პრეს-რელიზი

ადგილობრივი წარმოება იცვლება COVID-19 პანდემიის საპასუხოდ

05 მაისი 2020

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შესაფუთი მასალების ადგილობრივი მწარმოებელი ბაზრის ახალ მოთხოვნებს პასუხობს და ვირუსისგან დამცავი საშუალებების წარმოებას იწყებს

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ქართული კომპანიის CaucasPack მიერ წარმოებული 40,000-მდე სახის დამცავი ფარი გადაეცემა ჯანდაცვის სისტემის თანაშრომლებს, ადგილობრივ საჯარო მოხელეებსა და პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს თბილისში და საქართველოს რეგიონებში.

პირველი 16,000 ფარი დარიგდება მიმდინარე კვირაში ევროკავშირისა (EU) და გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ძლიერი და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორის განვითარებას ემსახურება. 

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა თავისი წვლილი შეიტანა 40,000 სახის დამცავი ფარის წარმოებაში, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის მოწინავე ხაზზე მყოფ ადამიანებს დაიცავს. ასევე მიხარია, რომ ეს დამცავი ფარები დამზადებულია საქართველოში ადგილობრივი კომპანიის მიერ, რომელმაც ახალ გამოწვევებთან ადაპტირება შეძლო“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. „ადგილობრივი წარმოება საკვანძოა ეკონომიკისთვის და ვირუსისგან დამცავ საშუალებებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებილებლად“.

„იმ პირობებში, როდესაც გლობალური მიწოდების ჯაჭვები გადატვირთულია, ხოლო საერთაშორისო შესყიდვები გართულებული, მივესალმებით ქართველ მწარმოებლებს, რომლებიც ამ გამოწვევას პასუხობენ“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „CaucasPack მხოლოდ ერთი მაგალითია, თუ როგორ ეხმარება ადგილობრივი წარმოება ექიმებსა და საჯარო მოხელეებს, უსაფრთხოდ შეასრულონ თავისი მოვალეობები კარანტინის დროს, და ამით სამუშაო ადგილებისა და ადამიანების საარსებო წყაროს შენარჩუნებას უწყობს ხელს“.

მომავალი კვირების მანძილზე UNDP, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, დამატებით 23,000 ფარს შეისყიდის და 23 მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებსა და მოწყვლად მოსახლეობას გადასცემს. ეს დახმარება გავრცელდება მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში და საქართველოს სამხრეთ რეგიონებში, სადაც კორონავირუსმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა მოსახლეობას.  

CaucasPack-ის მრავალჯერადი გამოყენების მოსახერხებელი დამცავი ფარები გადამუშავებული პლასტიკური ბოთლებისგან იწარმოება. პანდემიის დაწყებამდე რუსთავში მდებარე კომპანია ერთჯერად ჭიქებსა და სურსათის კონტეინერებს აწარმოებდა, მაგრამ ამჟამად წარმოების რეორგანიზება მოახდინა და დამცავი ფარების გამოშვებაზე გადავიდა, რითაც 99 სამუშაო ადგილი სრულად შეინარჩუნა.  

CaucasPack-ის  მსგავსად, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ბევრმა ქართულმა კომპანიამ მოკლე ვადაში მოახდინა წარმოების რეორგანიზება და ბაზრის ახალ მოთხოვნებს მოერგო. რამდენიმე კომპანიამ, განსაკუთრებით შესაფუთი მასალების სექტორში, მიიღო დახმარება ევროკავშირისა და გაეროსგან ევროკავშირის უფრო ფართო ხელშეწყობის EU4Business ფარგლებში, რომელიც კერძო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად.

ამავე დახმარების ფარგლებში, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მაისში გამოქვეყნებენ შესაფუთი მასალების სექტორის კვლევის შედეგებს, რომელიც სექტორის საქმიანობაზე COVID-19 კრიზისის გავლენას შეისწავლის და შესაბამის რეკომენდაციებსა და სამომავლო განვითარების შესაძლო გზების აღწერას მოიცავს.  

Sophie Tchitchinadze

სოფო ჭიჭინაძე

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის ანალიტიკოსი
Tinatin Kandelaki

თინათინ კანდელაკი

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით