სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც მშპ-ზე, სოფლად დასაქმებასა და სასურსათო უსაფრთხოებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს.
თუ უკანასკნელი წლების სტატისტიკას ჩავხედავთ დავინახავთ, რომ ამ სექტორში სამუშაო ძალის დაახლოებით 20% იყო დასაქმებული, ხოლო ქვეყნის მშპ-ში შეტანილმა წვლილმა დაახლოებით 8.3% შეადგინა. ერთი მხრივ, აღნიშნული სექტორი კვლავაც გადამწყვეტ მნიშვნელობას ინარჩუნებს სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, რომელთა რაოდენობაც საქართველოს მოსახლეობის 40%-ზემეტია და, მეორე მხრივ, ბევრი შინამეურნეობისთვის უსაფრთხოების გარანტიას და საარსებო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, სოფლის მეურნეობაში მონაწილეობისა და შესაძლებლობების ნაწილში ქალების ბიზნეს საქმიანობა მრავალი პარამეტრით ჩამორჩება მამაკაცების მონაცემებს.
ბაია აბულაძე ერთ-ერთი პირველი მეღვინე ქალია, რომელმაც თავისი ოჯახის მევენახეობისადმი სიყვარული წარმატებულ ბიზნესად გადააქცია.
ბაიამ „ბაიას ღვინო“ 2015 წელს დააფუძნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩაში, რითაც პირადი მოხმარებისთვის ღვინის წარმოების შემდეგ კომერციულ ბაზარზე შესვლა მოახერხა და ამგვარად დაძლია ბარიერები იმ დარგში, სადაც ძირითადად მამაკაცები დომინირებდნენ.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს სურსათისა დასოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, მან მნიშვნელოვანი უნარები შეიძინა მეღვინეობის კონკურენტულ სივრცეში ნავიგაციისთვის. 2022 წელს ბაიამ საგრანტო დახმარება მიიღო, რითაც შეფუთვისა და ეტიკეტირების თანამედროვე აღჭურვილობა შეიძინა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის მეშვეობით, რომელიც საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ განხორციელდა, 1,500-ზე მეტმა მეწარმემ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელმა შეძლო როგორც ბიზნესუნარების გაუმჯობესება, ასევე სხვადასხვა ბაზრებზე უფრო აქტიურად გასვლა.
დღეს ბაიას თავისი ღვინოები ექსპორტზე 17-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს, რომელთა შორისაა აშშ, სამხრეთ კორეა, იაპონია, სინგაპურიდა ჩინეთი. მისი წარმატება შთაგონების წყარო გახდა სხვა ქალებისთვის მეღვინეობის სფეროში.
„ახლა უფრო მეტად ვგრძნობ, რომ შემიძლია სხვა ქალებს თავიანთი პოტენციალის რეალიზებაში დავეხმარო“, - აცხადებს ბაია, უზიარებს რა თავის გამოცდილებას მეღვინეობით დაინტერესებულ ქალებს.
2016 წელს, ბაიას თავისი და, გვანცაც შეუერთდა საკუთარი ბრენდით „გვანცას ღვინოები“. ორივე ბრენდი საქართველოს შემფუთველთა კლასტერში (PMAG) გაწევრიანდა. ეს არის ქსელი, რომელიც ევროკავშირის და UNDP-ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს.
დარგში დიდი ხნის მანძილზე დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებთან დაპირისპირების შემდეგ, ბაია მიღწეულ შედეგებზე გაჩერებას არ აპირებს. მას სურს, რომ გაყიდვების ბაზრები გააფართოოს და ბიომეღვინეობის მიმართულებით წამყვანი მეწარმე გახდეს, რასაც ქართული ღვინოების უნიკალური გემოვნური თვისებების და სახეობების წარმოჩენით გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ ქალები სოფლის მეურნეობაში აგრძელებენ ისეთ გამოწვევებთან ბრძოლას, როგორიცაა შეზღუდული რესურსები და ტექნოლოგიები, ისინი საოცარი სიმტკიცით და შეუპოვრობით გამოირჩევიან. 2024 წელს 10000-ზე მეტმა ქალმა გამოხატა ინტერესი სოფლის მეურნეობის საქმიანობით ქვეყნის მასშტაბით სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით, რაც ხაზს უსვამს ამ სექტორში ზრდის პოტენციალს.