გაეროს ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა ისტორიის თვე აღინიშნა
19 მარტი 2021
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ერთობლივი ძალისხმევით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატთან თანამშრომლობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა ისტორიის თვე აღინიშნა. ღონისძიებებს დაესწრნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, საბინე მახლი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე.
შეხვედრა გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ მალხაზ თორიასთან. შეხვედრაზე განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერულ თანასწორობის ხელშეწყობისა და ახალგაზრდების გაძლიერების მიმართულებით.
ამავე დღეს, რუხის საჯარო სკოლაში, ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გამოფენა „გოგონები მომავლიდან“ გაიხსნა. ფოტოპროექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით. პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგოების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ. ფოტოპროექტი მომზადებულია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივით და ნაწილია იმ მასშტაბური საადვოკაციო სამუშაოსი, რომელსაც UNFPA ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრისა და მოზარდებისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით ეწევა.
ღონისძიების ფარგლებში, ამავე სკოლის ბიბლიოთეკაში, გამომცემლობებთან „ინტელექტი“ და „არტანუჯი“ პარტნიორობით, „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა. „თანასწორობის კუთხე“ საშუალებას მისცემს რუხში მცხოვრებ მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის შესახებ. „თანასწორობის კუთხე“ მწერალმა და კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ აქტიურმა მხარდამჭერმა, ზვიად კვარაცხელიამ გახსნა. მან მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა და გენდერული თანასწორობის იდეისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
რუხის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებებს ასევე ესწრებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია.
„სამეგრელოს რეგიონი კვლავაც რჩება პრიორიტეტად გაეროს სააგენტოებისთვის, მათ შორის, გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. ჩვენ გვჯერა, რომ ისეთი ინიციატივები, როგორიც გახლავთ დღევანდელი, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჯანსაღ და მდგრად განვითარებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ უსაფრთხო სივრცეები, სადაც მიიღებენ არაფორმალურ განათლებას, დროს შინაარსიანად გაატარებენ და ერთმანეთს იდეებს გაუზიარებენ.“ - განაცხადა საბინე მახლმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში.
„მოხარული ვართ, რომ მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა, ქალთა ისტორიის თვეს დღეს რუხის საჯარო სკოლაში აღვნიშნეთ. გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის პრიორიტეტი იყო და არის მოზარდების და ახალგაზრდების გაძლიერება, მათი აღჭურვა საკუთარი უფლებების შესახებ ცოდნით, რადგან მიგვაჩნია, რომ მდგრადი განვითარებისკენ მიმავალ გზაზე გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ახალგაზრდებს ეკუთვნით. აუცილებელია, მოზარდებთან და ახალგაზრდებთან ხშირად ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ასევე საზოგადოების წინსვლისთვის.“ - აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.
„მოხარული ვარ, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში თავისუფლების, თანასწორობის და ტოლერანტობის იდეით განმსჭვალული სივრცე გავხსენით. ,,თანასწორობის კუთხე“ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით აიმაღლონ ცნობიერება უნივერსალური ღირებულებების შესახებ. ეს პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებისა და ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში არსებობდეს რაც შეიძლება მეტი სივრცე, სადაც მოზარდები შეძლებენ დამატებით არაფორმალური განათლების მიღებას, მსჯელობას და ერთმანეთისთვის იდეების გაზიარებას.“ - მალხაზ თორია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 2021 წელს კიდევ რამდენიმე „თანასწორობის კუთხის“ გახსნას გეგმავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.