მსოფლიოს ბავშვთა დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი ხაზს უსვამს ბავშვების მომავლის უნარებით აღჭურვის მნიშვნელობას
20 ნოემბერი 2024
2024 წლის 20 ნოემბერი
მსოფლიოს ბავშვთა დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ყურადღებას ამახვილებს ბავშვების აღჭურვაზე იმ უნარებითა და კომპეტენციებით, რაც მათ სჭირდებათ პიროვნული სრულყოფისა და განვითარებისთვის, დასაქმებისთვის, სოციალური ჩართულობისა და აქტიური მოქალაქეობისთვის.
ბავშვების ცხოვრება გზაგასაყარზეა, მათ წინაშეა უწყვეტი და სწრაფი ცვლილებებით აღსავსე მომავალი, რომელზეც იმოქმედებს კლიმატის ცვლილება, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გარღვევები და მასშტაბური დემოგრაფიულ ძვრები. ეს ყველაფერი ერთდროულად იმედისმომცემიც არის და საფრთხის შემცველიც, რადგან ბუნდოვანია, როგორი ბავშვობა ექნებათ მომავლის ბავშვებს. გაეროს ბავშვთა ფონდის მთავარი, ყოველწლიური ანგარიში ‘მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობის შესახებ“, რომელიც გამოქვეყნდა მსოფლიოს ბავშვთა დღეს, გვაფრთხილებს, რომ ბავშვების მომავალი საფრთხეშია, თუ არ მიიღებენ გადამჭრელ ზომებს ბავშვთა უფლებების დასაცავად ამ ცვალებად სამყაროში.
ბავშვები მზად უნდა იყვნენ ამ გამოწვევებთან გამკლავებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ მომავლის ისეთი უნარები, როგორიცაა წიგნიერება, მრავალენოვნება, მათემატიკური, მეცნიერული და საინჟინრო კომპეტენციები, ციფრული და ტექნოლოგიური კომპეტენციები, პერსონალური, სოციალური და სწავლის კომპეტენციები, მოქალაქეობის, მეწარმეობის და კულტურული ცნობიერების და გამოხატვის უნარები.
„დღეს ჩვენ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ მომავლის უნარებზე. იმისთვის, რომ დღევანდელ ბავშვებს შეეძლოთ მთელი ცხოვრების მანძილზე წარმატებით შეიძინონ ახალი ცოდნა, დაკავდნენ პროდუქტიული საქმიანობით, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რასაც გავლენა ექნება მათ ცხოვრებაზე და აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებაში, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა ინკლუზიურ და თანამედროვე განათლებაზე და შეძლონ განავითარონ უნარები“, განაცხადა იესპერ მოლერმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „გაეროს ბავშვთა ფონდი კვლავაც მზადაა დაეხმაროს მთავრობას ხარისხიანი განათლების, ტრენინგებისა და ბავშვებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის უზრუნველსაყოფად და მხარი დაუჭიროს განათლების სფეროს სპეციალისტთა მომზადებას კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლებაში. მსოფლიოს ბავშვთა დღეს, ვთქვათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ დაცული იყოს ყველა ბავშვის უფლება, ჰქონდეს უნარები უკეთესი მომავლისათვის”.
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე მოუწოდებს ბავშვებს, იფიქრონ საკუთარ მომავალზე და უფროსებს ესაუბრონ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. უფროსებსაც მოვუწოდებთ, ჰკითხონ ბავშვებს, როგორი მომავალი სურთ და გაითვალისწინონ მათი უნიკალური პესპექტივა და მოსაზრებები.
გაეროს ბავშვთა ფონდმა მთელი წლის განმავლობაში მართავდა დისკუსიებს ბავშვებთან და ახალგაზრდებთან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ბავშვების საჭიროებებისა და იმ საკითხების უკეთ გასაგებად, რაც მათ ეხებათ.
გაეროს ბავშვთა ფონდი, საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, ამჟამად ატარებს მოკვლევას გააანალიზოს, რა უნარ-ჩვევები და კომპეტენციები სჭირდებათ ბავშვებს საქართველოში, რომ მათ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება ამ რთულ და ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ გარემოში. ანალიზის შედეგები გამოავლენს იმ სფეროებს, სადაც საჭირო იქნება შემდგომი ინტერვენცია, რათა ბავშვებმა შეძლონ მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის, დასაქმების, სოციალური და საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობის უნარების განვითარება.
მსოფლიოს ბავშვთა დღე არის გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური თარიღი, რომელიც მიუწოდებს კონკრეტული ქმედებისაკენ ბავშვებისთვის ბავშვების მონაწილეობით. ეს დღე ყოველწლიურად 20 ნოემბერს აღინიშნება და ემთხვევა ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების წლისთავს. წელს ამ დღის მთავარი თემაა „მოუსმინე მომავალს“ და მიზნად ისახავს წაახალისოს საუბრები ბავშვებსა და უფროსებს შორის ახალგაზრდების მომავალზე.