პრეს-რელიზი

სამომავლო კრიზისების შესაძლებლობის გათვალისწინებით, საქართველო რისკების კომუნიკაციის სტრატეგიას მოამზადებს

12 ივნისი 2020

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დიდი ბრიტანეთი ხელს უწყობენ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემას, შესაბამისი გაკვეთილები გამოიტანოს პანდემიის დროს მიღებული გამოცდილებიდან

კორონავირუსის პანდემიაზე საქართველოს წარმატებულმა რეაგირებამ საყოველთაო აღიარება მოიპოვა, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. პანდემიის დროს მიღებული გამოცდილება საფუძვლად დაედება სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას, რომელთა მიზანია ქვეყნის მზაობის გაზრდა სამომავლო კრიზისების მიმართ. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტია რისკების კომუნიკაციის სტრატეგია, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით მოამზადებს. სტრატეგიაში აღწერილი იქნება, როგორც კრიზისულ, ასევე პოსტ-კრიზისულ ვითარებაში გამოვლენილი საჭიროებები.

სტრატეგიის შემუშავება განხორციელდება დიდი ბრიტანეთის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც 60,000 აშშ დოლარს შეადგენს. პროექტში ჩართულია საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.

“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისული სიტუაციებისთვის რისკების კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგია საშუალებას მოგვცემს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით საგანგებო სიტუაციებისა და კრიზისის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის, რისკის, რისკის შეფასების შედეგების, რისკის მართვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად ეფექტურად და დროულად მიეწოდოს ყველა დაინტერესებულ მხარეს და მთლიანად საზოგადოებას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე რეაგირებაში ჩართული უწყებებისთვის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჯგუფისთვის ეს სტრატეგია კრიზისულ სიტუაციებში რისკების კომუნიკაციის პრინციპების, ქმედებებისა და სისტემის გამართული მუშაობის მექანიზმების თაობაზე მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება.“

„საზოგადოებასთან ეფექტიანი და ღია კომუნიკაციის აუცილებლობა კრიზისის დროს პანდემიის ერთ-ერთი გაკვეთილია“, - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტმა. „ამ მხრივ, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემა მაღალ შეფასებას იმსახურებს, ხოლო ახალი სტრატეგიის მეშვეობით მისი ხმა საზოგადოების კიდევ უფრო ფართო ფენებზე გავრცელდება, გადაწყვეტილების მიმღები პირებიდან მოქალაქეებამდე“.

„სხვა ქვეყნების გამოცდილებამ ნათლად დაგვანახა, რაოდენ დამღუპველია, როდესაც საზოგადოება არ ენდობა სახელმწიფოს გადაწყვეტილებებს კრიზისულ ვითარებაში“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ახალ ეროვნულ სტრატეგიაში თავმოყრილი იქნება იმ სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების გამოცდილება, რომლებიც საქართველომ პანდემიის დროს მიიღო. თუმცა, აღნიშნული იქნება ის სფეროებიც, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს, მაგალითად უმცირესობებთან და მოწყვლად ჯგუფებთან მიზანმიმართული კომუნიკაციის აუცილებლობა“.

რისკების კომუნიკაციის სტრატეგია დაეხმარება საქართველოს მთავრობას, ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღოს კრიზისის დროს და შესაბამისი ინფორმაცია მოსახლეობას სწორად მიაწოდოს, რათა საზოგადოებრივი ნდობა და ყველა სექტორის კოორდინირებული საქმიანობა უზრუნველყოს. დოკუმენტში ასახული იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესი, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე ყველა მოქალაქისა და სოციალური ჯგუფის საჭიროებების გათვალისწინებით მათი ეთნიკური, კულტურული, სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობისა და წარმომავლობის მიუხედავად.

UNDP-ის ხელშეწყობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მიიღებს ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას სტრატეგიის შემუშავებისთვის, ხოლო შემდეგ ჩაატარებს საინფორმაციო კამპანიას ამ საკვანძო სტრატეგიული დოკუმენტის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად.

სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები.   

ეს დახმარება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის გატარებას ემსახურება და დიდი ბრიტანეთის დაფინანსებით ხორციელდება.

Irine Sulava

ირა სულავა

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციების სპეციალისტი
Sophie Tchitchinadze

სოფო ჭიჭინაძე

გაეროს განვითარების პროგრამა
კომუნიკაციის ანალიტიკოსი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით