ცხელი ხაზი 144 ციფრული GPS დაფებით აღიჭურვება
26 ივნისი 2020
UNDP-ის ხელშეწყობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უფრო სწრაფ რეაგირებას მოახდენს მოსახლეობის ზარებზე
საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი 144, რომელიც COVID-19 პანდემიის დროს მოსახლეობის დასახმარებლად შეიქმნა, აღიჭურვება 12 ციფრული GPS დაფით, რომელთა საერთო ღირებულება 30,000 აშშ დოლარს შეადგენს.
ცხელი ხაზი 144 კოორდინირებას უწევს 330 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს და დღეში 4,500-მდე ზარს პასუხობს. მის ტექნოლოგიურ აღჭურვას ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაეროს პანდემიაზე რეაგირების ფონდის დაფინანსებით. სულ ამ ფონდის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება 1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
„სანდო ინფორმაცია და სწრაფი რეაგირება უმნიშვნელოვანესია პანდემიასთან ბრძოლის დროს“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ახალი ტექნოლოგიით აღჭურვილი ცხელი ხაზი უფრო გამართულად და ეფექტიანად იმუშავებს, შემცირდება შემოსულ ზარებზე რეაგირების დრო, ხოლო მთლიანობაში მიღებული დადებითი შედეგი მიმდინარე კრიზისის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება“.
სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცხელი ხაზი 144 საქართველოს მთავრობის ინიციატივით პანდემიის პირველივე კვირებში შეიქმნა, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ის თავს უყრის სხვადასხვა უწყებიდან მიღებულ ინფორმაციას და მათი მუშაობის კოორდინირებას ისე ახდენს, რომ მოქალაქეთა არც ერთი შეკითხვა თუ სიგნალი მყისიერი და ეფექტიანი რეაგირების გარეშე არ დარჩეს. ცხელი ხაზის მეშვეობით მოსახლეობა ასევე იღებს ინფორმაციას პანდემიის დროს შემოღებული წესებისა და შეზღუდვების შესახებ.
ციფრული GPS მონიტორების მეშვეობით, 144-ის ოპერატორები სწრაფად დაადგენენ გამომძახებლებისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების ადგილმდებარეობას და მყისიერ დახმარებას აღმოუჩენენ მათ, ვისაც ეს სჭირდება. აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე გამარტივდება უახლოესი კლინიკის მოძიება ელექტრონულ რუკაზე და სამედიცინო ბრიგადის იმ სამიზნე კლინიკაში გადამისამართება, რომელიც განკუთვნილია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის.
ცხელი ხაზი 144-ის მხარდაჭერა იმ უფრო ფართო დახმარების ნაწილია, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებსა და მოსახლეობას პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში სთავაზობს. გაეროს დახმარება ხორციელდება გაეროს გენერალური მდივნის მიერ დაარსებული ფონდის მეშვეობით, რომელიც კრიზისზე რეაგირებასა და კრიზისის შემდგომ აღდგენას ემსახურება.
საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებიც ამ ფონდის დახმარებით ისარგებლებენ. გაეროს სააგენტოებმა უკვე მიიღეს 1 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასა და სხვა აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება.