გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე, საქართველოსა და მონღოლეთის დელეგაციები, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, წარადგენენ მათი ქვეყნების გამოცდილებას გენდერული თანასწორობის მიღწევისა და სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერების საკითხებში.
ნიუ იორკი, აშშ. 12 მარტი 2018 - გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროში საქართველოსა და მონღოლეთის წარმომადგენლობების ინიციატივით, გაიმართა სპეციალური ღონისძიება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვისა და გაძლიერების სფეროში.
ღონისძიებას გაუძღვნენ კახა იმნაძე - გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, და მუნკჰუუ ოიუნჩიმეგი - გაეროში მონღოლეთის წარმომადგენლობის წევრი.
მსჯელობის მონაწილეებს მიმართეს პატრიკ კოლერმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველობისა და მშვიდობის შენების კლასტერის დირექტორმა, და ნილს სკოტმა - გაეროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.
„განვითარება ვერ იქნება მდგრადი, თუ ის არ ეფუძნება გენდერული თანასწორობას, ქალთა გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ყველა დონეზე - ცენტრალური ხელისუფლებიდან სოფლის სათემოებამდე. ეს ჭეშმარიტება ცხადად დაგვანახა როგორც ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის პროცესმა, ასევე 2030 გლობალურმა დღის წესრიგმა,“ - განაცხადა ნილს სკოტმა.
თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა აუცილებელი წინაპირობაა ყველა დონეზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ყველა ქალის, მათ შორის, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების, უფლებების დასაცავად.
„საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ამის ერთ-ერთი გზა გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობის მიღება და ყველა დონეზე ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვაა. უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღების შესაძლებლობაზე იმსჯელებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა 30 პროცენტამდე გაიზრდება,“ - თქვა თამარ ჩუგოშვილმა.
სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა ქეთევან ხოდაშელმა, ქალთა უფლებების დამცველმა და კატო მიქელაძის პრემიის 2017 წლის მფლობელმა.
„ოჯახების, თემებისა და სოფლების კეთილდღეობა ქალების შრომაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, მათი უფლებები კვლავაც დაუცველია, ხოლო მათი ხმა საკმარისად არ ისმის გადაწყვეტილებების მიღების დროს. სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერება და მათი უფლებების დაცვა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხი როდია. ეს ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და წინსვლის საწინდარია“, - განაცხადა ქეთევან ხიდაშელმა.
მსჯელობაში ასევე მიიღო მონაწილეობა ნეპალის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, განაშიამ ოჯიამ, რომელმაც ადგილობრივ და ფედერალურ არჩევით თანამდებობებზე ქალთა მონაწილეობის გაზრდის სფეროში ნეპალის გამოცდილებაზე ისაუბრა.
სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერება გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიის მთავარი თემაა. სესიის მუშაობა ნიუ იორკში 12 მარტს დაიწყო და 23 მარტამდე გაგრძელდება. ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისია გაეროს ყველაზე დიდი და წარმომადგენლობითი ორგანოა გენდერული თანასწორობის დაცვის სფეროში. კომისიის ყოველწლიურ სესიებში მონაწილეობას იღებენ წევრი ქვეყნების მთავრობების, სამოქალქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ისევე როგორც გაეროს პარტნიორები და აქტივისტები.