მაღალი ზრდისა და ექსპორტის პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირება. 2024
წინამდებარე სამაგიდო კვლევა გამოავლენს საქართველოს ეკონომიკის სექტორებსა და ქვესექტორებს, სადაც მცირე და საშუალო საწარმოებს გააჩნიათ ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნებში ექსპორტის რეალური შესაძლებლობები. ჩამონათვალში შედის პროდუქციისა და მომსახურების დივერსიფიკაციისა თუ ახალ ბაზრებში შეღწევის მიმართულებები.
კვლევა ჩატარდა როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მონაცემების გამოყენებით, რომლებიც შეგროვდა სხვადასხვა წყაროდან. სამუშაოები მოიცავდა დოკუმენტების მიმოხილვასა და მონაცემების შეგროვებას სტატისტიკური სააგენტოებიდან და სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, ასევე სხვდასხვა პროფესიული ინტერვიუებიდან.
შეიქმნა ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს წარმოებისა და მომსახურების მიწოდების 33 სექტორს. ამ სექტორებს შორის, ექვსი გამოვლინდა, როგორც საუკეთესო პოზიციაზე მყოფი მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობისთვის.
კვლევა მომზადდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მიერ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით, "წვდომა საექსპორტო ბაზრებზე” პროექტის ფარგლებში.
ძირითადი მიგნებები:
- სასმელების წარმოების სექტორმა მიიღო უმაღლესი ქულა, 58%, ძირითადად ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ინდიკატორებში მაღალი მაჩვენებლის ხარჯზე. 2020-2023 წლებში, ღვინო გახდა ძირითადი საექსპორტო პროდუქტი. მას მოჰყვება მინერალური და გაზიანი წყლები, სასმელები დამატებული შაქრით და ყურძნისგან გამოხდილი სპირტიანი სასმელები.
- ტრანსპორტის სექტორი, 56%, კარგად პოზიციონირდება ბაზრის მოთხოვნისა და დასაქმების დინამიკის განზომილებებში. მისი მაღალი რეიტინგი განპირობებულია ევროკავშირის ბაზარზე მაღალი და სწრაფად მზარდი მოთხოვნით.
- ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების სექტორი, 54%, მესამე ადგილზეა მაღალი მაჩვენებლით ბაზრის მოთხოვნის მიმართულებით.
- ტანსაცმლის წარმოების სექტორი, 53%, გამოირჩევა მაღალი მაჩვენებლით ექსპორტის კონკურენტუნარიანობის მიმართულებით.
- ლითონის მადნების მოპოვების სექტორი, 53%, ასევე გამოირჩევა ექსპორტის კონკურენტუნარიანობისა და დასაქმების დინამიკის მაღალი მაჩვენებლებით.
- ძირითადი ლითონების წარმოების სექტორი, 50%, აჩვენებს ექსპორტის კარგ პოტენციალსა და პროდუქტის დივერსიფიკაციის მაღალ ინდიკატორს.