობა, ანგარიშვალდებულებისა და ინვესტიციების ნაკლებობა, რასაც თან ახლავს შეუწყნარებლობა, დისკრიმინაცია და სტიგმა,- ის ძირითადი გამოწვევებია, რომელიც მთელს მსოფლიოში არღვევს ჯანმრთელობის უფლებას. ამით ზარალდება ყველაზე მეტად მარგინალიზებული და დაუცველი მოსახლეობა  - სიღარიბეში მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული, ასაკოვანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები.

წიაღისეული საწვავის წვა იწვევს კლიმატის კრიზისს და არღვევს ჩვენს უფლებას ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი. კლიმატის კრიზისი, თავის მხრივ, იწვევს ექსტრემალურ ამინდს, რომელიც საფრთხეს უქმნის პლანეტის მოსახლეობის 

ჯანმრთელობას და კეთილდღეობას და აძნელებს სერვისებზე ხელმისაწვდომობას ჯანმრთელობის ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ყველა ადამიანი იმსახურებს წვდომას ხარისხიან, დროულ და სათანადო ჯანდაცვის სერვისებზე, დისკრიმინაციისა და ფინანსური სიდუხჭირის გარეშე. მიუხედავად ამისა, 2021 წელს 4,5 მილიარდ ადამიანს, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს, არ ჰქონდა წვდომა ჯანმრთელობის საბაზისო სერვისებზე, რის გამოც დაუცველები იყვნენ დაავადებებისა და კატასტროფების წინაშე. ისინიც კი, ვისაც სერვისებზე ხელი მიუწვდებათ, ხშირად ეკონომიკური სიდუხჭირის წინაშე დგებიან: დაახლოებით 2 მილიარდ ადამიანს, ჯანმრთელობის ხარჯების გამო ფინანსური გაჭირვება ემუქრება. ამ მხრივ მდგომარეობა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში გაუარესდა. 

გლობალურად, სერვისების მოცვის გასაფართოებლად საჭიროა დამატებითი 200–328  მილიარდი  აშშ დოლარი წელიწადში, რათა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში (მშპ-ს წინასწარი შეფასების 3,3%) გამოცდილება აჩვენებს რომ პროგრესი შესაძლებელია იქ, სადაც არის პოლიტიკური ნება. 2000 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა შემოსავლის მქონე 42 ქვეყანამ მიაღწია წარმატებას როგორც ჯანდაცვის სერვისების მოცვის ზრდის, ასევე ინდივიდების მიერ გაწეული ჯანმრთელობის კატასტროფული დანახარჯების შემცირების კუთხით. 

„ჯანმრთელობის უფლების რეალიზაცია მოითხოვს კანონების მიღებას და მათ აღსრულებას, ინვესტირებას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას და მთავრობების ანგარიშვალდებულებას მათი მოსახლეობის წინაშე“, - ამბობს ჯანმოს გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი. „ჯანმო მუშაობს მთავრობებთან, პარტნიორებთან და თემებთან, რათა უზრუნველყოს ჯანმრთელობის უმაღლესი მიღწევადი სტანდარტი, როგორც ფუნდამენტური უფლება ყველასთვის და ყველგან.“

ჯანმრთელობის უფლება ჯანმოს და 140 ქვეყნის კონსტიტუციითა აღიარებული. თუმცა, მხოლოდ აღიარება საკმარისი არ არის. ჯანმო მხარს უჭერს ქვეყნებს, დააკანონონ ჯანმრთელობის უფლება სხვადასხვა სექტორებში და 

მოახდინონ ადამიანის უფლებათა ინტეგრირება ჯანდაცვის პოლიტიკასა და პროგრამებში, რისი მიზანიცაა, გაიზარდოს ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის საჭიროებებთან შესაბამისობა და მოხდეს საზოგადოების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვა. 

ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, ჯანმო მოუწოდებს მთავრობებს, განახორციელონ მნიშვნელოვანი ინვესტიციები პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიზნით, უზრუნველყონ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება და ჩართონ ინდივიდები და საზოგადოება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჯანმრთელობის უფლებასა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს შორის ურთიერთდამოკიდებულების აღიარებით, კამპანია მოუწოდებს ძალისხმევის

გაძლიერებისკენ ფინანსების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, მართლმსაჯულების, ტრანსპორტის, შრომისა და სოციალური საკითხების დარგებში. 

ცალკეული ინდივიდები, თემები და სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია იცავენ ჯანმრთელობის უფლებას, აუმჯობესებენ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ბარიერების მოხსნით და თანასწორობის ადვოკატირებით. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს საზოგადოებას იცოდეს, დაიცვას და ხელი შეუწყოს მათ ჯანმრთელობის უფლებების რეალიზაციას, მათ შორის უსაფრთხო და ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის, ნულოვანი დისკრიმინაციის, კონფიდენციალურობის, ინფორმაციის, სხეულის ავტონომიისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებების გათვალისწინებით.

 

 

რუსუდან ხოტივარი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით