ახალგაზრდების შეკითხვებზე პასუხების მიღება ჩეთბოტის დახმარებით იქნება შესაძლებელი
23 ივნისი 2020
საქართველოში ახალგაზრდების ჰაკათონის გამარჯვებულები ახლა მუშაობენ ჩეთბოთის შესაქმნელად, რომელიც ბავშვებს შესთავაზებს პასუხებს ყველა აქტუალურ შეკითხვაზე.
22 წლის ნუცა თბილისის გარეუბანში, პატარა ბინაში ცხოვრობს დედმამასთან და ორ დასთან ერთად. ყველაზე პატარა და მასზე თითქმის ათი წლით უმცროსია. ამის მიუხედავად, დები ძალიან ახლოს არიან და ერთმანეთს არაფერს უმალავენ... თითქმის არაფერს. ხანდახან ნუცას თავისი და უსვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებზეც მყისიერად ვერ პასუხობს. ზოგჯერ ნუცას აინტერესებს, თუ რა შეკითხვების დასმის ეშინია მის დას: პირადი შეკითხვების. იმ შეკითხვების, რომლებიც მას თავად უჩნდებოდა თავისი დის ასაკში, თუმცა ვერ ბედავდა ვინმესთვის მათ დასმას.
„მე საკმაოდ თავისებური ბავშვი ვიყავი,“ ამბობს იგი - „კითხვით გატაცებული და საკმაოდ მორცხვი.“
ნუცა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარების მაგისტრატურის სტუდენტია, ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც ქმნის და ამუშავებს ახალ ჩეთბოტს ახალგაზრდებისათვის, რომელიც დაეხმარება მათ სწორი პასუხების მიღებაში იმ შეკითხვებზე, რომლებიც მათ შეიძლება დაებადოთ ამ რთულ და უჩვეულო პერიოდში.
კორონავირუსის პანდემიამ დაბნეულობა გამოიწვია როგორც ახალგაზრდებში და ბავშვებში, ისე ზრდასრულებში, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ინტერნეტ სივრცეში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. მკვლევრები თავიანთი კვლევების წინასწარ შედეგებს აქვეყნებენ რეცენზიის გარეშე - ეს კვლევები შუქდება მასმედიის მიერ, სხვანი კი ბოროტად იყენებენ შექმნილ ვითარებას და ავრცელებენ დეზინფორმაციასა და მცდარ ცნობებს ვირუსის მიზეზებისა და სამკურნალო საშუალებების შესახებ. ადამიანისათვის რთულია გაერკვეს, რა არის სიმართლე და რა არა.
სწორედ ამიტომ, გაეროს ბავშვთა ფონდმა გადაწყვიტა, დაეჩქარებინა ჩეთბოტის შექმნა, რომელიც 2019 წლის დეკემბერში ჰაკათონის - „დაჰაკე ჩარჩოებს მიღმა“ - გამარჯვებულ იდეად გამოცხადდა. ჩეთბოტის საშუალებით მოზარდებს შუძლიათ ბოტისათვის შეკითხვების დასმა მათთვის საინტერესო ნებისმიერ თემაზე, რომელზეც ვერ პოულობენ სარწმუნო პასუხს, ან რომლის შესახებ ახლობლისათვის კითხვა ძალიან ერიდებათ ან ეუხერხულებათ. დღესდღეობით კი სარწმუნო პასუხების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება.
„ინფორმაციას ყველა ინტერნეტიდან იღებს, ინტერნეტში შეკითხვის დასმა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე პირისპირ.“
გვანცა
„ინფორმაციას ყველა ინტერნეტიდან იღებს,“, ამბობს 19 წლის გვანცა. იგი ნუცასთან ერთად მუშაობს ჩეთბოტზე. „ინტერნეტში შეკითხვის დასმა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე პირისპირ.“
გვანცა თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს. კარანტინის პერიოდში, ის სახლიდან ესწრებოდა ლექციებს, როცა გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორი ახალგაზრდული ორგანიზაციიდან, DemLab-იდან ჩეთბოტზე მუშაობასთან დაკავშირებით შეტყობინება მიიღო. გვანცა დედასთან ერთად ცხოვრობს, უყვარს დროის გარეთ, მეგობრებთან ერთად გატარება. კარანტინის პერიოდში ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევა მისთვის რთული აღმოჩნდა; ამდენად, გვანცას ძალიან გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ პროექტზე მუშაობა ახლავე უნდა დაეწყო და რომ მიეცა თავისუფალი დროის გამოყენების შესანიშნავი შესაძლებლობა.
როდესაც ნუცას დაურეკეს, იგი რომანების შექმნის შესახებ მასტერკლასს უყურებდა, რომანის დაწერის სურვილი მას დიდი ხანია აქვს - ჩეთბოთის პროექტის დაჩქარება მასაც ძალიან გაუხარდა.
„ჩემთან ერთად ოთახში ჩემი დები იყვნენ, ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ; მათაც ძალიან გაუხარდათ“, ამბობს იგი.
გაეროს ბავშვთა ფონდი, ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გზით, ცდილობს მათი და მსოფლიოს წინაშე არსებული პრობლემებისათვის ახალი გადაწყვეტების გამოვლენას; ეს, ერთი მხრივ, ემსახურება ახალგაზრდების გაძლიერების, მეორე მხრივ კი, მათთან მუშაობისა და მათი ჩართვის ინსტრუმენტებისა და მეთოდების გამოძებნის მიზანს.
„ჩვენთვის ინოვაცია ნიშნავს ახლებური მეთოდების გამოყენებას პრობლემების გადასაჭრელად და მსოფლიოში ბავშვების ცხოვრების გასაუმჯობესებლად,“ აღნიშნა ღასან ხალილმა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა. „მნიშვნელოვანია, რომ ჩეთბოტი შეიქმნება ახალგაზრდების მონაწილეობით, და რომ იგი უპასუხებს ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს, რომელიც ამ თაობას აქვს ამ რთულ პერიოდში და ექნება მომავალში“.
დეკემბრის ჰაკათონში ჩეთბოტის გამარჯვებულად შერჩევის მიზეზიც სწორედ ეს იყო, და ამიტომ გადაწყდა ახლა მისი შექმნა.
ნუცა და გვანცა, პროგრამისტებთან ერთად მუშაობის შედეგად, ჩეთბოტს რამდენიმე კვირაში შექმნიან, თუმცა, ბიზნესის ჟარგონის მიხედვით, ეს იქნება „მინიმალისტური საწყისი პროდუქტი“, რომელიც შემდგომ კიდევ უფრო დაიხვეწება: ჩეთბოთში თავდაპირველად ჩაირთვება პასუხები 100 შეკითხვაზე, რომლებიც გოგონებმა გამოავლინეს გასული თვეების მანძილზე. პასუხები მომზადდება „თანამედროვე“, მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის გასაგები და საინტერესო ფორმატით, გამოყენებული იქნება მიმები და ფილმები, სნიპეტები (ინფორმაციის ფრაგმენტები) მთავრობის ვებსაიტებიდან და სანდო ახალი ამბების წყაროებიდან.
„მე განსაკუთრებით მიმები მომწონს, თუმცა ჯერ ნუცაც უნდა დავარწმუნო ამაში,“ იცინის გვანცა.