პრეს-რელიზი

სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა

02 დეკემბერი 2021

მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება კი 2 დეკემბერს ტრადიციული მაღალი დონის შეხვედრის ძირითად თემად იქცა.

სექსუალური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაფარული დანაშაულია. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად (2017), ქალების 9%-ს სექსუალური ძალადობა ბავშვობაში გამოუცდია, თუმცა შეტყობინებების მაჩვენებელი დაბალია. მაგალითად, 2020 წელს გამოძიება გაუპატიურების მხოლოდ 31 შემთხვევაზე დაიწყო, სასამართლო განხილვა კი 22 საქმეზე გაიმართა.

ამგვარი რეალობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს კანონმდებლობა დახვეწას, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა კი გაუმჯობესებას საჭიროებს. ამას გარდა, ქალების დუმილი განპირობებულია გაუპატიურების შესახებ არსებული მცდარი შეხედულებებითა და საზოგადოების დამოკიდებულებით, რომელიც ხშირად მომხდარში თავად მსხვერპლებს ადანაშაულებს.

არსებული გამოწვევების საფუძველზე, საქართველოში 2021 წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფოკუსში სექსუალური ძალადობის დაძლევა მოექცა. მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება კი 2 დეკემბერს ტრადიციული მაღალი დონის შეხვედრის ძირითად თემად იქცა.

შეხვედრას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ინიციატივით გაიმართა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა გახსნა. „ვუერთდებით ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებების კუთხით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, მათ შორის იმ ვალდებულებების, რომლებიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრას“, - განაცხადა მან.

თემის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმაც: „მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საკვანძო საკითხი უნდა იყოს. ეს ხელს შეუწყობს პრევენციასაც, რადგან იქნება მკაფიო გზავნილი, რომ სექსუალური ძალადობა მიუღებელია და მოძალადეებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ეს გლობალური ბრძოლაა და ჩვენ ამ ბრძოლაში ერთად ვართ. მოქმედების დროა! გქონდეთ შვედეთის მხარდაჭერის იმედი“, - დასძინა ულრიკ თიდესტრომმა.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას მკაფიო პოლიტიკური ნება და შესაბამისი რეგულირება ესაჭიროება. მათ სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის პრიორიტეტულ საკითხად წამოწევაზე, ეროვნული კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზეც იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა საკანონმდებლო ხელისუფლების სახელით ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ გაუპატიურების ამჟამად არსებული მუხლი სტამბოლის კონვენციასთან დაახლოებას საჭიროებს. „ეს და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ინიციატივა პარლამენტში აუცილებლად იქნება ინიცირებული. არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით, დონორების ძლიერი მხარდაჭერით, საქართველო არ წყვეტს პროგრესს ამ გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლაში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მაღალი დონის შეხვედრა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

Gvantsa Asatiani

გვანცა ასათიანი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია
კომუნიკაციების სპეციალისტი

ამ ინიციატივაში ჩართული გაეროს უწყებები

გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაცია

მიზნები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივით