საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის „ბარნაჰუსის“ მოდელი ინერგება
ბავშვთა ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურების ცენტრი
როდესაც 12 წლის ანამ* დედას, ნათიას უთხრა, რომ მეზობელმა მასზე სექსუალურად იძალადა, გაბრაზებული და გულგატეხილი ნათია მაშინვე მიხვდა, რომ ეს ფაქტი პოლიციაში უნდა განეცხადებინა.
მაგრამ მას ეშინოდა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის ამ ქმედებას და როგორ მოექცეოდა სისტემა ანას. ნათიას წარმოდგენით, მის შვილს მოუწევდა დაუსრულებელი ინტერვიუების, დაკითხვების, სამედიცინო გამოკვლევებისა და სასამართლო ექსპერტიზის გავლა და არაკეთილგანწყობილ პოლიციის განყოფილებებსა და კლინიკებში სიარულით ხელახლა განუახლდებოდა ტრავმა.
როდესაც ნათია პოლიციას გაესაუბრა, პოლიციის განყოფილებაში მიწვევის ნაცვლად, მას შესთავაზეს ბავშვი წაეყვანა ბავშვთა ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურების ცენტრში. ეს არის ახალი თანამედროვე ცენტრი თბილისში, სადაც უკვე 200-ზე მეტ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვს გაუწიეს დახმარება.
ცენტრს ჰყავს გამოცდილი და კარგად გადამზადებული თანამშრომლები და ექსპერტები, რომლებსაც ისე შეუძლიათ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან ურთიერთობა, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ გამოძიების პროცესში მათ მიერ განცდილი უარყოფითი ემოციები. რაც მთავარია, მათ იქ უქმნიან დადებით გარემოს და აწვდიან ფსიქოლოგიურ დახმარებას იმისთვის, რომ ბავშვებმა შეძლონ გაიაზრონ, გაუმკლავდნენ და საბოლოოდ გადალახონ მათ მიერ მიღებული ტრავმული გამოცდილება.
„თუ ბავშვი სწორ მოპყრობას ვერ მიიღებს, მან შეიძლება უფრო მეტი ტრავმა მიიღოს საგამოძიებო პროცესის შედეგად, ვიდრე თავად ძალადობის ფაქტით“, - ამბობს ნონა ციხელაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის ოფიცერი.
„ამ ცენტრში ბავშვები იღებენ ყველა საჭირო დახმარებას და არ სჭირდებათ სხვადასხვა უწყებაში სიარული. მათთვის აქ შექმნილია თბილი, მეგობრული და მათდამი კეთილგანწყობილი გარემო, სადაც მათი ინტერესები გათვალისწინებულია“, - დასძენს ციხელაშვილი.
ცენტრი ეფუძნება „ბარნაჰუსის“ მოდელს, რომელმაც მთლიანად შეცვალა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მზრუნველობის სააგენტოების მუშაობის მიდგომები სკანდინავიის ქვეყნებსა და ევროპის დიდ ნაწილში, და პირველი ასეთი ცენტრია საქართველოში.
"ბარნაჰუსი", რომელიც ისლანდიურად "ბავშვების სახლს" ნიშნავს, აერთიანებს ყველა იმ სერვისს, სპეციალისტსა და ექსპერტს, რომლებიც მონაწილეობენ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საქმეებში, დაწყებული გამომძიებლებიდან და ექიმებიდან, და ფსიქოლოგებით და სოციალურ მუშაკებით დამთავრებული. ამ მიდგომის მთავარი ამოსავალი პრინციპია ბავშვის კეთილდღეობა.
ახალი მიდგომის მიხედვით, იმის მაგივრად, რომ მსხვერპლმა ბავშვებმა გამოძიების პროცესში მრავალჯერადად გაიარონ მათთვის არასასიამოვნო დაკითხვა, რომელსაც ის პროფესიონალები ატარებდნენ, რომლებსაც უფროსების დაკითხვის გამოცდილება უფრო ჰქონდათ, ამჯერად ყველა საჭირო სამედიცინო და სასამართლო ექსპერტიზას უძღვება სპეციალურად გადამზადებული ერთი ექსპერტი და მსხვერპლი ბავშვების დაკითხვა ხდება მათი ასაკისთვის შესაბამის უფრო რბილ გარემოში. შედეგად, გამოძიება მიიღებს ჩვენებას და ბავშვის გამოჯანმრთელების პროცესის დაწყებაც თანადროულად ხდება.
„ეს არის სიმართლის დადგენის მეთოდი, რომელიც მორგებულია ბავშვებზე“, განმარტავს ბრაგი გუდბრანდსონი, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრი და პირველი ბარნაჰუსის ცენტრის დამფუძნებელი, რომელიც ისლანდიაში 1998 წელს შეიქმნა.
ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან ურთიერთობისას არასწორმა ქცევამ შეიძლება მათ უფრო გაუღრმავოს ტრავმა და გაზარდოს გრძელვადიანი ტრავმის ხელახლა მიღების საშიშროება.
ბარნაჰუსის მიდგომა იწყება თავად ცენტრის შენობით.
გარემო თბილისის ცენტრში მაქსიმალურად სასიამოვნოა - თბილი ოთახები, კომფორტული სავარძლები, საბავშვო სათამაშოები და წიგნები, და ძალიან განსხვავდება პოლიციის განყოფილების ან საავადმყოფოს დამთრგუნველი მოსაცდელი ოთახებისგან.
„სახლი არის შინაურული, თბილი გარემოს სიმბოლო, რაც სჭირდება ბავშვს იმისთვის, რომ მან შეძლოს მოყვეს თავისი ამბავი, რაც ისედაც მძიმე და ტრავმულია პროცესია ბავშვისთვის“, დასძენს გუდბრანდსონი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა და თავისი გამოცდილება გაუზიარა ცენტრის თანამშრომლებს.
როდესაც ანა და დედამისი ცენტრში მივიდნენ, მათ გარეთ სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი დახვდნენ, აუხსნეს მთელი პროცესი და ცენტრი დაათვალიერებინეს.
ფსიქოლოგი აკვირდებოდა ანას, იყო თუ არა ის ემოციურად მზად მომხდარზე უფრო დეტალურად სასაუბროდ და აფასებდა, რა სახის გრძელვადიანი რეაბილიტაცია დასჭირდებოდა მას. როდესაც ანამ ჩათვალა, რომ მზად იყო, მას გაესაუბრა გამოცდილი გამომძიებელი, რომელიც სპეციალურად გადამზადდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან სამუშაოდ.
ბარნაჰუსის მოდელის მიხედვით, იმის ნაცვლად, რომ ბავშვი სხვადასხვა უწყებამ დაკითხოს, ყველა შესაბამისი ორგანო კითხვებს უგზავნის ერთ სპეციალიზებულ პროფესიონალს. ისინი ატარებენ გამარტივებულ ინტერვიუს და აგროვებენ ყველა საჭირო კითხვაზე პასუხს გამოძიებისთვის, მაგრამ ისე, რომ ბავშვმა ხელახლა არ განიცადოს მოვლენები და არ მიადგეს სერიოზული ზიანი.
ინტერვიუებს შეიძლება ჰქონდეთ თამაშის ფორმა, ან დაკითხვა წარიმართოს სეირნობის, წიგნის კითხვის ან სადილის დროს, როცა ეს თვითონ ბავშვს სურს. თუ ცხადი გახდება, რომ ბავშვს ესაჭიროება სამედიცინო შემოწმება, ეს მოგვიანებით, ბავშვის თანხმობით მოხდება.
კვლევამ აჩვენა, რომ ეს არის ყველასთვის მომგებიანი მიდგომა.
ბავშვების დაკითხვის პროცესი, რომელიც, კვლევების მიხედვით, უფრო აღრმავებს ძალადობის შედეგად მიღებულ ტრავმას, მინიმუმამდეა დაყვანილი, და ინფორმაციის შეგროვება ხდება საუბრის გზით, რაც ასევე ხელს უწყობს ბავშვის გამოჯანმრთელებას.
სისხლის სამართლის გამოძიებისთვისაც ეს მეთოდი უფრო ხელსაყრელია, რადგან მშვიდ გარემოში ბავშვებისგან მიღებული ინფორმაცია უფრო ღია და სანდო ჩვენების მიღებას უწყობს ხელს.
