გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების კვლევა საქართველოში

გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების კვლევა საქართველოში ჩატარდა 2024 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით, პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საზოგადოებრივი აზრი ქვეყნის მასშტაბით CRRC-საქართველომ გამოიკითხა.
კვლევის მიზანი იყო, შეესწავლა, რამდენადაა გავრცელებული საქართველოში ის დისკრიმინაციული დამოკიდებულებები და გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ქვეყანაში გენდერულ უთანასწორობას უწყობს ხელს. კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გენდერული თანასწორობის უწყების Unstereotype Alliance-ის გამოკითხვას გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების შესახებ, რომელიც 20 ქვეყანაში რეგულარულად ტარდება.
კვლევის კითხვარი შეეხებოდა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ დამოკიდებულებებსა და სოციალურ ნორმებს 10 სფეროში: განათლება, სამსახური და დასაქმება, ლიდერობა და მონაწილეობა, ქორწინება და ოჯახური ცხოვრება, უსაფრთხოება და ძალადობა, ჯანდაცვა, კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე, კონტროლი პირად ფინანსებზე, წვდომა ფიზიკურ ქონებაზე და მომავლის იდეალები.
კვლევის დეტალური მონაცემების ნახვა და გაანალიზება შესაძლებელია კავკასიის ბარომეტრის ვებგვერდზე.