პრეს-რელიზი

COVID-19-მა საქართველოში ქალთა მდგომარეობა გააუარესა, გენდერული უთანასწორობა კი - გააღრმავა

17 ივნისი 2020

მონაცემები კარანტინში ქალებისა და კაცების ძირითადი აქტივობების შესახებ.

Caption: Data on major activities carried out by men and women during quarantine. Photo: UN Women

COVID-19-მა ქალებისა და გოგოებისთვის ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა თუ სოციალური დაცვის მიმართულებებით მძიმე შედეგები გამოიწვია. პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა ის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უთანასწორობები, რომლებიც პანდემიის დაწყებამდეც არსებობდა.

როგორ იცვლება ქალებისა და გოგოების ცხოვრება COVID-19-ის შედეგად - გაეროს ქალთა ორგანიზაციამ არსებული მდგომარეობის შესასწავლად სწრაფი გენდერული შეფასება ჩაატარა. კვლევა პანდემიაზე რეაგირებისა და მზაობის გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების შესახებ ეროვნული თუ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას ისახავდა მიზნად.

სწრაფმა გენდერულმა შეფასებამ საქართველოში ქალების და კაცების ცხოვრებაზე COVID-19-ის ზეგავლენა შეისწავლა და მოსახლეობის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები გააანალიზა.

„მედეგობისა და აღდგენის პროცესებში ქალებსა და გოგოებს ცენტრალური როლი უნდა მიენიჭოთ. იმედი გვაქვს, რომ კვლევის მიგნებები კაცებსა და ქალებზე კრიზისის გავლენებისა და მათი განსხვავებული საჭიროებების შესახებ დაეხმარება გაეროს, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებს COVID-19-თან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში“,- აღნიშნა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა.

პანდემიის შედეგად, დასაქმებული მოსახლეობის მესამედმა სამსახური დაკარგა. გამოკითხული ქალების 78% აცხადებს, რომ თუ ვირუსის გავრცელების შემზღუდავი ზომები გაგრძელდება, მათ ძირითადი ხარჯების დაფარვა გაუჭირდებათ. სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვამ აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი ქალებისა და გოგოებისთვის კიდევ უფრო გაზარდა, რადგან მათ ბავშვის მოვლაზე, დალაგებასა და საჭმლის მომზადებაზე ჩვეულებრივზე მეტი დროის დათმობა უწევთ.

პანდემიის პირობებში მზრუნველობაზე გაზრდილი მოთხოვნა საოჯახო საქმეების განაწილებისას არსებულ გენდერულ უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს და ქალების შემოსავალს ამცირებს მიუხედავად იმისა, რომ მათ მუშაობა კიდევ უფრო დიდხანს უწევთ.

არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა - 2030 წლის დღის წესრიგის ამ მთავარი დაპირების კვალდაკვალ სწრაფმა გენდერული შეფასებამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგოების, ასევე, შშმ პირებზე მზრუნველების საჭიროებებიც შეისწვლა. კვლევამ დაადგინა, რომ პანდემია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგოების მდგომარეობას ართულებს, რადგან ისინი ინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. ამასთან, პანდემია და კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვები ინფრასტრუქტურის პრობლემებს ამძაფრებს, რის გამოც შშმ ქალები და გოგოები, განსაკუთრებით კი უსინათლოები, კარგავენ წვდომას მზრუნველობაზე, რომელიც მათ გადაადგილებისთვის ესაჭიროებათ.

კვლევის მეთოდოლოგიური ჩარჩო შემუშავებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათავო ოფისში, როგორც პანდემიის სწრაფი გენდერული შეფასების ფართომასშტაბიანი ინიციატივის ნაწილი ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

კვლევა ჩატარდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში“ მიერ, მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მხარდაჭერით.

სწრაფი გენდერული შეფასების სრული ანგარიში ხელმისაწვდომი 2020 წლის ივნისის ბოლოს იქნება.

Gvantsa Asatiani

გვანცა ასათიანი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია
კომუნიკაციების სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაცია

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით