ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა გლობალური უბედურებაა და, სამწუხაროდ, მსოფლიოში ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დარღვევად რჩება. მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი მთელი ცხოვრება იტანჯება სახლში ან სამსახურში მის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო.
გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისათვის დახარჯული უზარმაზარი რესურსისა და დროის მიუხედავად, დისკრიმინაციული ხასიათის მქონე დამკვიდრებული სოციალური ნორმებისა და ტრადიციების გამო, ქალები და გოგონები კვლავაც განიცდიან ძალადობას სხვადასხვა ფორმით: ოჯახური ძალადობიდან სექსუალურ შევიწროებამდე, ადამიანებით ვაჭრობიდან ადრეულ ქორწინებამდე და ქალების მკვლელობამდე. ამასთანავე, ძალადობის მსხვერპლნი ხშირად აწყდებიან სოციალურ სტიგმატიზაციას, როდესაც მათვე აკისრებენ პასუხიდმგებლობას და ადანაშაულებენ იმ ძალადობაში, რომელიც მათ მიმართ განხორციელდა.
საქართველოსთან დაკავშირებით ზოგიერთ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ცხადი ხდება, რომ აუცილებელია ძალების გაერთიანება ამ ფენომენის სასწრაფოდ აღმოსაფხვრელად. საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ 2018 წლის ეროვნულმა კვლევამ, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივად ჩატარდა სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატისა“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, გამოავლინა, რომ ქალები და მამაკაცები გამოირჩევიან მაღალი ხარისხის ტოლერანტობითა და შემგუებლობით ურთიერთობის დროს ქალებზე ფიზიკური ძალადობის მიმართ და იზიარებენ უსამართლო შეხედულებებს სქესსა და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით. გამოკითხულთაგან, ქალების თითქმის მეოთხედს (22%) და მამაკაცების მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გამართლებულია გარკვეულ გარემოებებში. გარდა ამისა, ქალების დაახლოებით მეოთხედი (23%) და გამოკითხული მამაკაცების 42% თვლის, რომ ცოლი ვალდებულია დაემორჩილოს ქმარს მაშინაც კი, თუ მას არ ეთანხმება. უფრო მეტიც, შვიდიდან სულ მცირე ერთ ქალს გამოცდილი აქვს ოჯახში ძალადობა და ხუთიდან ერთი ამბობს, რომ ცხოვრებაში სექსუალური შევიწროება განუცდია. საქართველოს ასევე ბავშვთა ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპის ქვეყნებს შორის.
ოფიციალური ციფრები სურათის მხოლოდ მცირე ნაწილს ასახავს, რადგან ბევრი ქალი ღიად არ საუბრობს ან სასაუბროდ არ გამოდის. კერძო და საჯარო სფეროებში ქალთა როლის მიმართ საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმული აღქმებისა და კლიშეების ტენდენციები შენარჩუნებულია და შესაბამისად, გენდერული ძალადობა კვლავაც დუმილის კულტურითაა შეფუთული. ბევრი ფიქრობს, რომ ქალები ჩუმად უნდა იყვნენ, რაც არ უნდა მოხდეს, დაიცვან ოჯახის სახელი და ღირსება.
ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა მის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლას ნიშნავს. ქალთა მიმართ ძალადობა ნაწილობრივ ქალსა და მამაკაცს შორის უთანასწორობის, ანუ ძალაუფლების, რესურსებისა და შესაძლებლობების არათანაბარი განაწილების ზეგავლენა და შედეგია.
ქალების ეკონომიკური უსაფრთხოება გენდერული ძალადობის პრობლემის ძირითად ასპექტად განიხილება. მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი დასკვნები მიუთითებს შესაძლო კავშირებზე კონფლიქტს, ეკონომიკურ წნეხსა და გენდერული ძალადობის რისკს შორის, და ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე იმ ქალებში, რომლებსაც გენდერული ძალადობის შემთხვევაში წვდომა აქვთ დახმარებასა და მომსახურებაზე. აღნიშნული პრობლემის გადაჭრას შეიძლება ხელი შეუწყოს უფრო ყოვლისმომცველმა საპასუხო ღონისძიებებმა, მათ შორის ყურადღების გამახვილებამ დასაქმების შესაძლებლობებსა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე.
პრობლემის მოგვარებას შესაძლოა ასევე დაეხმაროს კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს კანონების შემოღებასა და მკაცრ აღსრულებას ქალებისა და გოგონების ძალადობისგან დასაცავად. ძალადობის ყველა მსხვერპლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომსახურება, მათ შორის სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, საცხოვრისი და იურიდიული კონსულტაცია. და, რაც მთავარია, კომპლექსური და ყოვლისმომცველი საპასუხო ღონისძიებები უნდა განხორციელდეს შესაბამის სფეროებში, როგორიცაა განათლება, ეკონომიკური განვითარება, მმართველობა და ინსტიტუციონალური მოწყობა იმისათვის, რომ პირველ რიგში თავიდან იყოს აცილებული ძალადობის წარმოშობა.
მთავარია ძალადობის პრევენცია და ეს ადრეულ ასაკშივე უნდა დაიწყოს. ჩვენ შეგვიძლია ხელი შეუწყოდ ახალგაზრდებში ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობის კულტურის დანერგვას მათი ცნობიერების ფორმირებით.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივობის 16 დღე არის ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც იწყება 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს და გრძელდება 10 დეკემბრამდე, ადამიანის უფლებათა დღეს. აქ, საქართველოში, ყველას გვაქვს შანსი მონაწილეობა მივიღოთ განხილვებში თემაზე: #ყველა ქალს აქვს ისტორია, დავარღვიოთ სიჩუმე და შევაჩეროთ სტიგმა.
მოდით აქტივობის 16 დღე გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დაუპირისპირდეთ იმ დამოკიდებულებებს, რომლებიც ქალს, მსხვერპლს ადანაშაულებენ.
მოდით სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც ძალადობა განიცადა და დავეხმაროთ ქალებს, რომ ხმა ამოიღონ და პრობლემაზე საჯაროდ ისაუბრონ. და ერთად ვიმუშაოთ ქალების მიმართ ძალადობის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებისთვის. ეს აუცილებელი წინაპირობაა განვითარებისათვის და ამ პროცესში უკლუბლივ ყველას ჩართულობასთან დაკავშირებით ამბიციური მიზნის მისაღწევად.