„აქ მომუშავე ხალხი სპეციალურად არიან გადამზადებული ასეთ შემთხვევებზე სამუშაოდ და მათ იციან, თუ როგორ უნდა მოეპყრან ბავშვებს მათი ასაკის შესაბამისად. ეს ეხმარება ბავშვებს განიცადონ ნაკლები სტრესი და იყვნენ უფრო გახსნილები მთელი პროცესის განმავლობაში“, - ამბობს ნონა ციხელაშვილი.
ცენტრი ასევე მუშაობს ბავშვის გრძელვადიანი კეთილდღეობის აღდგენაზე.
ყველა ბავშვს სთავაზობენ თერაპიულ მომსახურებას და კვალიფიციური ექსპერტები მზად არიან უზრუნველყონ შესაბამისი მკურნალობა და შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი.
„ბარნაჰუსის თერაპევტები არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები, და გავლილი აქვთ ტრენინგები ტრავმაზე ორიენტირებულ თერაპიაში“, - ამბობს ციხელაშვილი.
ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და თერაპია ვრცელდება ოჯახებზეც, რაც ეხმარება მათ გაუმკლავდნენ რთულ, ხშირად ტრავმულ პერიოდს, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ბევრ ადამიანზე, და არა მხოლოდ უშუალოდ მსხვერპლზე.
ანას ცენტრში მოსვლიდან რამდენიმე თვეში მას საგრძნობი პროგრესი ჰქონდა, მისი სოციალურმა მუშაკის დაკვირვებით.
ის ახლა უკეთ ახერხებს შფოთვის მართვას და მომხდარში საკუთარ თავს ნაკლებად ადანაშაულებს. ის უფრო ბედნიერი და თავდაჯერებულია, იხსნება იმ ადამიანებთან, რომლებსაც ენდობა და უკეთ შეუძლია პოტენციურად საშიში სიტუაციების შეფასება და ითხოვოს დახმარება.
ცენტრი მდებარეობს თბილისში და მას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მართავს. ცენტრი დაარსდა 2022 წელს გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით და ამჟამად მუშაობს ბავშვებთან, რომლებიც არიან დედაქალაქიდან და მიმდებარე რეგიონებიდან, თუმცა არის გეგმა, რომ მსგავსი ცენტრები სხვა ადგილებშიც გაიხსნას.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, იესპერ მოლერი, ამბობს, რომ ეს ცენტრი არის გაეროს ბავშვთა ფონდის „ვალდებულების ნაწილი თითოეული ბავშვის კეთილდღეობისთვის “.
„ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ესტონეთის მთავრობას ამ მნიშვნელოვან საქმეში ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ ეს მოდელი გაფართოვდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც, რათა ყველა სახის ძალადობისა და დანაშაულის მსხვერპლ ბავშვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეთ წვდომა მათთვის საჭირო სერვისებზე“, - განაცხადა იესპერ მოლერმა.
„ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისების ცენტრი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო უწყებებს დაიცვან ბავშვები ხელახალი ტრავმატიზაციისგან და უზრუნველყონ მათ საჭიროებებზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა. საქართველოში ბარნაჰუსმა შექმნა უმნიშვნელოვანესი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. ეს შეუძლებელი იქნებოდა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერის გარეშე, რისთვისაც საქართველოს მთავრობა დიდად მადლიერია.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო აღიარებს სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოების აუცილებლობას. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ უახლოეს მომავალში დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში მეორე ცენტრის ჩამოყალიბებაზე“, - ამბობს ტრეფიკინგის მსხვერპლთა სახელმწიფო ზრუნვისა და დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი რუსუდან კოხოძე.
*ანა და ნათია არიან შეთხზული პერსონაჟები, ცენტრის მიერ მრავალ ჩვენებაზე და რეალურ შემთხვევებზე დაყრდნობით.
ბავშვთა ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურების ცენტრის შესახებ
ბავშვთა ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისების ცენტრი არის მულტიდისციპლინარული უწყებათაშორისი პროექტი, რომელიც დაიწყო 2022 წლის მარტში. მისი მიზანია გამოიძიოს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები და მოემსახუროს მსხვერპლებსა და მოწმეებს ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით. მას ხელმძღვანელობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა სახელმწიფო ზრუნვისა და დახმარების სააგენტო გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით.